№ას-1257-1200-2013 6 თებერვალი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ დირექტორი ბ. კ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - დ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ ბ. კ-ის, შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“, დ. ნ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 984012,31 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის გდაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი მოპასუხეების - ბ. კ-ის, შპს „წ.ი გ-“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 390 817,25 აშშ დოლარის გადახდა, ბ. კ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1465,41 აშშ დოლარისა და 7,41 აშშ დოლარის გადახდა, სარეალიზაციოდ მიექცა დ. ნ-ის კუთვნილი თბილისში, ი. ა-ის N71-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი იქნა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ სახელწიფო ბაჟის, 7000 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
იმავე სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ დირექტორმა ბ. კ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ხარვეზის განჩინება ჩაბარდა მხოლოდ ბ. კ-ის ადვოკატს, ხოლო შპს „წ. გ-სა“ და შპს „ს. მ. ფ-ას“ განჩინება არ ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ბ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
კერძო საჩივარი ემყარება იმ გარემოებას, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა მხოლოდ ბ. კ-ის ადვოკატს, ხოლო შპს „წ. გ-სა“ და შპს „ს. მ. ფ-ას“ განჩინება არ ჩაბარდა
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მტკიცებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება გაეგზავნა ყველა აპენატს, ასევე ბ. კ-ის წარმომადგენელს მათ მიერ მითითებულ მისამართზე. ბ. კ-ეს, შპს „წ. გ-სა“ და შპს „ს. მ. ფ-ას“ განჩინება მათ მიერ მითითებულ მისამართზე არ ჩაბარდა. გზავნის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია „არასწორი ან არასწორი მისამართის გამო“, განჩინება ჩაბარდა მხოლოდ ბ. კ-ის ადვოკატ ნ. მ-ეს (ს.ფ. 296-303).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბ. კ-ე არის შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, მართალია, იგი თავადაც იყო საქმეში მოპასუხედ ჩაბმული, მაგრამ, იმავდროულად, წარმოადგენდა დანარჩენ მოპასუხეებს, სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. მოცემულ შემთხვევაში, განჩინება ჩაბარდა საპროცესო თანამონაწილეების წარმომადგენელ ბ. კ-ის ადვოკატს, რაც ნიშნავს, რომ ხარვეზის განჩინება ყველა აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება და კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ნ. მ-ეს 2013 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 10 ოქტომბერს და ამოიწურა (დასვენების დღის გათვალისწინებით) 2013 წლის 21 ოქტომბერს. აპელანტებს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებიათ, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ დირექტორ ბ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ დირექტორ ბ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე