№ას-48-47-2014 6 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. რ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ქ. მ. თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,ქ. მ. თ-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. რ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ქ. მ. თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი. რ-ს შპს „ქ. მ. თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5920.41 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ი. რ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება განცხადებით (თავისი არსით კერძო საჩივრით) გაასაჩივრა ი. რ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა ა) დაზუსტებული კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით, ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და უნდა მიეთითებინა გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ი. რ-ს 2013 წლის 29 იანვარს და ჩაიბარა ი. რ-ის მამამ - ლ. რ-მა 2014 წლის 30 იანვარს (იხ.ტ.II, ს.ფ.66) შვილისთვის გადასაცემად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 31 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 3 თებერვალს (2 თებერვალი იყო დასვენების დღე). სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება ი. რ-ის მამის ლ. რ-ის მიერ 2014 წლის 31 იანვარს წარმოდგენილ №ა-351-14 განცხადებას, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული არ შეიძლება იყოს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით დადგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვიდან გამომდინარე, კერძოდ, დასახელებული მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
მართალია, განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ლ. რ-ის სახელზე ი. რ-ის მიერ გაცემული მინდობილობა (იხ.ტ.I, ს.ფ.35), თუმცა საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ სუბიექტად ლ. რ-ი ვერ განიხილება, ვინაიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ლ. რ-ის გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gba.ge) არსებულ ადვოკატთა რეესტრის მონაცემებში, წევრთა ერთიან სიაში არ მოიძიება ადვოკატი ლ. რ-ი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული განცხადება უფლებამოსილი პირის მიერ იქნებოდა წარმოდგენილი, პალატა მიიჩნევს, რომ მაინც არ იარსებებდა ი. რ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, რადგან, განცხადების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მხარის მიერ შესრულებული არ არის ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილი არცერთი საპროცესო მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. რ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი