საქმე №ას-1211-1156-2013 4 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ლ. ს-ი, ზ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის, ვ. მ-ის, ლ. ს-სა და თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის – 15 580,85 აშშ დოლარის, სარგებლის – 5 189,46 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 7029,81 აშშ დოლარის, ასევე 2012 წლის 27 ივნისიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 2013 წლის 27 ივნისამდე ყოველდღიურად 15 580,85 აშშ დოლარის 0,1% დაკისრება, თანხის ამოღების მიზნით კი, იპოთეკით დატვირთული ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, დ. ა-ის №164-ში მდებარე ვ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №...) რეალიზაცია შემდეგი საფუძვლებით:
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-სა“ და ზ. მ-ს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმდა №0202 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 15 000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, ყოველთვიური 4% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზ. მ-ის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ვ. მ-ის კუთვნილი სადავო უძრავი ქონება, ხოლო ლ. ს-ან და თ. გ-ან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.
2011 წლის 4 ივლისს სს მიკროსანინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-ს” და ზ. მ-ს შორის მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია. ძირითადი თანხის რაოდენობა გაიზარდა 15 988,04 აშშ დოლარამდე და სესხის სარგებლობის ვადა გაგრძელდა 2013 წლის 4 ივლისამდე. მხარეებს შორის შეთანხმდა ახალი გადახდის გრაფიკი.
ზ. მ-მა რამდენიმეჯერ დაარღვია თანხის გადახდის მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა მხოლოდ 14 550 აშშ დოლარს. 2011 წლის 4 ივლისის შეთანხმებით მოხდა მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და არა სესხის რესტრუქტურიზაცია. მოთხოვნილი პირგასამტეხლო საკმაოდ მაღალია. მოსარჩელეს შეუძლია, საპროცენტო სარგებელი მოითხოვოს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. მ-ს, ლ. ს-სა და თ. გ-ეს მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 1 მარტის №0202 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირი თანხის – 15 580.85 აშშ დოლარის, პროცენტის – 3 169.15 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე ზ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 1 მარტის №0202 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე პროცენტის – 2020.31 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 702.98 აშშ დოლარის, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის – 15 580.85 აშშ დოლარის 0,01%-ის ანაზღაურება 2012 წლის 27 ივნისიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2013 წლის 27 ივნისამდე, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ვ. მ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 2 500 აშშ დოლარით შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
2011 წლის 1 მარტს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-სა“ და ზ. მ-ს შორის დაიდო N0202 საკრედიტო ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 15 000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, ყოველთვიური 4% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზ. მ-ის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ბორჯომის რაიონის დაბა ბ-ი მდებარე ვ. მ-ის კუთვნილი დ. ა-ის ქუჩა №164 უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...).
ზ. მ-ის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-სა“ და ლ. ს-ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ. ს-მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზ. მ-ის 2011 წლის 1 მარტის N0202 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 18 750 აშშ დოლარით.
ზ. მ-ის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-ს“ და თ. გ-ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ. გ-ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ზ. მ-ის 2011 წლის 1 მარტის N0202 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 18 750 აშშ დოლარით.
2011 წლის 4 ივლისს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-სა“ და ზ. მ-ს, ვ. მ-ს, თ. გ-ეს და ლ. ს-ს შორის დაიდო შეთანხმება 2011 წლის 1 მარტის N0202 საკრედიტო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
შეთანხმების თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი კრედიტის სარგებლობის ვადა გაგრძელდა 2013 წლის 4 ივლისამდე, 2011 წლის 4 ივლისიდან შეიცვალა თავდაპირველი გადახდის გრაფიკი ახლით, რომლის თანახმად, 2011 წლის 4 ივლისისათვის ზ. მ-ს ძირითადი დავალიანების სახით გადასახდელი ჰქონდა 15 988.04 აშშ დოლარი.
სასამართლოს მითითებით, ლ. ს-ი, ზ. მ-ი და ვ. მ-ი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდნენ კრედიტორისთვის წინასწარ 500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.
სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განმარტოს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში, კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. აღნიშნული ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს.
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სესხის თანხის ნაწილის დაბრუნების შესახებ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო სადავო თანხის – 500 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებით (წერილობითი მტკიცებულებით).
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განმარტა, სადავო თანხიდან 450 აშშ დოლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კრედიტის მომსახურების საკომისიოს – კრედიტის მთლიანი თანხის 3%-ს (ხელშეკრულების 2.6. მუხლი).
მოცემული დავის სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამავე ვალდებულების შესრულებამდე.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა საკრედიტო ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე მართლზომიერად შემცირდა.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ ზ. მ-ის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ვ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დავალიანების ანაზღაურების მიზნით, მართებულად მიექცა სარეალიზაციოდ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ს-მა და ზ. მ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში არასწორად დაადგინა მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი გარემოება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამ ნაწილში პალატამ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორმა მოპასუხეს სადავო თანხა გადაუხადა.
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნა. აღნიშნული კი, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით ლ. ს-სა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ს-სა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. ს-სა და ზ. მ-ს უნდა დაუბრუნდეთ №1 საგადახდო დავალებით ლ. ს-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 13 იანვარს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-სა და ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. ს-სა (პირადი №...) და ზ. მ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ №1 საგადახდო დავალებით ლ. ს-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 13 იანვარს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე