Facebook Twitter

№ას-16-16-2014 13 თებერვალი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ა-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ა. უ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. უ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. ა-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 30000 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ა. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. ა-ს მის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. ა-ის წარმომადგენელმა თ. ლ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გ. ა-ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 1 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2013 წლის 30 სექტემბერს გ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ არის ავად, ინვალიდია და ამჟამადაც მკურნალობს, რის გამოც არ შეუძლია სასამართლოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაგრძელდა.

2013 წლის 31 ოქტომბერს გ. ა-ის წარმომადგენელმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ ინვალიდობის მოწმობისთვის გ. ა-ს შეტანილი ჰქონდა განაცხადი, რომლის განხილვისთვის საჭირო იყო დრო, მისი ოპერაციისათვის საჭირო თანხა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ, რაც მიუთითებდა, რომ აპელანტს არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა; აღნიშნულზე დაყრდნობით, გ. ა-მა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაგრძელდა.

2013 წლის 6 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა თ. ლ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მის მარწმუნებელს ინვალიდობის მოწმობის მისაღებად შეტანილი აქვს განაცხადი, რომლიც განხილვასაც სჭირდება გარკვეული დრო და პროცედურები. აპელანტს ავადმყოფობის გამო უჭირს გადაადგილება და არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მან კიდევ ერთხელ იშუამდგომლა აპელანტის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი პერიოდულად მიმართავდა სასამართლოს განცხადებით და მიუთითებს, რომ ინვალიდობის მოწმობისთვის გ. ა-ს შეტანილი აქვს განაცხადი, რომლის განხილვისთვის საჭიროა დრო, მისი ოპერაციისათვის საჭირო თანხა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ, რაც მიუთითებს, რომ აპელანტს არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სასამართლომ არაერთხელ განუმარტა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის შეფასება. მხარემ უნდა დაასაბუთოს და ამასთანავე, უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა, არ არის წარმოდგენილი. ასევე არ წარუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რომ ინვალიდობის დასადგენად მიმართა შესაბამის დაწესებულებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ა-ის წარმომადგენელმა თ. ლ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ინვალიდობის მოწმობისთვის გ. ა-ს შეტანილი ჰქონდა განაცხადი, რომლის განხილვისთვის საჭირო იყო დრო, მისი ოპერაციისათვის საჭირო თანხა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ, რაც მიუთითებდა, რომ აპელანტს არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აპელანტი გადიოდა მკურნალობას როგორც ინვალიდი, რაც მათ მიერ წარდგენილი ე.წ. „ფორმა 100-ით“ დასტურდებოდა, სააპელაციო სასამართლომ კი, ეს გარემოებები არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განჩინებით გ. ა-ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 1 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. 2013 წლის 30 სექტემბერს გ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მიუთითა, რომ არის ავად, ინვალიდია და ამჟამადაც მკურნალობს, რის გამოც არ შეუძლია სასამართლოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაგრძელდა. 2013 წლის 31 ოქტომბერს გ. ა-ის წარმომადგენელმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ ინვალიდობის მოწმობისთვის გ. ა-ს შეტანილი ჰქონდა განაცხადი, რომლის განხილვისთვის საჭირო იყო დრო, მისი ოპერაციისათვის საჭირო თანხა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ, რაც მიუთითებდა, რომ აპელანტს არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა; აღნიშნულზე დაყრდნობით, გ. ა-მა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაგრძელდა. 2013 წლის 6 დეკემბერს აპელანტის წარმომადგენელმა თ. ლ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მის მარწმუნებელს ინვალიდობის მოწმობის მისაღებად შეტანილი აქვს განაცხადი, რომლიც განხილვასაც სჭირდება გარკვეული დრო და პროცედურები. აპელანტს ავადმყოფობის გამო უჭირს გადაადგილება და არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მან კიდევ ერთხელ იშუამდგომლა აპელანტის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივარი ემყარება იმავე გარემოებებს, რასაც ზემოაღნიშნული განცხადებები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

აღნიშნული ნორმის ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს და საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა, მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელებისათვის სასამართლოს ვარაუდი უნდა გააჩნდეს, რომ ამგვარი მოთხოვნა პროცესის გაჭიანურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მხარე აპირებს ხარვეზის შევსებას, მაგრამ, პატივსადები მიზეზების გამო, მიცემული დრო მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დასაბუთებული უნდა იყოს და მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს. სასამართლომ ვადის გაგრძელების საკითხი ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განიხილოს, ასევე იმ ვარაუდით, რომ ვადის გაგრძელების მიუხედავად, ამ კატეგორიის საქმის განხილვისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩაეტევა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, საპროცესო კოდექსითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონით პირდაპირაა დადგენილი, რა შემთხვევაში თავისუფლდება მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამგვარი ერთ-ერთი საფუძველია მხარის ინვალიდობა, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ს ამგვარი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, არამედ მხოლოდ სიტყვიერად განმარტა, რომ ინვალიდობის სტატუსის მოსაპოვებლად შეტანილი ჰქონდა განცხადება. მხარეს არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას. მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ა-ის, ისევე როგორც ნებისმიერი მხარისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ცნობილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე. ამასთან, ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ 10-დღიანი ვადა მიეცა, რომელიც ორჯერ გაგრძელდა 10 და 5 დღით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიცემული ვადა არათუ საკმარისია, არამედ აღემატება კიდეც მსგავსი ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად საჭირო გონივრულ ვადას. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, გ. ა-ს ხარვეზის ნაწილობრივ შევსებაც კი არ უცდია, არამედ იდენტური შინაარსის განცხადებებით მიმართავდა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას მოითხოვდა ისე, რომ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ან განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტი საქმის განხილვის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე