№ას-27-26-2014 14 თებერვალი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ვ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ. ბ 2007“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ. ბ 2007-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ვ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 123 537 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „კ. ბს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ვ-ს დაეკისრა 123 537 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ვ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ვ-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 4 941.48 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით განემარტა ამ ვადაში ხარევზის შეუვსებლობის შედეგები.
2013 წლის 4 ოქტომბერს, შპს ,,ვ-მა“ წარადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის 14 დღით გაგრძელების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თანხის მოსაძიებლად ესაჭიროებოდა დრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა აპელანტს გაუგრძელდა 14 დღით.
2013 წლის 31 ოქტომბერს, აპელანტ შპს ,,ვ-მა“ ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, წარადგენა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთანავე დარჩენილი თანხის გადასახდელად მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის 14 დღით გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა აპელანტს გაუგრძელდა 14 დღით.
2013 წლის 4 დეკემბერს, აპელანტ შპს ,,ვ-მა“ წარადგენა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ამასთანავე დარჩენილი თანხის გადასახდელად კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის 14 დღით გაგრძელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს „ვ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მასვე დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სულ 400 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესახებ შუამდგომლობაზე აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უარი ეთქვა და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა. ამასთანავე, 2013 წლის 16 ოქტომბრისა და 7 ნოემბრის განჩინებებით დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობები ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნის თაობაზე. პალატას მიიჩნია, რომ 2013 წლის 4 დეკემბერს წარმოდგენილი შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნის თაობაზე, საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად უნდა იქნეს შეფასებული, რადგან აპელანტს საჩივარზე ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი ვადა სამჯერ გაუგრძელდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ვ-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, შპს „ვ-ის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო ადევს, ხოლო ქონებას- ყადაღა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა, და სახელმწიფო ბაჟის მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადების თაობაზე იშუამდგომლა, რაც საააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. შპს „ვ-ის“ დირექტორი, იძულებით გადაადგილებული პირი, პირადი სახსრებით ცდილობდა ბაჟის თანხის მოძიებას. ამჟამად შპს „ვ-ს“ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება და მზადყოფნას გამოთქვამს შევასოს ხარვეზი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს რომ შპს „ვ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ვ-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 4 941.48 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან, ამასთან, მხარის განცხადების საფუძველზე, ეს ვადა ორჯერ გაგრძელდა 14-14 დღით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
აღნიშნული ნორმის ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს და საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა, მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელებისათვის სასამართლოს ვარაუდი უნდა გააჩნდეს, რომ ამგვარი მოთხოვნა პროცესის გაჭიანურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მხარე აპირებს ხარვეზის შევსებას, მაგრამ, პატივსადები მიზეზების გამო, მიცემული დრო მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დასაბუთებული უნდა იყოს და მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს. სასამართლომ ვადის გაგრძელების საკითხი ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განიხილოს, ასევე იმ ვარაუდით, რომ ვადის გაგრძელების მიუხედავად, ამ კატეგორიის საქმის განხილვისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჩაეტევა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ვ-ის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სარწმუნოდ არ ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა მართებულად არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ვ-ის“, ისევე როგორც ნებისმიერი მხარისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ცნობილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე. ამასთან, ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ 10-დღიანი ვადა მიეცა, რომელიც ორჯერ გაგრძელდა 14-14 დღით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიცემული ვადა არათუ საკმარისია, არამედ აღემატება კიდეც მსგავსი ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად საჭირო გონივრულ ვადას. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, შპს „ვ-მა“ ხარვეზი სრულად არ შეავსო და ვადის გაგრძელების შესახებ იდენტური შინაარსის განცხადებებით მიმართავდა სასამართლოს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტი საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობდა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე