საქმე №ას-21-21-2014 6 თებერვალი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ა-პ-ი გ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ძ-მა სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში შპს „ს. ა-პ-ი გ-ის“ მიმართ 2004 წლის მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ნ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.
აღნიშნული განჩინება ნ. ძ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, დავის საგნის ღირებულება დაახლოებით 1200 ლარის. დავის საგანს წარმოადგენდა 6 თვის მიუღებელი ხელფასის, სულ 360 ლარის და ყოველ გადაცილებულ დღეზე აღნიშნული თანხის 0.07%-ის გადახდის დაკისრება. 2004 წლიდან 2013 წლამდე 9 წელია გასული. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით უნდა ეხელმძღვანელა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ დავის საგნის ღირებულება 1200 ლარია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დავის საგნის ღირებულების გამოთვლის წესი განსაზღვრულია იმავე კოდექსის 41-ე მუხლით.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც მიუღებელი ხელფასი, ისე დაყოვნებისათვის გადასახდელი პროცენტი ვადიან გასაცემელს მიეკუთვნება (იხ. მაგ სუსგ ას-1155-1032-2010), ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრულია დროის მონაკვეთი, რომლისთვისაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცენტი - 2004 წლიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდი. მხარე, ამ შემთხვევაში, არ ითხოვს ფიქსირებული თანხის დაკისრებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ვერ იხელმძღვანელებდა, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას პროცენტის მაქსიმალური ოდენობა, რაც სასამართლოს შეეძლო გაეთვალისწინებინა, იყო 3 წლის განმავლობაში დასაკისრებელი პროცენტის ერთობლიობა.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სახელფასო დავალიანება მოცემულ საქმეზე 360 ლარით უნდა განისაზღვროს, შესაბამისად, ამ თანხის 0,07% არის 0,252 ლარი, 3 წლის განმავლობაში დასაკისრებელი პროცენტის ჯამი კი - 275,94 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეიკრობოს ორივე სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება, რომელთა ჯამიც არის 635,94 ლარი, რაც 1000 ლარს არ აღემატება და სააპელაციო საჩივარი ამ საქმეზე არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე