Facebook Twitter

№ას-1085-1035-2013 11 მარტი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-ამ განცხადებით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 16 იანვრის №133-ე ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, შეკვეცილია გ.ს-ას სახელი და 23-ე ბრიგადის მე-7 ბატალიონში გ. პ. ძე ს-ას ნაცვლად მსროლელად ჩარიცხულია - გ. პ. ძე ს-ა.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ას განცხადება დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - გ. პ. ძე ს-ი (მოქალაქის პირადობის მოწმობა: №ე ..., პირადი №..., დაბადების თარიღი: ..., დაბადების ადგილი: გ-ი) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 16 იანვრის №133 ბრძანების კუთვნილების ფაქტი, რომელშიც 25-ე ნომრად მითითებული მისი სახელი ,,გ-ი” არ ემთხვევა მისი მოქალაქის პირადობის მოწმობაში (№ე ...) მითითებულ სახელს ,,გ-ს”. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ გასაჩივრებულა მხარეთა მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 2.1.-2.5. პუნქტები).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივარი ემყარება მხოლოდ სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევაზე მითითებას და აპელანტი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემული სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სასამართლო მივიდა სწორ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. მოცემულ შემთხვევაში, გ. ს-ას მიერ მოთხოვნილი ფაქტის დადგენა იურიდიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან კანონი ამ ფაქტს უკავშირებს იურიდიული ურთიერთობის წარმოშობას; კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საბუთში არსებული ხარვეზის გამო უფლებადამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რის საფუძველზეც სამომავლოდ შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოსაგან მოითხოვოს კანონით დადგენილი შეღავათების მასზე გავრცელება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთების იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. აღნიშნული ქცევის წესიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შეუძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომლებშიც მისი პირადი მომაცემები არასწორადაა დაფიქსირებული. განმცხადებელი ითხოვს უფლების დამდგენი საბუთის მისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენას, რომელშიც მისი სახელი აღნიშნულია არასწორად (მითითებულია გ. ნაცვლად სახელისა - გ.ი). ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება უფლების დამდგენი დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის განმარტებას ზემოაღნიშნულ ნორმასთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ უდავო წარმოებით განსახილველი საქმე სასარჩელო წარმოებით განსახილველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეზე აღიძვრის დავა უფლების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლზე დაყრდნობით, დავას უფლების შესახებ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის უფლებაში და ართმეს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია განსახილველი იურიდიული ფაქტის დადგენით თავისი მატერიალური უფლების დარღვევაზე, რაც სასარჩელო წარმოებაში მოდავე მხარის სტატუსისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს; შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სამოქალაოქ საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების წანამძღვრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო მოკლებული იყო კანონიერ შესაძლებლობას დაედგინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 16 იანვრის №133 ბრძანების გ.ს-ი კუთვნილება, რადგან არსებობდა აღნიშნული ბრძანების განმცხადებლისათვის მიკუთვნების სხვა სამართლებრივი მექანიზმი, კერძოდ, დაინტერესებულ პირს უნდა მიემართა აქტის გამომცემი ორგანოსათვის (თავდაცვის სამინისტროსათვის) და მოეთხოვა ბრძანებაში დაშვებული უსწორობის ან ცდომილების გასწორება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ხოლო თუ მას მიღებული გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებდა, ამ შემთვევაში, შეეძლო დავა ეწარმოებინა სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე