საქმე №ას-1270-1212-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ი. და ხ. ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ნ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. და ი. ნ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო. ნ-ის მიმართ ნოტარიუს ე. შ-ას მიერ მოპასუხის სახელზე 2012 წლის 5 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1/2 ნაწილში გაუქმების, მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ზ. ნ-ის სამკვიდროს 1/2 ნაწილის მესაკუთრეებად მოსარჩელეების ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოს დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ხ. და ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე, რომელითაც სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს 5-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით დაევალათ სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა სადავო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად და ამ ღირებულების 4%-ის, არა ნაკლებ 150 და არა უმეტეს 5000 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდა, ასევე დაზუსტება იმისა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული არ იყო ფაქტობრივი უსწორობები, აღნიშნული ნიშნავდა თუ არა, რომ აპელანტი ეთანხმებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასკვნებს. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით ასევე განემარტათ მხარეებს საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგების თაობაზე.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარდათ აპელანტებს 2013 წლის 26 სექტემბერს.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 27 სექტემბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 10 ოქტომბერს. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 59-ე, 63-ე მუხლზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 374-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან დადგენილ ვადაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ ად არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ხ. და ი. ნ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მძიმე ქონებრივი მდგომაროების გამო, პირი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, რის თაობაზეც აპელანტებმა ყურადღება გაამახვილეს, თუმცა სასამართლომ ამ გარემოების მხედველობაში მიუღებლად განუხილველად დატოვა მათი სააპელაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ხ. და ი. ნ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. და ხ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაეკისრათ კონკრეტული საპროცესო მოქმედებების განხორციელება, ამასთანავე, ერთმნიშვნელოვნად განემარტათ, როგორც საპროცესო მოქმედების განხორცილების წესი, ისე ამ მოქმედებათა შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილებისა და საფოსტო შეტყობინებების შესწავლით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით პირადად ჩაბარდათ ადრესატებს 2013 წლის 26 სექტემბერს.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის სწორი განმარტების გზით სავსებით მართებულად მიიჩნია საპროცესო ვადის დენის დასაწყისად მოვლენის დადგომის მომდევნო დღე - 2013 წლის 27 სექტემბერი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 5-დღიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 1 ოქტომბერს, რომელიც არც უქმე და არც დასვენების დღეს არ ემთხვეოდა.
დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ განსაზღვრულ ვადაში არათუ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, არამედ რაიმე შუამდგომლობითაც აპელანტებს სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლების თანახმად, ხ. და ი. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში, ნაცვლად 5-დღიანი საპროცესო ვადისა, მითითებულია 14-დღიანი ვადა, თუმცა, ვინაიდან, ამ გადაცდომის გამო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება არ მიღებულა და არც მხარეთა საპროცესო უფლებები შეზღუდულა, იგი განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, არამედ ეს დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის კონტექსტში სასამართლოს მიერ დაშვებულ უსწორობად შეფასდეს, რომლის გასწორებაზეც უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს განჩინების მიმღები თბილისის სააპელაციო სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას იმ მოტივით, რომ საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, რის თაობაზეც მათ სათანადოდ გაამახვილეს ყურადღება, თუმცა სააპელაციო პალატამ ამ გარემოების მხედველობაში მიუღებლად განუხილველად დატოვა მათი სააპელაციო საჩივარი.
ამ კუთხით საკასაციო სასამართლომ შეისწავლა, როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე, საქმის სხვა მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტებს ამ კუთხით არც შუამდგომლობა დაუყენებიათ, არც ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ და არც მოგვიანებით მიუმართავთ სასამართლოსათვის, ერთადერთი, რაც სააპელაციო საჩივრიდან ირკვევა, შუამდგომლობისათვის განკუთვნილ გრაფაში - „ხომ არ გათავისუფლებთ კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან?“ მონიშნულია პასუხი როგორც „დიახ“, ისე „არა“, სხვა რაიმე დასაბუთება შუამდგომლობაში მითითებული არ არის.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთა ზემოაღნიშნული არგუმენტის შეფასებით საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ის უმართებულოა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა მოთხოვნის (შუამდგომლობის) ინიციატორი მხარის ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთოს მისი პოზიცია, ნორმის ამ დანაწესის დარღვევა მხარისათვის ნეგატიური, არახელსაყრელი შედეგის დადგომის განმაპირობებელია.
ამდენად, მხარეებმა არ დაიცვეს რა შუამდგომლობის დასაბუთებისათვის დადგენილი საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, პალატა მათ არგუმენტს სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის შეუფასებლობაზე ვერ გაიზიარებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ. და ი. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ. და ი. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე