Facebook Twitter

№ას-1268-1210-2013 13 თებერვალი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ვ. ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 6 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ლ-მა მოპასუხეების: ნ. ხ-ას (მ-ას) და ვ. ხ-ას მიმართ უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების, ქმედების დავალდებულების თაობაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლი 12 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 ივნისის №0302100120877 გადაწყვეტილების აღსრულება.

2013 წლის 23 აგვისტოს ნ. მ-ამ (ხ-ამ) საჩივარი წარადგინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. მ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა, რომ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 1400 ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა წარედგინა სააპელაციო სასამართლოსთვის. აპელანტს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

იმავე სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. მ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ასევე, ვინაიდან ხარვეზის განჩინება არ ჩაბარდა პირადად აპელანტს, სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, თავისი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ვინაიდან ხარვეზის განჩინება არ ჩაბარდა პირადად აპელანტს, სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, თავისი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტს 2013 წლის 25 ოქტომბერს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და იმავე წლის 26 ოქტომბერს ჩაბარდა აპელანტის მამას - მ. მ-ას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, განჩინება, ამ შემთხვევაში მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება და დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სასამართლოს ვადა უნდა გაეგრძელებინა.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით და არა საკუთარი ინიციატივით.

როგორც სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, ხარვეზის გამოსწორების შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი 2013 წლის 27 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 2 ნოემბერს, რომელიც იყო დასვენების დღე - შაბათი. ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 4 ნოემბერს, ხარვეზი კი, ამ ვადაში არ შევსებულა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ნ. მ-ას საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. მ-ას სააპელაციო საჩივარს მისი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ ერთვოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბაჟის გადახდა მართებულად დააკისრა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე