№ას-4-4-2014 13 თებერვალი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ-ის“ დირექტორი შ. ვ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ზ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 6 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ზ-ემ შპს „რ-ის” მიმართ და მოითხოვა: შეწყდეს შპს ,,რ-ან“ დადებული იჯარის და იპოთეკის ხელშეკრულება; შპს ,,რ-ის“ მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ბათუმში, ქ-ის/ს-ას ქ. №23/7-ში მდებარე მ. ზ-ის კუთვნილი უძრავი ქონება; შპს ,,რ-ს” მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის თანხა 7000 აშშ დოლარი. შპს ,,რ-ს” მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 14190 ლარის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა შპს ,,რ-სა“ და მ. ზ-ეს შორის 2012 წლის 12 აპრილს დადებული ხელშეკრულება იჯარის ნაწილში. იპოთეკის ნაწილში 2012 წლის 12 აპრილის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შპს ,,რ-ის” მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ბათუმში ქ-ის/ს-ას ქ. №23/7-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ. ზ-ეს. შპს ,,რ-ს” მ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირა სულ 7000 აშშ დოლარი. მ. ზ-ის მოთხოვნა ზიანის - 14190 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,რ-მა” და მ. ზ-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მ. ზ-სა და შპს „რ-ის“ სააპელაციო საჩივრები განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,რ-ის” წარმომადგენელს რ. შ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო მ. ზ-ის წარმომადგენელ დ. ფ-ეს - 2013 წლის 24 ოქტომბერს. (ს.ფ. 222, 224) საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,რ-ის” სააპელაციო საჩივარი წარმომადგენელმა რ. ი-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 7 ნოემბერს. (ს.ფ. 226) მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიგზავნა ფოსტით 2013 წლის 7 ნოემბერს. ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი მ. ზ-ე, ხოლო მისმა წარმომადგენელმა დ. ფ-ემ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 30-ე დღეს - 24 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა და სააპელაციო გასაჩივრების 14-დღიანი ვადის აითვლა დაიწყო - გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 24 ოქტომბერს, რაც ამოიწურა 2013 წლის 6 ნოემბერს 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2013 წლის 7 ნოემბერს. შპს ,,რ-ს” სააპელაციო საჩივრის წარსადგენად კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2013 წლის 4 ნოემბერს, 24:00 საათზე ამოეწურა. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია 2013 წლის 7 ნოემბერს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „რ-ის“ დირექტორმა შ. ვ-იმ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 2013 წლის 24 ოქტომბერს, როდესაც მ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უფლებამოსილება შეუწყვიტეს შპს „რ-ის“ წარმომადგენლებს - რ. შ-სა და რ. ი-ეს, გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების თაობაზე კი, ინფორმაცია არ გააჩნდათ, ამასთან, შ. ვ-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას არ ჰქონდა ინფორმაცია გასაჩივრების ვადებსა და წესზე, რაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, გარდა ამისა, რ. შ-სა და რ. ი-ის სახელზე გაცემული მინდობილობით, მათ მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება გააჩნდათ და არა გადაწყვეტილების ჩაბარების.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „რ-ის“ დირექტორ შ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2013 წლის 7 ნოემბერს, გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ და უთითებს, რომ როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ინფორმაცია არ გააჩნდა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ვადებზე, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ არ არსებობს კანონის პირდაპირი აკრძალვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი კი, იმპერატიულად კრძალავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას ან აღდგენას, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზითაა განპირობებული თუ არა.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წლის 24 სექტემბერს შპს „რ-ის“ წარმომადგენლებს - რ. შ-სა და რ. ი-ეს უფლებამოსილება შეუწყდა.
საკასაციო სასამართლო ვერც ამ მტკიცებას გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილება შეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „რ-ის“ დირექტორებს საზოგადოების წარმომადგენლებისათვის უფლებამოსილება რომც შეეწყვიტა, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობებია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2013 წლის 24 სექტემბრის სხდომას უფლებამოსილი წარმომადგენელი ესწრებოდა და იმავე წლის 21 ოქტომბერს განჩინება ასევე უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო ვერც იმ მტკიცებას გაიზიარებს, რომ რ. შ-სა და რ. ი-ის სახელზე გაცემული მინდობილობით, მათ მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება გააჩნდათ და არა გადაწყვეტილების ჩაბარების.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის საფუძველზე, მინდობილობაში სპეციალურ აღნიშვნას საჭიროებს მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების წარმომადგენლისათვის გადაცემა, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ კი უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა სხვა საპროცესო მოქმედება. გადაწყვეტილების ჩაბარება სპეციალურ უფლებამოსილებათა რიცხვს არ მიეკუთვნება და საგანგებო აღნიშვნას მინდობილობაში არ საჭიროებს, გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ თითქოსდა როინ შავაძისა და როლანდ იაკობაძის სახელზე გაცემული მინდობილობით, მათ მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება გადაეცათ, სინამდვილეს არ შეესაბამება. საქმეში არსებული მინდობილობის მიხედვით (ს.ფ. 76), რ. შ-სა და რ. ი-ეს გადაეცათ ყველა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში მითითებული უფლებები, სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება და ასევე ნებისმიერი ისეთი მოქმედების შესრულების უფლება, რაც პირდაპირ არ არის მითითებული მინდობილობაში, მაგრამ აუცილებელია მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, შპს „რ-ის“ წარმომადგენლები უფლებამოსილნი იყვნენ, ჩაებარებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და წარედგინათ სააპელაციო საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ-ის“ დირექტორ შ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე