Facebook Twitter

საქმე №ას-64-62-2014 28 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ინდ.მეწარმე გ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - გ. მ-ე, ნ. გ-ე, მ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, უზრუნველყოფის საგნების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე გ. მ-ის, ნ. გ-ის, მ. მ-სა და გ. მ-ის მიმართ ინდ.მეწარმე გ. მ-ის საკრედიტო დავალიანების ძირითადი თანხის - 276349,87 აშშ დოლარის, სარგებლის - 123442,24 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 58089,20 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა და გირავნობის საგნების რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით დავალიანება სრულად არ დაიფარება, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თანხის ამოღება ინდ.მეწარმე გ. მ-ის კუთვნილი სხვა ქონებიდან.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ, ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში ცნეს, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდ.მეწარმე გ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 276349,87 აშშ დოლარის, პროცენტის - 123442,24 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 5808,92 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდა განხორციელდა იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციით, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდებოდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება დადგინდა ინდ.მეწარმე გ. მ-ის კუთვნილი სხვა ქონებიდან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდ.მეწარმე გ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით ინდ.მეწარმე გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 2591 მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 1 აპრილს, სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი, ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 2 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 1 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო სწორედ 2013 წლის 1 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 14 მაისს, საქმის მასალების თანახმად, ინდ.მეწარმე გ. მ-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 15 მაისს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტმა გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 მაისს მიმართა, თუმცა ამ გარემოებას მხედველობაში ვერ მიიღებდა, რადგანაც ამ დროისათვის გასული იყო როგორც ჩაბარების, ისე სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 59-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების საფუძველი.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ინდ.მეწარმე გ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 2013 წლის 15 მაისს ჩაბარება განაპირობა მოსამართლის განმარტებამ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდებოდა ფოსტის მეშვეობით, როგორც ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით და 2012 წლის 19 ოქტომბრის განჩინება. ვინაიდან მოპასუხეს დიდი ხნის განმავლობაში არ გადაეცა გადაწყვეტილება, მან თავად მიაკითხა სასამართლოს, სადაც განემარტა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა შეეძლო 2013 წლის 15 მაისის ჩათვლით, შესაბამისად, იმავე დღეს შეიტანა მხარემ სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსამართლე დაინტერესებული იყო, რომ მხარეს დროულად ვერ გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, რასაც მოწმობს მოსამართლის შეკითხვა, აპირებდა თუ არა მოპასუხე გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ხოლო მას შემდეგ, რაც მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, სასამართლომ გამოიტანა განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რადგანაც თუ საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის ათვლა დაიწყო 2 აპრილს და გავიდა 1 მაისს, მაშინ, სასამართლოს მიერვე მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო არა 1 მაისს, არამედ 2 მაისს და ამოიწურა 2013 წლის 15 მაისს, აღნიშნულით დასტურდება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 თებერვლის განჩინებით ინდ.მეწარმე გ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ.მეწარმე გ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 1 აპრილის სხდომაზე და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ინდ.მეწარმე გ. მ-ე;

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებზე დაყრდნობით დაადგინა და ამ გარემოებას სადავოდ არც მხარე ხდის, რომ მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით 2013 წლის 15 მაისს მიმართა და ამ დღესვე ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება;

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ იგი მხარემ საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 15 მაისს.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას არ ეთანხმება შემდეგი საფუძვლებით: ა) საქმის განმხილველმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განუმარტა, რომ მხარეს გადაწყვეტილება ჩაბარდებოდა ფოსტის მეშვეობით, თუმცა, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჩაბარდა მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, 2013 წლის 15 მაისს მან თავად მიმართა სასამართლოს და იმავე დღეს შეიტანა სააპელაციო საჩივარი, ამასთანავე, მიუთითა მოსამართლის დაინტერესებაზე, მოპასუხეს არ გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება (ეს უკანასკნელი გარემოება მხარემ დაუკავშირა მოსამართლის შეკითხვას, ასაჩივრებდა თუ არა გადაწყვეტილებას და იმას, რომ სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად); ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, რადგანაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 1 მაისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 2 მაისს და ამოიწურა სწორედ 15 მაისს, აპელანტს კი, ეს ვადა დაცული აქვს.

საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ამ არგუმენტებს და განმარტავს შემდეგს:

საქმის მასალებით დასტურდება რა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მისი გასაჩივრების მსურველი პირი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს დათქმას, ამ პირის არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, სასამართლოში გამოცხადების თაობაზე, გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მხარე ვალდებული იყო, დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში გამოცხადებულიყო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით.

რაც შეეხება სასამართლოს დაინტერესებას საქმის შედეგით, საკასაციო პალატა ამ არგუმენტს უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს იმის გარკვევა, ასაჩივრებენ თუ არა მხარეები გადაწყვეტილებას, აღნიშნული სამართლებრივად ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლში, რომლის თანახმადაც თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.

უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, რადგანაც ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ.მ-ის კერძო საჩივარი, რომელიც მიმართული იყო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განჩინებაზე.

რაც შეეხება საპროცესო ვადის არასწორად გამოთვლას, საკასაციო პალატა ამ საკითხის სწორად შეფასების მიზნით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლით კი დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს გარკვეულ წინაპირობებს, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, მხარე ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ხელზე ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

უდავოა ის ფაქტიც, რომ აპელანტი საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა.

მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს რა ის ფაქტი, რომ 2013 წლის 1 აპრილის სხდომას, როდესაც გამოცხადდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა გასაჩივრების მსურველი აპელანტი, საპროცესო ვადის დენის დაწყების მარეგულირებელი ზოგადი ნორმის თანახმად (სსსკ 60.2), გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2013 წლის 2 აპრილს და ამოიწურა 2013 წლის 1 მაისს. ვინაიდან ამ ვადის განმავლობაში ინდ.მეწარმე გ. მ-ეს საქალაქო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით არ მიუმართავს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, როგორც ამას სპეციალური ნორმა ადგენს (სსსკ 2591 მუხლის პირველი ნაწილი) და არა 2 მაისს, როგორც ამას თავად კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2013 წლის 14 მაისს, ხოლო მხარემ საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 15 მაისს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე, კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ინდ.მეწარმე გ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდ.მეწარმე გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე