Facebook Twitter

საქმე №ას-1280-1222-2013 19 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. კ-ის მიმართ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციისა და მიღებული თანხის განაწილების გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი ვ. კ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება ქ.თბილისში, თ-ის დასახლების მე-10 კვარტლის 36-ე კორპუსში მდებარე №28 ბინაზე უძრავი ქონების აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა თანაბარწილად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2013 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე.

სხდომის თარიღი მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტი ვ. კ-ე სხდომის თარიღის თაობაზე პირადად იქნა გაფრთხილებული 12 ნოემბერს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.

დანიშნულ დროს, 2013 წლის 22 ნოემბერს, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და არც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წარუდგენია რაიმე ცნობა.

მოწინააღმდეგე მხარემ, ა. კ-მა და მისმა წარმომადგენელმა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ აპელანტისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული 2013 წლის 22 ნოემბერს, 13:00 საათზე, დანიშნული სხდომის შესახებ, მასვე განემარტა გამოუცხადებლობის შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ აცნობა სასამართლოს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

დანიშნულ დროს ვ.კ-ე იმყოფებოდა ავად და ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოში, რის გამოც მან აიყვანა წარმომადგენელი ლ.ჭ-ე, თავის მხრივ, ვერც ლ.ჭ-ე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე ობიექტური მიზეზით, კერძოდ, მეუღლის გართულებული ფეხმძიმობის გამო.

გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონდარღვევით, რის თაობაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ მიიღო მოსარჩელისაგან ექსპერტიზის დასკვნა, მიუხედავად მხარის გამოუცხადებლობისა, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა ამ კანონდარღვევაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ 2013 წლის 22 ნოემბრის სხდომის თაობაზე უშუალოდ აპელანტ ვ. კ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ტექნიკური საშუალების გამოყენებით ეცნობა 2013 წლის 12 ნოემბერს, აპელანტს სასამართლოს მოხელემ გააცნო სასამართლო უწყების შინაარსი;

უდავოა, რომ 2013 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ი, ხოლო აპელანტი ვ. კ-ე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულან და არც რაიმე ფორმით უცნობებიათ საქმის განხილვამდე გამოუცხადებლობის თაობაზე;

სასამართლო სხდომაზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დატოვა განუხილველად ვ.კ-ის სააპელაციო საჩივარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, უფლებამოსილი იყო, განუხილველად დაეტოვებინა ვ.კ-ის სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ვ. კ-ე იმყოფებოდა ავად და ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, ასევე მისი წარმომადგენელი ობიექტური მიზეზის - მეუღლის გართულებული ფეხმძიმობის გამო, ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა იმ დარღვევების თაობაზე, რომლებიც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში მიუხედავად აპელანტის გამოუცხადებლობისა.

პალატა მიიჩნევს, რომ მხარის ეს არგუმენტები, ერთი მხრივ, უსაფუძვლოა, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ფორმალურად საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იგი სათანადო მტკიცებულებით არ არის დადასტურებული. სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

რაც შეეხება საქმის განხილვის საკითხს, მიუხედავად აპელანტის გამოუცხადებლობისა, სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო წარმოების ფარგლებში ამგვარ დანაწესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე დამყარებული საპროცესო კოდექსი ზეპირი მოსმენით დანიშნული საქმის განხილვის უფლებას სასამართლოს ანიჭებს მხოლოდ მხარეთა დასწრებისას, მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა განიხილება ერთგვარ სამოქალაქო სამართლებრივ სანქციად, რომელიც მიმართულია გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ. ამდენად, კერძო საჩივრის ეს არგუმენტიც უსაფუძვლოა და არ არსებობოს მისი გაზიარების წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი და სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ვ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე