№ას-1214-1159-2013 10 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი მოპასუხეების: შპს „ს. ს. მ-ის“, ლ. მ-სა და ნ. დ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ნაწილობრივ დაკმაყოდილდა:
ლ. მ-ს და ნ. დ-ეს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2011 წლის 7 დეკემბრის №24.1595 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 2120.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენდა 2028.26 ლარს, პროცენტი – 59.41 ლარს და პირგასამტეხლო – 33.09 ლარს;
შპს „ს. ს. მ-ის“, ლ. მ-სა და ნ. დ-ეს სს პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2011 წლის 10 აგვისტოს №24.876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 10911.36 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენდა 9992.09 ლარს, პროცენტი – 474.63 ლარს და პირგასამტეხლო – 444.64 ლარს;
ლ. მ-სა და ნ. დ-ეს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 63.62 ლარის გადახდა;
შპს „ს. ს. მ-ის“, ლ. მ-ს და ნ. დ-ეს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 327.34 ლარის გადახდა;
შპს „ს. ს. მ-ის“, ვ. ჯ-ს (ლ. მ-ი) და ნ. დ-ეს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის, 20 ლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის შეგებებული სარჩელი სს „პ. ბ-ის“ მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა სოლიდარული ვალდებულების შესახებ 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2011 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს ,,პ. ბ-ს” და შპს „ს. ს. მ-ის” (დირექტორი ვ. ჯ-ი) შორის 2011 წლის 10 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ბ-მა გახსნა საკრედიტო ხაზი 10000 ლარის ოდენობით, წლიური 26% სარგებლის დარიცხვით.
სს ,,პ. ბ-ს” და ვ. ჯ-ს შორის 2011 წლის 7 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით, 8 თვის ვადით, წლიური 25% სარგებლით.
სს ,,პ. ბ-ს”, შპს „ს. ს. მ-სა” და ვ. ჯ-ს შორის 2011 წლის 7 დეკემბერსა და 10 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შპს „ს. ს. მ-ან” და ვ. ჯ-ან ერთად სოლიდარულად იკისრეს ნ. დ-ემ და ვ. ჯ-მა, 2011 წლის 7 დეკემბრის №670284507-0442, 2011 წლის 10 აგვისტოს №670284507-041 და №670273469-041 ხელშეკრულებებით სოლიდარული ვალდებულების შესახებ.
ვ. ჯ-მა შეიცვლა სახელი და გვარი ლ. მ-ე.
მოპასუხეებს სს ,,პ. ბ-ის” მიმართ 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2011 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებიათ და მათი დავალიანება ბ-ის წინაშე შეადგენდა: 2011 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე – სესხის ძირითადი თანხა – 2028.26 ლარი, პროცენტი – 59.41 ლარი, პირგასამტეხლო – 330.94 ლარი; 2011 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე – სესხის ძირითადი თანხა – 9992.09 ლარი, პროცენტი – 474.63 ლარი, პირგასამტეხლო – 4446.44 ლარი.
მოცემულ საქმეზე, მოპასუხე ნ. დ-ემ, შეგებებული სარჩელით სადავოდ გახდა 2011 წლის 10 აგვისტოსა და იმავე წლის 7 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებებით მის მიერ გამოვლენილი ნება და მოითხოვა მითითებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი გარიგებების დადების მიზნით მოატყუეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (უსინათლობა) ვერ გაერკვა, თუ რაზე აწერდა ხელს.
დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსაზრებები და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. შესაბამისად, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შედეგად. ამასთან, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაგენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აქედან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან; შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, რა დროსაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. იმ პირობებში, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, იგულისხმება, რომ დაუძლეველი გარემოებების გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისგან.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად არ იქნა გაზიარებული ნ. დ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი (ნ. დ-ე) მოატყუეს გარიგების შინაარსში, რადგან მას ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა, მას ხელმოწერისას არ განუცხადებია პრეტენზია მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხოლო თუ დავუშვებდით, რომ ნ. დ-ე მართლაც არ გაცნობია სადავო ხელშეკრულებების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენდა მესამე პირისადმი (იგულისხმება მისი ყოფილი სიძე – ქალიშვილის მეუღლე, ვ. ჯ-ი) ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა; ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა) ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
რაც შეეხებოდა ნ. დ-ის მიერ სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, რომ იგი არის პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი, არ შეეძლო კითხვა, შესაბამისად, ხელშეკრულებას ისე მოაწერა ხელი, რომ არ გაცნობია მის შინაარს, ხოლო ლ. მ-მა (ვ. ჯ-მა) და ბ-ის წარმომადგენელმა მოატყუეს, განუმარტეს, რომ მას ხელშეკრულებებზე ხელი უნდა მოეწერა, როგორც მოწმეს, მითითებულ გარემოებებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი მტკიცებლებები (საპენსიო მოწმობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა პენსია, როგორც პირველი ჯგუფის მხედველობით ინვალიდს, ასევე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის საწევრო ბილეთი), არ იყო საკმარისი მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად. უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ ისეთი ფიზიკური ნაკლი, როგორც არის მხედველობის უნარის სრული შეზღუდვა, უნდა დადასტურებულიყო სხვა სახის მტკიცებულებით. აქვე, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ როგორც საქმის მასალებით დადგინდა, ნ. დ-ე სადავო გარიგებების დადების შემდეგ, 2012 წლის 31 ივლისს, ასევე დამოუკიდებლად აწერდა ხელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებულ გარიგებას უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებ, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას – ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
რაც შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ საქმეში განთავსებული რამდენიმე გარიგების გაფორმებისას (მათ შორის, მოცემული საქმის საწარმოებლად რწმუნების გაცემისას) ნ. დ-ან ერთად, მისი ავადმყოფობის გამო (მხედველობის შეზღუდვა), მონაწილეობას იღებდნენ ნდობით აღჭურვილი პირები, აღნიშნული ვერ გამ-გებოდა იმის სამტკიცებლად, რომ სადავო გარიგებები დადებული იყო მოტყუებით და იმ პირობებში, როდესაც ნ. დ-ეს არ შეეძლო გარიგების შინაარსის გაცნობა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უწინარესად, უნდა აღნიშნულიყო ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევებისგან განსხვავებით, არც სადავო გარიგებების და არც ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ნ. დ-ეს არ განუცხადებია მისი ფიზიკური ნაკლის შესახებ, რაც ხელს შეუშლიდა გარიგების ტექსტის წაკითხვასა და მისი შინაარსის გაცნობაში. ყურადსაღები იყო ის ფაქტიც, რომ სადავო გარიგებები დაიდო 2011 წელს, ხოლო დასახელებული ხელშეკრულებები – 2012 წელს. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ისეთი ფიზიკური ნაკლი, როგორიც იყო მხედველობის უნარის სრული შეზღუდვა, უნდა დადასტურებულიყო სხვა სახის მტკიცებულებით (ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა და ა.შ.).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადსტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2011 წლის 10 აგვისტოს სოლიდარული ვალებულების შესახებ ხელშეკრულებები, არ იყო დადებული მოტყუებით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ნ. დ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ამ გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაზიარა აპელანტის პრეტენზია სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, რადგან არ დასტურდებოდა მოცემულ საქმეზე აღნიშნული ნორმით დადგენილი წინაპირობის – ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო გარიგებაზე ხელის მოწერის შეუძლებლობის არსებობა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით; 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშვა საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე. მსესხებლებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, გადააცილეს კრედიტის დაფარვის ვადები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხე ნ. დ-ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება სს ,,პ. ბ-ის” მიმართ ვ. ჯ-სა და შპს „ს. ს. მ-ის” ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობდა 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2011 წლის 10 აგვისტოს ხელშკრულებებიდან, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა ნ. დ-ის სოლიდარული პასუხისმგებლობის დადგენა ძირითად მოვალეებთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ემ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა ნ. დ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ის დოკუმენტები (საპენსიო მოწმობა, უსინათლოთა კავშირის მიერ გაცემული საწევრო ბილეთი), რომელთა თანახმადაც, კასატორი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო პირი. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ნ. დ-ე არ წარმოადგენს სრულიად უსინათლო პიროვნებას და მას შეეძლო სადავო გარიგებებზე დამოუკიდებლად ხელის მოწერა. საქმის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლი;
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლითაც ნ. დ-ემ დამსწრე პირის გარეშე მოაწერა ხელი საბუთებს. მოცემულ საქმეზე, ხსენებული დოკუმენტის კანონიერების საკითხი არ იხილება. შესაბამისად, აღნიშნულ გარემოებაზე აპელირება, არამართებულია. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდნენ ნ. დ-ის შვილები, მყიდველმა წინასწარ გადაიხადა ბინის საფასური და მითითებული გარიგების დადებისას არანაირი ეჭვი არ წარმოშობილა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ იმ რწმუნებულებაზე, რომლითაც ნ. დ-ე წარმომადგენელ ა.მ-ეს ანიჭებს მისი დაცვის განხორციელების უფლებას და რომლითაც დასტურდება, რომ ნოტარიუსმა რწმუნებულება დაამოწმა დამსწრე პირის მონაწილეობით;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არც ის გარემოება გაუხდია, რომ 2011 წლის 7 დეკემბრის ახალ (მეორე) ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ბ-ის წარმომადგენელი თავად მივიდა ნ. დ-ან სახლში და მოახსენა, რომ პირველ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, რის გამოც მის გასაგრძელებლად საჭირო იყო კასატორის ხელმოწერა. სინამდვილეში, მან ნ. დ-ეს ახალ გარიგებაზე ხელმოწერა ისე განახორციელებინა, რომ შინაარსი არ წაუკითხა და არც ხელშეკრულების მეორე პირი გადასცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმ-გენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე