№ას-1282-1224-2013 24 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ზ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ნ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ნ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ზ-ის“ მიმართ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ზ-ს“ ვ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 82 500 აშშ დოლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს „ზ-ის“ დირექტორის ა. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
ზემოაღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ზ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შპს „ზ-ის“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ზ-მა“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება შპს „ზ-ის“ დირექტორ ა. გ-ს (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პიერბის რეესტრიდან ტ. I, ს.ფ. 185-186) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 14 იანვარს (იხ.ტ.I, ს.ფ. 193).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 15 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 17 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ზ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ზ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი