Facebook Twitter
ბს-664-631(კ-06) 21 ნოემბერი, 2006 წ. ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. ქ.-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ საპენსიო დანამატის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ვ. ქ.-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საპენსიო დანამატის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2).
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ნოემბრის ¹888 განკარგულებით ვ. ქ.-ა წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს პენსიონერს. ვ. ქ.-ა საქართველოს პრეზიდენტის 1993 წლის 28 თებერვლის ¹00002 განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, რის საფუძველზეც იგი 1998 წლის დეკემბრიდან 2005 წლის თებერვლამდე ღებულობდა პენსიაზე 25%-იან დანამატს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ პენსიონერს უნდა მიეღო პენსიის 50%-იანი დანამატი ნაცვლად 25%-ისა. უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის საპენსიო დანამატი განისაზღვრა 50%-ით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებული იყო აენაზღაურებინა 1998 წლის დეკემბრიდან 2005 წლის თებერვლამდე გაუცემელი საპენსიო დანამატი, რაც შეადგენდა 4300 ლარს.
ვ. ქ.-ამ სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 1999 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე გაუცემელი საპენიო დანამატის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხემ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ქ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდს დაეკისრა ვ. ქ.-ას სასარგებლოდ 1999 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე საპენსიო დანამატის 25%-ს გადაანგარიშება, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ვ. ქ.-ა დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1998 წლის დეკემბრიდან ძირითად პენსიაზე ერიცხებოდა პენსიის 25%-იანი დანამატი. 2005 წლის თებერვლიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ვ. ქ.-ას ძირითად პენსიაზე დანამატის გადაანგარიშება მოახდინა 50%-ის ოდენობით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელისთვის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად უნდა გადაეანგარიშებინა საპენსიო დანამატი არა 25, არამედ 50 პროცენტის ოდენობით, რადგან აღნიშნული მუხლის მიხედვით ამ კანონით დანიშნული პენსიები გაუდიდდებათ ,,...ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს - 50 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 პროცენტისა.” აღნიშნული ვალდებულება მოპასუხემ განახორციელა მხოლოდ 2005 წლის თებერვლიდან. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო პენსიის თანხა, მაშინ მასზე უნდა გაიცეს პენსიის მთლიანი თანხა შეუზღუდავად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის პენსიის გადაანგარიშება კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით არ მოხდა, რის გამოც ვ. ქ.-ას უნდა ანაზღაურებოდა მთლიანი თანხა შეუზღუდავად მისი დანიშვნის დღიდან (იხ. ს.ფ. 28-30).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. მოსარჩელისათვის ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენზე გათვალისწინებული 25%-იანი დანამატის დანიშვნის შესახებ ცნობილი გახდა 1998 წლის დეკემბრიდან, როდესაც მას დაენიშნა პენსია. მოსარცელეს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება პენსიის დანიშვნისას სადავო არ გაუხდია, სასამართლოს კი მიმართა 2005 წლის 6 სექტემბერს, ანუ პენსიის დანიშვნიდან მეშვიდე წელს.
პენსია და მასზე დანამატის დანიშვნას ფონდი ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი მიღებიდან ერთი თვის ვადაში. საქალაქო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა კოდექსის 24-ე მუხლით, ჩათვალა რა პენსიისა და დანამატის დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებად, რადგან ამ შემთხვევებში გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის სამი წელი. აპელანტმა, ასევე, მიუთითა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, პენსიონერებს სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის აუნაზღაურდებათ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა (იხ. ს.ფ. 33-34).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოწინააღმდეგე მხარემ – ვ. ქ.-ამ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ვ. ქ.-ა 1993 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. აღნიშნულის საფუძველზე 1998 წლის დეკემბრიდან ძირითად პენსიაზე ერიცხებოდა 25%-იანი დანამატი. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ძირითად პენსიაზე 50%-იანი დანამატის გაანგარიშება მოახდინა 2005 წლის თებერვლიდან. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელისთვის პენსიის გადაანგარიშება კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციის მიზეზით არ მოხდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო საპენსიო თანხა, მაშინ იგი მიიღებდა პენსიის მთლიან თანხას შეუზღუდავად. შესაბამისად, ვ. ქ.-ას უნდა ანაზღაურებოდა მთლიანი თანხა მისი დანიშვნის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აქტის გაცნობა გულისხმობს დაინტერესებული მხარისათვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. საქმეში არსებული მასალებით კი არ დასტურდებოდა ვ. ქ.-ასათვის აქტის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლომ ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოდ მიიჩნია (იხ. ს.ფ. 72-75).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. ვ. ქ.-ასათვის ორდენზე გათვალისწინებული 25%-იანი დანამატის დანიშვნის შესახებ ცნობილი გახდა 1998 წლის დეკემბრიდან, როდესაც დაენიშნა პენსია. ფონდის ქმედება პენსიის დანიშვნისას მას სადავო არ გაუხდია, სასამართლოს კი 2005 წლის 6 სექტემბერს მიმართა.
კასატორმა განმარტა, რომ პენსიისა და საპენსიო დანამატის დანიშვნას ფონდი ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით კი სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სასამართლოს უნდა წარედგინოს აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია. კასატორმა, ასევე, მიუთითა, რომ ვ. ქ.-ას სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნის ვადა 3 წელია, აღნიშნული ვადა მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა (იხ. ს.ფ. 85-86).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 100-103).




ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის 1 დეკემბრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე საპენსიო დანამატის 25%-ის ოდენობით გადაანგარიშება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ვ. ქ.-ასათვის საპენსიო დანამატის გადაანგარიშება არ მოხდა კანონით დადგენილი წესით, რაც გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს დააკისრა მთლიანი თანხის ანაზღაურება პენსიის დანიშვნის დღიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით თანხის გადაუანგარიშებლობის თაობაზე, რამდენადაც კანონის მითითებული ნორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით /ადმინისტრაციულ საქმეზე ვ. რ.-ს სარჩელისა გამო, მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, პენსიის გადიდების თაობაზე/ ინტერპრეტირებულ იქნა სხვაგვარად, ვიდრე სოცფონდი განმარტავდა და გამოიყენებდა კანონის ნორმას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების, მათ შორის საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს სამართლის ნორმის ლოგიკური, დინამიური და პროგრესული განმარტებების მოხდენა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად სავალდებულოა ყველასთვის შესასრულებლად, და რაც აღსრულებულ იქნა მოპასუხე სოცფონდის მიერ, შესაბამისად, სასამართლოს კანონის ახლებური განმარტება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ნორმის არასწორი გამოყენების საფუძველზე პენსიის თანხის გაუცემლობა ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ნორმატიული აქტის ნამდვილი შინაარსის განმარტება გულისხმობს, კანონის ტექსტის ამგვარ გაგებას მისი ამოქმედების მომენტიდან, თუმცა, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბრალეულად არ მოხდა ნორმის სწორი გაგება და გამოყენება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლი შეეხება საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის მიმღებზე დარიცხული თანხის დროულად გაუცემლობას, ხოლო საქმეში არსებული მასალების თანახმად, ვ. ქ.-აზე 2005 წლის 1 ივნისამდე არ ყოფილა დარიცხული საპენსიო დანამატი 50%-ის ოდენობით, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ამავე კანონის 50-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს. ვ. ქ.-ას, ამავე კანონის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად უნდა მიეღო 50%-იანი საპენსიო დანამატი, ვინაიდან ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს პენსიაზე დანამატი განესაზღვრათ 50%-ით. შესაბამისად, ვ. ქ.-ას ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა საპენსიო ორგანოსათვის პენსიის მომატების უფლებით მისი დანიშვნის მომენტიდან, რაც არ განახორციელა 2005 წლამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ქ.-ას მიუღებელი საპენსიო დანამატის მიღების უფლება აქვს, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, უკან დახევით 12 თვისა.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმის თანახმად (იხ. ს.ფ. 56), ვ. ქ.-ამ საპენსიო ორგანოს მიმართა 2005 წლის 14 იანვარს, რის საფუძველზეც მას ამავე წლის 1 ივნისიდან საპენსიო დანამატი განესაზღვრა 50%-ის ოდენობით. ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ქ.-ას მიუღებელი საპენსიო დანამატის გაცემის შესახებ უარი ეთქვა 2005 წლის 30 სექტემბერს. საკასაციო სასამართლო ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოსარჩელეს საპენსიო დანამატი 50%-ის ოდენობით უნდა მიეცეს საპენსიო დანამატის კანონით დადგენილი წესით, გაცემის შესახებ პირველი მიმართვიდან უკან დახევით 12 თვის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ამავე დროს, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 389-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ქ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისროს ვ. ქ.-ას სასარგებლოდ საპენსიო დანამატის 25%-ს გადაანგარიშება მიმართვამდე 12 თვისა;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.