საქმე №ა-2993-შ-77-2013 3 თებერვალი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჯ-ი
დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილებით ნ. ჩ-სა და ლ. ჯ-ს შორის ქორწინება გაუქმდა მხარეთა თანხმობის საფუძველზე.
ნ. ჩ-ის წარმომადგენელმა ი. წ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის წარმომადგენელ ი. წ-ის შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ჩ-ის შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილებით ნ. ჩ-სა და ლ. ჯ-ს შორის ქორწინება გაუქმდა მხარეთა თანხმობის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2009 წლის 9 მარტს. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეგისტრაციო ამონაწერით სამოქალაქო რეესტრიდან დგინდება, რომ აღნიშნული დადგენილება აღსრულებულია ისრაელის ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ის შუამდგომლობა ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ისრაელის რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის დადგენილება, რომლითაც ნ. ჩ-სა და ლ. ჯ-ს შორის ქორწინება გაუქმდა მხარეთა თანხმობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე