Facebook Twitter

№ას-73-71-2014 21 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელი წევრი ზ. რ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. წ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადაცემული თანხის დაბრუნება, ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დაეკისრათ მოპასუხეებს იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელ წევრებს ზ. რ-ს, შპს „ბ. ს 2000“-ს, მ. ა-ის უფლებამონაცვლე ი. ა-ეს, გ. ა-ეს მოსარჩელე ბ. წ-ის სასარგებლოდ 50 720 აშშ დოლარის, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 3900 აშშ დოლარისა და 50 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელმა წევრმა ზ. რ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელი წევრის ზ. რ-ის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდას № 2ბ/4410-12 საქმის წარმოება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელმა წევრმა ზ. რ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელი წევრის ზ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და გასაჩივრების საფუძვლების მითითებით დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინების პასუხად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ქ. უ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდა და კერძო საჩივრის ავტორს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოსადგენად, რომელშიც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების საფუძვლები, განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელი წევრის ზ. რ-ის წარმომადგენელ ქ. უ-ს (იხ. რწმუნებულება ტ. I, ს.ფ. 63-65) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 11 თებერვალს (იხ.ტ.II, ს.ფ. 112).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 12 თებერვალს და ამოიწურა 2014 წლის 13 თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ქ. უ-მა და მოთხოვნის დაზუსტების მიზნით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში. თუმცა, ზემოაღნიშნული განცხადების შესწავლით ირკვევა, რომ მხარის მიერ არ არის შესრულებული მასზე დაკისრებული საპროცესო მოქმედება, კერძოდ, მას არ წარმოუდგენია დაზუსტებული კერძო საჩივრი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელმა წევრმა ზ. რ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელი წევრის ზ. რ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. იბა „ო. ა-ის“ დამფუძნებელ წევრს ზ. რ-ს დაუბრუნდეს ა. ა-ის მიერ 03.02.2014 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ.