Facebook Twitter

№ას-146-137-2014 14 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - კ. ჭ-ი, მ. ჭ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „პ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ-მა“ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კ. და მ. ჭ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის დაუსწრებლი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მხრიდან შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით კ. და მ. ჭ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის დაუსწრებლი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „პ-ის“ სარჩელი. მოპასუხეებს მ. ჭ-ს (პ/ნ ...) და კ. ჭ-ს (პ/ნ ...) სს „პ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9423.14 (ცხრაათას ოთხასოცდასამი დოლარი და 14 ცენტი) აშშ დოლარის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მთლიანი გადასახდელი თანხის 1% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაზეც საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე კ. და მ. ჭ-ის წარმომადგენლის ა. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით კ. ჭ-ის და მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს კ. და მ. ჭ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. და მ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გასაჩივრებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა კ. და მ. ჭ-ის წარმომადგენელ ა. თ-ს (იხ. ორდერი ტ.I, ს.ფ.73; რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.97) 2014 წლის 17 იანვარს (იხ.ტ.I, ს.ფ. 135).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2014 წლის 18 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2014 წლის 18 იანვარს და დამთავრდა 2014 წლის 29 იანვარს. კერძო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 30 იანვარს (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ კერძო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ. I, ს.ფ.136), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კ. ჭ-სა და მ. ჭ-ის კერძო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ჭ-სა და მ. ჭ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი