საქმე №ას-24-35-2014 19 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჭ. ჯ-ე (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხეები - მ. ჯ-ე, შპს „მ-ი“, შპს „ლ 2005“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო წარმოების განახლება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „პ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჭ. ჯ-ის, შპს „ლ 2005-ის“, მ. ჯ-სა და შპს „მ-ის“ მიმართ დავალიანების გადახდის დავალდებულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი ჭ. ჯ-ის, შპს „ლ-2005-ის“, მ. ჯ-ის, შპს „მ-ის“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა, ჭ. ჯ-ეს, მ. ჯ-ეს, შპს „მ-სა“ და შპს „ლ-2005-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 073 263,97 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვისას თითოეული თავდების – შპს „ლ-2005-ის“, შპს „მ-სა“ და მ. ჯ-ის – სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება 627.360.28 აშშ დოლარისა და მ. ჯ-ის, შპს „მ-ს“, შპს „ლ 2005-ის“ საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ჭ. ჯ-ის, მ. ჯ-ის, შპს „მ-ის“, შპს „ლ-2005-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის 1 073 263,97 აშშ დოლარის დაკისრებისა და სახელმწიფო ბაჟის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „პ. ბ-ის“ სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჭ. ჯ-ეს, მ. ჯ-ეს, შპს „მ-ს“, შპს „ლ-2005-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 627,360.28 აშშ დოლარისა და 2009 წლის 30 მაისიდან ძირითადი თანხის _ 577,101.73 აშშ დოლარის 15% წლიური სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დავალიანების დაფარვისას თითოეული თავდების _ შპს „ლ 2005-ის“, შპს „მ-სა“ და მ. ჯ-ის _ სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჭ. ჯ-ემ, მ. ჯ-ემ, შპს „მ-მა“ და შპს „ლ-2005-მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით შპს „მ-სა“ და შპს „ლ 2005-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მ. და ჭ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ჭ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების 3 თვით გადადების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ჭ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო 3 თვით, 2014 წლის 27 მარტამდე შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ჭ. ჯ-ის, მ. ჯ-ის, შპს „მ-ის“, შპს „ლ-2005-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ჭ. ჯ-ეს, მ.ჯ-ეს, შპს „მ-ს“, შპს ლ-2005-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 627,360.28 აშშ დოლარის და 2009 წლის 30 მაისიდან ძირითადი თანხის 577,101.73 აშშ დოლარის 15%-ის წლიური სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დავალიანების დაფარვისას თითოეული თავდების: შპს „ლ 2005-ის“, შპს „მ-სა“ და მ. ჯ-ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2012 წლის 17 იანვრის მდგომარეობით აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 855 519.82 აშშ დოლარსა და 14 ლარს.
დავალიანების ამოღების მიზნით განხორციელდა მ. ჯ-ის კუთვნილი, ქ.თბილისში, მ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ნივთი მესამე პირმა შეიძინა 131 790 ლარად. ასევე, აუქციონზე 306 800 ლარად რეალიზებულ იქნა მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, სოფელ ტ-ი მდებარე უძრავი ქონება.
ჭ. ჯ-ის საკუთრებაშია ქ.თბილისში, ი-ის ქ№12-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც დაყადაღებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული №2ბ/272-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ქონება შეფასებულია 1 360 00 ლარად.
ჭ. ჯ-ეს ჰყავს ... წლის ... დეკემბერს დაბადებული შვილი - დ. ჯ-ე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის 11 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, არასრულწლოვანს დაესვა დიაგნოზი: ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალური დრენაჟი. გაიცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - პაციენტი საჭიროებს მანკის რადიკალურ კორექციას სისხლის ხელოვნური მიმოქცევით.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადადება წარმოადგენს მისი აღსრულების ვადის გადატანას სხვა, უფრო გვიანი პერიოდისათვის, ვიდრე დადგენილია კანონით. გადაწყვეტილების აღსრულების გადადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იქნეს ისეთ ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს კრედიტორის ინტერესი. მითითებული ღონისძიება ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი საპროცესო ღონისძიების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამ შემთხვევაში, ერთ მხარეზეა სს ,,პ. ბ-ის“ ინტერესი, დროულად იქნეს უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება, და, მეორე მხრივ, ჭ. ჯ-ის ინტერესი, რომ აღსრულების გადადებით მას მიეცეს შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები და, შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
სასამართლოს განმარტებით, ქონების აუქციონზე რეალიზაცია არახელსაყრელია მოვალისათვის იმდენად, რამდენადაც აუქციონზე რეალიზაციით მისი გასხვისება ხდება გაცილებით დაბალ ფასში, ვიდრე მისი რეალური საბაზრო ღირებულებაა. ნივთის საბაზრო ღირებულება, შესაძლებელია ორჯერ და მეტჯერაც აღემატებოდეს რეალურ ვალდებულებას. შესაბამისად, მოვალისათვის ხელსაყრელია, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება, იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს მძიმე ფინანსური მდგომარეობა გააჩნია, რაზედაც მეტყველებს თავად ვალდებულების შეუსრულებლობა და დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების აუქციონზე რეალიზაციის ფაქტი. აღსრულების მიზანი, სასამართლოს განმარტებით, კრედიტორის დაკმაყოფილებაა, მაგრამ კანონი უშვებს შესაძლებლობას, აღსრულება განხორციელდეს იმგვარად, რომ აღნიშნულით მნიშვნელოვნად არ იქნეს დაზარალებული მოვალე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ ჩათვალა, რომ აღსრულება უნდა გადავადებულიყო 3 თვით, რა პერიოდშიც მოვალეს, შესაძლებელია, ნებაყოფლობით აღესრულებინა გადაწყვეტილება ისე, რომ აღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს არ გამოიწვევდა კრედიტორისათვის, ხოლო მოვალე თავიდან აიცილებდა აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად გამოწვეულ ზიანს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „პ. ბ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და სააღსრულებო წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
სს „პ. ბ-ს“, შპს „მ-სა“ და ჭ. ჯ-ეს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობს დავა საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების თაობაზე. ჭ.ჯ-ე, ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ასხვისებდა ქონებას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ქონება კვლავ მოვალეს დაუბრუნდა, შესაბამისად, დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება და ქ.თბილისში, ი-ის ქN12-ში მდებარე ქონებაზე დაინიშნა აუქციონი. ჭ.ჯ-ის განცხადება აღსრულების გადავადების თაობაზე ემსახურება კვლავ საქმის გაჭიანურებას და ლახავს კრედიტორის ინტერესებს. მართალია, მოვალის შვილს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა იგი ამჟამად სახლში იმყოფება და გამოჯანმრთელებულია, თავად ქონება, რომელიც აუქციონზე უნდა გასხვისდეს, არ წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს და გადაწყვეტილების აღსრულება მოვალის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. რაც შეეხება მოვალის ქონებრივ მდგომარეობას საქმეში არსებული მასალებითა და კერძო საჩივარზე დართული სასამართლო გადაწყვეტილებებით ირკვევა, რომ ჭ.ჯ-ე ამა თუ იმ ქმედებას ახორციელებდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელს არ წარუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მის ქონებრივ მდგომარეობას, ასევე იმას, თუ ქონების რეალიზაცია რა უარყოფით გავლენას იქონიებდა შვილის ნორმალურ აღზრდა-განვითარებაზე, ასევე არაა დასაბუთებული მოვალის პოზიცია, თუ რა გზით უზრუნველყოფს დარჩენილი დავალიანების 3 თვის შემდგომ გადახდას. საყურადღებოა ისიც, რომ ქონება კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით არ არის დატვირთული, იგი მხოლოდ დაყადაღებულია, აღსრულების გადავადების განმავლობაში სხვა კრედიტორის მიერ ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შემთხვევაში, შესაძლოა ბანკი უზრუნველყოფის საგნის გარეშე აღმოჩნდეს, ვინაიდან ყადაღა, იპოთეკის მსგავსად, არ ადგენს ვალდებულების შესრულების რიგითობის საკითხს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით სს „პ. ბ-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „პ. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ჭ. ჯ-ის, მ. ჯ-ის, შპს „მ-ის“, შპს „ლ-2005-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ჭ. ჯ-ეს, მ. ჯ-ეს, შპს „მ-სა“ და შპს ლ-2005-ს“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 627,360.28 აშშ დოლარისა და 2009 წლის 30 მაისიდან ძირითადი თანხის, 577,101.73 აშშ დოლარის 15%-ის წლიური სარგებლის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დავალიანების დაფარვისას თითოეული თავდების: შპს „ლ 2005-ის“, შპს „მ-სა“ და მ. ჯ-ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 650 000 აშშ დოლარით. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
2012 წლის 17 იანვრის მდგომარეობით აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 855 519.82 აშშ დოლარსა და 14 ლარს;
დავალიანების ამოღების მიზნით განხორციელდა მ. ჯ-ის კუთვნილი, ქ.თბილისში, მ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. ნივთი მესამე პირმა შეიძინა 131 790 ლარად. ასევე, აუქციონზე 306 800 ლარად რეალიზებულ იქნა მ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, სოფელ ტ-ი მდებარე უძრავი ქონება;
ჭ. ჯ-ის საკუთრებაშია ქ.თბილისში, ი-ის ქ№12-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც დაყადაღებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული №2ბ/272-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად, ქონება შეფასებულია 136 000 ლარად;
ჭ. ჯ-ეს ჰყავს ... წლის ... დეკემბერს დაბადებული შვილი - დ. ჯ-ე;
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის 11 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, არასრულწლოვანს დაესვა დიაგნოზი: ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალური დრენაჟი. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - პაციენტი საჭიროებს მანკის რადიკალურ კორექციას სისხლის ხელოვნური მიმოქცევით.
უდავოა, რომ მოვალე ჭ.ჯ-ე, გადაწყვეტილების დარჩენილი ნაწილის იძულებით აღსრულების გადავადების მოთხოვნას ამყარებს მის ქონებრივ მდგომაროებას, რაც ასევე განპირობებულია არასრულწლოვანი შვილის ჯანმრთელობით, ამასთანავე, მიიჩნევს, დარჩენილი უძრავი ქონების აუქციონის გარეშე რეალიზაციით ის შეძლებს დავალიანების სრულ დაფარვას.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არსებობს აღსრულების გადადების წინაპირობა და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება თუ მისი განაწილვადება დაიშვება შემდეგ შემთხვევებში: ა) მხარის რთული ქონებრივი მდგომაროების და/ან ბ) სხვა გარემოებების არსებობისას. ეს უკანასკნელი დათქმა მოიაზრებს ყველა იმგვარ მოვლენასა თუ ხდომილებას, რაც ობიექტური შეფასების შემთხვევაში იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა ზიანის მომტანი იქნება მხარეთათვის.
მართალია, ზოგადად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობები დამყარებულია მხარეთა თანასწორობაზე, თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე უპირატესი კრედიტორის ინტერესია. სააღსრულებო წარმოება ხორციელდება სწორედ კრედიტორის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოვალის ქონებისა თუ სხვა მატერიალური ხარჯების განკარგვის გზით. მხარეთა ამგვარ მდგომარეობას ლეგიტიმურს ის გარემოება ხდის, რომ კრედიტორს, რომლის დარღვეული უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების კანონიერ ძალაში შესული აქტით არის აღდგენილი, ჰქონდეს რეალური გარანტია, უფლების რეალიზაციისა.
მიუხედავად ამგვარი ვითარებისა, კანონმდებლობა გარკვეულ ბალანსს ადგენს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის უპირატესი გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვას, რათა ხელისუფლების ორგანოს ქმედებით (სააღსრულებო ორგანოები) მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამგვარ საშუალებათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ერთჯერადად გადადება, მისი განაწილვადება და სხვა, ამ თვალსაზრისით საინტერესოა ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი კრედიტორისა და მოვალის უფლებები, სადაც ასევე გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მხარეთა მორიგების შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რაც დაამყარა თავად ვალდებულების ფარგლებში მხარის შეუძლებლობას, დროულად დაეფარა სესხის თანხა, ასევე იძულებით აუქციონზე რეალიზებული ქონებების ღირებულება და სხვა, სასამართლო ასევე დაემყარა საქმეში წარმოდგენილ მოვალის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ცნობას, რომელიც შესაძლოა პირდაპირ გავლენას არ ახდენს მოვალის ქონებრივ მდგომარეობაზე (საყურადღებოა, რომ სამედიცინო დაწესებულების ცნობის თანახმად საჭიროა გარკვეული მკურნალობა ექიმის რეკომენდაციიდან გამომდინარე), თუმცა საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით (სსსკ 105-ე მუხლი) სასამართლო სავსებით მართებულად მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების ერთჯერადად 3 თვემდე ვადით გადადების საფუძველი.
ამ კუთხით კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოვალის შვილი, მისი ინფორმაციით, უკვე შინ იმყოფება და იძულებით აუქციონი მის მდგომარეობას არ გაართულებს; ჭ.ჯ-ე თავს არიდებს გადაწყვეტილების აღსრულებას და აჭიანურებს აღსრულების პროცესს, რაც ასევე დასტურდება კერძო საჩივარზე დართული გადაწყვეტილებებით; მოვალეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა; ასევე, თუ რა გზით შეძლებს აუქციონის გვერდის ავლით ჭ.ჯ-ე დავალიანების გადახდას; ქონებაზე დადებული ყადაღა არ წარმოადგენს კრედიტორის დაცვის ეფექტურ გარანტიას.
ამ პრეტენზიათა შესწავლის გზით საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ ემყარება იმგვარ დასაბუთებულ არგუმენტს, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოების - მხარის ქონებრივი მდგომარეობის სხვაგვარად შეფასებას გამოიწვევდა, რადგანაც თავად მძიმე ქონებრივი მდგომარეობა წარმოადგენს იმგვარ ფაქტობრივ ვითარებას, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი სარწმუნო მტკიცებულებით დადგინდეს, იმგვარად, რომ რაიმე სპეციალური მტკიცებულების არსებობას კანონი არ ითვალისწინებს, ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე არაკეთილსინდისიერად თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, ეს პირდაპირ გავლენას ქონებრივი მდგომარეობის ფაქტზე არ ახდენს, მათ შორის არც ის ფაქტი შეიძლება იქნას მიღებული მხედველობაში, რომ ჭ.ჯ-ის შვილი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში არ გადის.
რაც შეეხება მხარის პრეტენზიას, რომ ყადაღა არ წარმოადგენს მისი უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას, ქონება არ არის კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული და სხვა პირის მიერ აღსასრულებლად ამ ქონების მიქცევა მის უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ქონებაზე ყადაღის დადება გადაწყვეტილების აღსრულების ერთ-ერთი რეალური საშუალებაა, ხოლო ამავე კანონის 54-ე მუხლით რეგლამენტირებულია მრავალჯერადი ყადაღის დადებისა და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა.
ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც ქონებაზე ყადაღის დადების გზით უზრუნველყოფილია კრედიტორის ინტერესები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ერთჯერადად 3 თვემდე გადავადებითა და მოვალის ინტერესის ე.წ „დაცვით“ (რათა მან შეძლოს ამ ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება), სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კრედიტორისა და მოვალის ინტერესების კანონმდებლობით დადგენილი ბალანსი, შესაბამისად, არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „პ. ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე