საქმე №ას-17-17-2014 19 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – პ. შ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ე. ნ-ი, შპს „ძ. თ 3“, მ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის გაგრძელება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ს ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ნ-ის, პ. შ-ას, შპს „ძ. თ 3-ისა“ და მ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ე. ნ-სა და მ. კ-ის 2012 წლის 19 აპრილის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების - 160064.68 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე ე. ნ-ის „ამერიკან ექსპრესს გოლდ“ ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 11 134.35 ლარის, „ორენჯ“ ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1713.88 აშშ დოლარის დაკისრება. 2012 წლის 19 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით პ. შ-ას კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული, მცხეთაში, სოფელი წ-ში მდებარე უძრავი ქონებისა და შპს „ძ. თ 3-ის“ კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ა. ლ-ის ქუჩა №7-ის N6 კორპუსში მდებარე №2 ბინის სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ე. ნ-სა და მ. კ-ის სხვა ქონების აღსასრულებლად მიქცევა.
პ. შ-ამ და ე. ნ-მა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს, ხოლო მ. კ-ს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია და არც საქმის განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ნ-სა და მ. კ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 19 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 160 064.68 აშშ დოლარის გადახდა, ე. ნ-ს ასევე დაეკისრა 1 713.88 აშშ დოლარისა და 11 134.35 ლარის გადახდა, 2012 წლის 19 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 160 064.68 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული პ. შ-სა და შპს „ძ. თ 3-ის“ უძრავი ქონება, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება, აღნიშნული დავალიანების დასაფარად აღსასრულებლად მიექცა ე. ნ-სა და მ. კ-ის სხვა ქონებაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. შ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით პ. შ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც პ.შ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს 10 დღის ვადა და დაევალა: ა) მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი; ბ) მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდენ ამ გარემოებებს; გ) განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით 2013 წლის 19 აგვისტოს პ. შ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, შემდეგი: საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად ის გარემოება, რომ ე. ნ-ის სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებით პ. შ-ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება. გარდა ამისა, აპელანტი მიიჩნევდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უსწორო იყო სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან სასამართლომ სრული მოცულობით დააკმაყოფილა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. აპელანტის შეფასებით, სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული უძრავი ქონების (ქ.თბილისში, ა. ლ-ის ქუჩა N7, კორპ N6, ბინა N2) სარეალიზაციოდ მიქცევასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება პ. შ-ას მოპოვებული არ ჰქონდა, ამავე განცხადებით აპელანტმა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელება, მისივე განმარტებით, ამ ვადაში მხარე შეძლებდა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსწორებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პ. შ-ას შუამდგომლობა და აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსწორების ვადა;
2013 წლის 7 ოქტომბერს, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, პ. შ-ამ კვლავ მიმართა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით სასამართლოს და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის საშუალება, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე არ გააჩნდა. იგი ცდილობდა, შეეგროვებინა თანხა, შესაბამისად, მან კვლავ იშუამდგომლა საპროცესო ვადის 10 დღით გაგარძელების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და მას 7 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა.
2013 წლის 31 ოქტომბერს პ. შ-ამ კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი ჰქონდა 2 000 ლარი, რისი გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა და იშუამდგომლა დამატებით 10 დღით ვადის გაგრძელება.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა საჩივარში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა განჩინებით დადგენილ ვადაში, იქვე განემარტა, რომ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
2013 წლის 21 აგვისტოს განცხადებით, ხოლო 2013 წლის 7 ოქტომბერს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა პ.შ-ამ სასამართლოს და ორივე შემთხვევაში მას ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია, ამასთან, მოითხოვა ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება.
სააპელაციო სასმართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით აპელანტს 10 დღით, ხოლო 17 ოქტომბრის განჩინებით დამატებით 7 დღით გაუგრძელდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის ვადა.
პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ აპელანტის მიერ საქმის სააპელაციო საჩივრის სასამართლოში განსახილველად გადაგზავნიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე გასული ხანგრძლივი ვადის მიუხედავად, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში არც ერთხელ, თუნდაც ნაწილობრივ, არ გამოუსწორებია ხარვეზი, ის პერიოდულად მიმართავდა სასამართლოს განცხადებით და მიუთითებდა, რომ თანხა სოლიდურია და მის შესაგროვებლად საჭიროა გარკვეული ვადა.
სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა კანონითაა გათვალისწინებული, ასევე კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან/და მისი ოდენობის შემცირების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მხარე, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დაადასტურებდა, რომ მძიმე ქონებრივი მდგომარეობა არ აძლევდა შესაძლებლობას, წინასწარ ან სრული ოდენობით გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. აპელანტს არც ერთი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე არ დაუყენებია, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა ყოფილიყო დადასტურებული. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი შუამდგომლობებით ცდილობდა, ხელოვნურად გაეჭიანურებინა სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა, ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად, მას არ გამოუსწორებია ხარვეზი და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლო შეძლებდა, ემსჯელა აპელანტის ქონებრივ მდგომარეობაზე. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პ. შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება, საპროცესო ვადის უზენაესი სასამართლოს მიერ გაგრძელება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგანაც სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო 2013 წლის 31 ოქტომბრის განცხადების მოთხოვნა, რომლითაც აპელანტი ამცირებდა მოთხოვნის ოდენობას და სახელმწიფო ბაჟს 2000 ლარით განსაზღვრავდა, შესაბამისად, ითხოვდა საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელებას ამ თანხის გადახდის მიზნით. სასამართლომ მოთხოვნის შემცირებაზე არ იმსჯელა და უარი უთხრა მხარეს საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, რის გამოც განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. გაურკვეველია სასამართლომ რა ოდენობით ბაჟის შეტანისათვის არ გაუგრძელა მხარეს საპროცესო ვადა. აპელანტის მიერ წარდგენილი განცხადების გამოკვლევისა და დასაბუთებულად მიჩნევის შემთხვევაში, თუ სასამართლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობას მხარეს 2000 ლარით განუსაზღვრავდა, ის მოკლე ვადაში უზრუნველყოფდა ამ თანხის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში და სააპელაციო საჩივარი აღარ დარჩებოდა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით პ. შ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. შ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი არ ხდის სადავოდ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წინამდებარე დავის განხილვისას მოსარჩელის მოთხოვნას პ.შ-ასადმი წარმოადგენდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის გამო მისი კუთვნილი იპოთეკის საგნის რეალიზაცია;
საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის ნაწილშიც;
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. შ-ამ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით პ. შ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით აპელანტს დაევალა: ა) მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; გ) განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა მის მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ხარვეზის გამოსწორების მიზნით, აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სააპელაციო საჩივრის შინაარსობრივი ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, მიუთითა დარღვევებზე, რომლის გამოც მოითხოვდა გადაწვეტილების გაუქმებას, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ითხოვა საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება, რაც სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, აპელანტს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით და დაევალა ა) იმის მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემომტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; გ) სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და სამოქალაქო საქმეთა პალატაში ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარდგენა;
ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტმა სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, განსაზღვრა, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო 5000 ლარი და ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება ითხოვა 10 დღით;
სააპელაციო პალატამ მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით და საპროცესო ვადა 7 დღით გაგრძელდა;
2013 წლის 31 ოქტომბერს პ.შ-ამ მიმართა სასამართლო განცხადებით და განმარტა, რომ ქონების ღირებულება, რომელიც ეკუთვნის მას და მიქცეულია სარეალიზაციოდ, არ აღემატება 50000 ლარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 2000 ლარით უნდა განისაზღვროს, ამასთანავე, აპელანტმა, ქონებრივი მდგომარეობის გამო, ითხოვა საპროცესო ვადის კვლავ 10 დღით გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მიუხედავად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არაერთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა, აპელანტს ნაწილობრივაც არ გამოუსწორებია სახელმწიფო ბაჟის ნაწილში დადგენილი ხარვეზი, ამასთან, არ უშუამდგომლია ამ თანხის გადახდის გადავადებისა თუ მისი გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, შესაბამისად, შუამდგომლობა ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას და არ არსებობდა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების აუცილებლობა, ამასთანავე, ვინაიდან მხარეს ხარვეზი გამოსწორებული არ ჰქონდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
კერძო საჩივრის ავტორი განჩინების დასაბუთებას არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მისი განცხადება სრულყოფილად არ გამოიკვლია, აპელანტმა მოთხოვნა შეამცირა და შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის შემცირებული ოდენობით გადახდას, ხოლო განცხადების ამ კუთხით შეუსწავლელობის გამო, მისთვის უცნობია სასამართლომ რა თანხის გადახდის გამო არ გაუგრძელა საპროცესო ვადა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პ.შ-ას ამ არგუმენტს და ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2009 წლის 16 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულების 4.2 მუხლზე, რომლის თანახმადაც პ. შ-ას უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით ე. ნ-ი სესხის უზრუნველსაყოფად, საკრედიტო ხაზის ლიმიტი კი 150 000 აშშ დოლარითაა განსაზღვრული. ამ გარემოებიდან გამომდინარე, იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება ძირითად უფლებასთან არსებითადაა დაკავშირებული (სკ 153.1 მუხლი) და დავისას მისი საგნის ღირებულება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობიდან გამოიანგარიშება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა. თავის მხრივ, ვინაიდან აპელანტი წარმოადგენდა მოპასუხეს, რომლის ნივთიც მიქცეული იყო სარეალიზაციოდ, იგი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, ვერ შეამცირებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რაც კერძო საჩივრის ზემოაღნიშნული არგუმენტის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მხარეს არც ერთი შუამდგომლობით არ მოუთხოვია მის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა და არც ამ კუთხით წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, თავის მხრივ, საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად კი, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზი ნაწილობრივაც არ გამოუსწორებია, რაც იძლეოდა საფუძვლიან პრეზუმფციას, რომ შუამდგომლობები პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტს არაერთხელ მიეცა რა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა, სასამართლომ სავსებით მართებულად უთხრა უარი პ.შ-ას საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, რადგანაც მხარემ ხარვეზი არ გამოასწორა, პალატა სწორად მივიდა დასკვნამდე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძ..
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. შ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე