საქმე№ას-10-10-2014 4 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. მ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელში –მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა., ს. და ვ. მ-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს დაევალოთ მ. კ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ფ-ის 3-ში, №26 კორპუსში მდებარე №32 ბინიდან გაიტანონ შემდეგი ნივთები: თეთრი ფერის საძინებელი გარნიტურის კარადა, კონდიციონერი „БК-2300“, „კარმის“ ფირმის გამათბობელი, „ნორდის“ ფირმის მაცივარი, „დეუს“ ფირმის სარეცხი მანქანა, ხოლო ამავე მისამართზე არსებული სარდაფიდან: საძინებელი გარნიტურის თეთრი ფერის ორადგილიანი საწოლი, საძინებელი გარნიტურის ყავისფერი სამკარიანი კარადა, „კარმის“ ფირმის წყლის გამათბობელი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რათა მ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ვ. მ-ის კუთვნილი შემდეგი ნივთები: შემოსასვლელის გარნიტური – ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კარადა ზომით 3/3, ლოჯიაში განთავსებული „სერვანდი ვიტრინით“ და კარადით, 5 ცალი ფარდის საკიდი, აბაზანის მოწყობილობა – სალათისფერი თუჯის აბაზანა, ბავშვის სალათისფერი აბაზანა, ხელსაბანი და უნიტაზი, სარდაფში განთავსებული საოჯახო ნივთები – ჭურჭელი, მათ შორის, „მადონას“ ჩაის სერვიზი, სადილის სერვიზი, თეფშები, ჭიქები, ქილები და სხვადასხვა წვრილმანი საოჯახო ნივთები, თეთრეული, პირსახოცები, წიგნები, ტანსაცმელი, ორკამერიანი მაცივარი „მინსკი“, „ბბკ-ს“ ფირმის „DVD“ თავისი სადგამით, „ვიტრინიანი“ „სერვანდი“, ხალიჩა, ავტონაწილები და სახელოსნო ინსტრუმენტები, მანქანის სალონის სავარძლები და მანქანის მაგნიტოფონი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა, ა., ს. და ვ. მ-ს დაევალათ მ. კ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ფ-ის 3-ში, №26 კორპუსში მდებარე №32 ბინიდან (საკადასტრო კოდი ...) და სარდაფიდან (საკადასტრო კოდი ...) სადავო ნივთების გატანა, ვ. მ-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე მ. კ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-ს დაევალა, დაუბრუნოს ვ. მ-ს მის საკუთრებაში არსებული იმავე ბინასა და სარდაფში განთავსებული სადავო ნივთები, ვ. მ-ს უარი ეთქვა შემდეგი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე: შემოსასვლელის გარნიტური (ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კარადას 3/3), 5 ცალი ფარდის საკიდი ჩარჩო, აბაზანის მოწყობილობა (სალათისფერი თუჯის აბაზანა, ბავშვის სალათისფერი აბაზანა, ხელსაბანი „ტულპანი“, უნიტაზი) ლოჯიაში არსებული „სერვანდი ვიტრინითა“ და კარადით, თეთრეული, პირსახოცები, წიგნები, ტანსაცმელი, ორკამერიანი მაცივარი „მინსკი“, „ბბკ-ს“ ფირმის „DVD“, ხალიჩა, ავტონაწილები და სახელოსნო ინსტრუმენტები, ავტომანქანის მაგნიტოფონი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ა 3-ში, №26 კორპუსში მდებარე №32 ბინასა და სარდაფში განთავსებული შემდეგი ნივთები: 5 ცალი ფარდის დასაკიდებელი ჩარჩო, წიგნები, ტანსაცმელი, ერთი ცალი ნიჩაბი, ჭანჭიკები, ქანჩები, ავტომანქანის მაგნიტოფონი პანელის გარეშე, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 208-ე მუხლით და მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მ. კ-მა ნაწილობრივ ცნო ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი უკანონო მფლობელობიდან შემდეგი ნივთების გამოთხოვის ნაწილში: 5 ცალი ფარდის დასაკიდებელი ჩარჩო, წიგნები და ტანსაცმელი, სახელოსნო ინსტრუმენტებიდან: ერთ ცალი ნიჩაბი, ჭანჭიკები და ავტომანქანის მაგნიტოფონი პანელის გარეშე. ამდენად, მ. კ-ი დაეთანხმა გადაწყვეტილების გაუქმებას ზემოაღნიშნული ნივთების გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში.
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატამ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება ვ. მ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ზემოხსენებული ნივთები გამოთხოვილ უნდა იქნეს მ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან.
სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების აუცილებლობა არსებობს, როდესაც მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე – ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
სასამართლოს მოსაზრებით, ვ. მ-მა ვერ წარადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მ. კ-ის კუთვნილ ბინასა და სარდაფში განთავსებულია ვ. მ-ის კუთვნილი შემდეგი ნივთები: თეთრეული, პირსახოცები, ორკამერიანი მაცივარი „მინსკი“, „ბბკ-ს“ ფირმის „DVD“, ხალიჩა, ავტონაწილები (ავტომობილის 2 ცალ საბურავი, საბურავის 2 დისკი, მანქანის მაგნიტოფონის დინამიკები) სახელოსნოს ინსტრუმენტები (2 ცალი ჩაქუჩი (დიდი და პატარა), სახრახნისის ნაკრები, 1 ცალი ნიჩაბი, ბრტყელტუჩების ნაკრები).
შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, კერძოდ, არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო ნივთების ფლობა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი ზემოაღნიშნული ნივთების გამოთხოვის თაობაზე.
სამოქალაქო კოედექსის 171-ე მუხლისა და 150-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მ. კ-ის ბინაში არსებული შემოსასვლელის გარნიტური (ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კარადას 3/3), აბაზანის მოწყობილობა (სალათისფერი თუჯის აბაზანა, ბავშვის სალათისფერი აბაზანა, ხელსაბანი „ტულპანი“, უნიტაზი), „ლოჯიაში არსებული „სერვანდი ვიტრინითა“ და კარადით მჭიდროდ არის დაკავშირებული ძირითად ნივთთან და მათი გამოცალკევება შეუძლებელია ძირითადი ნივთის დაზიანების და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ნივთები წარმოადგენენ მ. კ-ის კუთვნილი ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს. მ. კ-მა ბინაზე საკუთრების უფლების შეძენით საკუთრება შეიძინა ზემოაღნიშნული ნივთებზეც, რაც გამორიცხავს აღნიშნულ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. არ არსებობს აღნიშნული ნივთების გამოთხოვის შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ, თავად მ. კ-ის განცხადებით, სარდაფში არსებული ყველა ნივთი კასატორს ეკუთვნის. მხარეებმა ჩაატარეს ადგილობრივი დათვალიერება, ერთობლივად აღწერეს კასატორის ნივთები და ნუსხა წარუდგინეს სასამართლოს.
ადგილობრივი დათვალიერების ჩატარების შესახებ კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ დათვალიერება უნდა მოხდეს მხარეთა თანდასწრებით, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა, სასამართლოს იმპერატიული მითითება უგულებელყოფილ იქნა რაზეც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
მ. კ-მა კასატორი სახლში არ შეუშვა, რამაც გამოიწვია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღება და ფაქტების არასწორად შეფასება.
ფაქტების კონსტანტაციის ოქმში არ არის დაფიქსირებული ლოჯიაში არსებული ერთი კედელი, სადაც მიდგმულია კასატორის კუთვნილი „სერვანდი ვიტრინითა“ და კარადით. ამდენად, დათვალიერება ჩატარებულია არასწორად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 იანვრის განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე