Facebook Twitter

№ას-1271-1213-2013 5 თებერვალი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. და ლ. კ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მ. და ლ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა მოპასუხეებისათვის 10300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და იპოთეკით დატვრითული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ. და ლ. კ-ს მ. ჯ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 3 370 აშშ დოლარის გადახდა (ტ.1, ს.ფ.68-75).

აღნიშნული გადაწყვეტილება 2013 წლის 8 აგვისტოს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. და ლ. კ-ის წარმომადგენელმა გ. ფ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს ხარვეზი დაუდგინდათ და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის,134,80 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

იმავე სასმაართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა, ხოლო 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მ. და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. და ლ. კ-ის წარმომადგენელს, გ. ფ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2013 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა, ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი 2013 წლის 24 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 2 ნოემბერს, რომელიც იყო დასვენების დღე - შაბათი. ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 4 ნოემბერს, ხარვეზი კი, ამ ვადაში არ შევსებულა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. და ლ. კ-ის წარმომადგენელმა გ. ფ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ მ. და ლ. კ-ის წარმომადგენელს, გ. ფ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2013 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა, ამასთან, სასამართლო არ მიუთითებს კონკრეტულ მტკიცებულებას, რომელზე დაყრდნობითაც ეს გარემოება დაადგინა. გ. ფ-ეს განჩინება არ ჩაუბარებია და შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება ხარვეზის შევსების ვადის გაშვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. და ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მხარეს არ ჩაბარებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინება აპელანტების წარმომადგენელ გ. ფ-ეს 2013 წლის 18 ოქტომბერს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და იმავე წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა ამ უკანასკნელის სრულწლოვან ოჯახის წევრს - სიმამრ ნ. შ-ს (ტ. მ-2, ს.ფ. 21, 27). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე, განჩინება, ამ შემთხვევაში მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება და დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ გ. ფ-ეს განჩინება არ ჩაბარდა.

როგორც სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი 2013 წლის 24 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 2 ნოემბერს, რომელიც იყო დასვენების დღე - შაბათი. ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 4 ნოემბერს, ხარვეზი კი, ამ ვადაში არ შევსებულა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მ. და ლ. კ-ის საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. და ლ. კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე