Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-1226-1171-2013 4 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. ბ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე განხორციელებული არაავტორიზებული წვდომის შედეგად განკარგული თანხის დაბრუნება, რომლის ოდენობა ვალუტის კონვერტაციის მიზნით მიღებული თანხის გათვალისწინებით შეადგენს 2655,51 აშშ დოლარს, ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის – 468 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

2012 წლის 17 ნოემბერს მ. მ-ის კუთვნილი სს „ს. ბ-ის“ საბარათე ანგარიშიდან 8 გადახდის ოპერაციის შედეგად გახარჯულ იქნა 2600,51 აშშ დოლარი. გადახდის ოპერაციები შესრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ სხვადასხვა ობიექტზე პროდუქციის შესყიდვის მიზნით.

აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას ეროვნული ვალუტის კონვერტაციისას მოსარჩელეს დამატებით ჩამოეჭრა 55 აშშ დოლარი. მ. მ-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ელექტრონული ბარათის გამოყენების დღეს, 2012 წლის 17 ნოემბერს, იმყოფებოდა საქართველოში და ამ დღეს სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთია, რაც დასტურდება მ. მ-ის პასპორტის ქსეროასლით.

მოსარჩელეს საკუთარი „ვიზა კლასიკის“ ტიპის პლასტიკური ბარათი (7639) სხვა პირისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსაყენებლად არ გადაუცია, ვინაიდან ამავე ბარათის მეშვეობით მოსარჩელეს საბარათე ოპერაცია ჩატარებული აქვს 2012 წლის 18 ნოემბერს.

ამდენად, ელექტრონული ბარათი გამოყენებულ იქნა არაავტორიზებული, ანუ ბარათის მფლობელის წინასწარი თანხობის გარეშე განხორციელებული წვდომის შედეგად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ. მ-მა მის ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის ფაქტი ვერ დაადასტურა. ამასთან, გამოკვეთილი არ არის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის მთავარი წინაპირობა, მოპასუხის ბრალეული მოქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის თანხის განკარგვა. საბანკო მომსახურების პირობებით, რომლითაც სარგებლობდა მოსარჩელე ხელშეკრულების დარღვევად არ ჩაითვლება კლიენტის უსაფრთხოების კოდების არაავტორიზებულად გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. ბ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2655,51 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის 468 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სს „ს. ბ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. მ-ს სს „ს. ბ-ი“ გახსნილი აქვს საბარათე ანგარიში №.... მოსარჩელე ანგარიშზე არსებული თანხის სამართავად იყენებს „ვიზა კლასიკის“ ტიპის პლასტიკურ ბარათს (7639). დასახელებულ ანგარიშზე მოსარჩელეს ერიცხება ხელფასი.

2012 წლის 17 ნოემბერს მ. მ-ის საბარათე ანგარიშიდან 8 გადახდის ოპერაციის შედეგად გაიხარჯა 2600,51 აშშ დოლარი.

მხარეები არ უარყოფენ, რომ მითითებული გადახდის ოპერაციები შესრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ სხვადასხვა ობიექტზე პროდუქციის შესყიდვის მიზნით. აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას ეროვნული ვალუტის კონვერტაციისას მოსარჩელეს დამატებით ჩამოეჭრა 55 აშშ დოლარი.

2012 წლის 17 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სადავო ელექტრონული ბარათის გამოყენების დღეს მ. მ-ი იმყოფებოდა საქართველოში.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთარი „ვიზა კლასიკის“ ტიპის პლასტიკური ბარათი (7639) სხვა პირისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსაყენებლად არ გადაუცია, ვინაიდან ამავე ბარათის მეშვეობით მოსარჩელეს საბარათე ოპერაცია ჩატარებული აქვს 2012 წლის 18 ნოემბერს.

2012 წლის 17 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მ. მ-ის ელექტრონული ბარათი გამოყენებულ იქნა არაავტორიზებული, ანუ ბარათის მფლობელის წინასწარი თანხობის გარეშე განხორციელებული წვდომის შედეგად.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სს „ს. ბ-ის“ ელექტრონული უსაფრთხოების სისტემის ხარვეზთან დაკავშირებით და ამ ნაწილში დაეთანხმა აპელანტის განმარტებას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში ძირითად პრინციპს წარმოადგენს ანგარიშზე არსებული სახსრების ხელშეუხებლობა. ყველა ოპერაცია, რომელიც ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვას ან ანგარიშიდან ჩამოწერას ეხება, უნდა მოხდეს ანგარიშის მფლობელის მითითებით ან ნებართვით. ასეთის გარეშე ფულადი სახსრების ჩამოწერა, ანგარიშის მფლობელის ქონების განკარგვას ნიშნავს და კლიენტის ნების უგულებელყოფა კანონსაწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

პალატამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის მომსახურებას ბანკი სთავაზობს კლიენტს და, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული კლიენტის ინტერესი მისი ნებართვის გარეშე ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. ყოველგვარი რისკი, რაც ახლავს ამ ტიპის მომსახურებას, უნდა იტვირთოს ბ-მა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსში სპეციალურად ყურადღება გამახვილებულია საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებაზე ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა მოხდეს მისი მფლობელის ნების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან ფულადი სახსრები განიკარგა მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულით შეილახა მოსარჩელის ქონებრივი ინტერესი. სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ დადგენილია საბანკო დაწესებულების ვალდებულება კლიენტისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. ბ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კლიენტის ნების საწინააღმდეგოდ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა შესაძლებელია, თუ მესამე პირისათვის ცნობილი ხდება ბარათზე დატანებული ბარათის ნომერი და ბარათის საიდენტიფიკაციო კოდი, ან/და მესამე პირის მიერ ხდება ბარათზე დატანებულია მაგნიტური ლენტის დუბლირება.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ბარათის მეშვეობით ანგარიშზე არაავტორიზებული/არასანქცირებული წვდომა შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის მიერ პლასტიკური ბარათის დაუდევარი ან/და არადანიშნულებისამებრ გამოყენებით, მათ შორის, მესამე პირისათვის გადაცემისას. პლასტიკური ბარათის არასანქცირებული გამოყენება შეუძლებელია, თუ ანგარიშის მფლობელი/კლიენტი სათანადო გულისხმიერებით ეკიდება უსაფრთხოების წესებს.

კლიენტის მიერ ბარათით სარგებლობის უფლება (ანგარიშის მართვა ბარათის მეშვეობით) წარმოადგენს არა ბ-ის, არამედ – კლიენტის არჩევანს.

ამდენად, ყოველგვარი რისკი (მათ შორის ანგარიშის არაავტორიზირებული წვდომასთან დაკავშირებითაც), რაც ახლავს ანგარიშის ბარათით მართვის შესაძლებლობას, უნდა იტვირთოს არა ბანკმა (როგორც ეს სასამართლომ განსაზღვრა), არამედ უდავოდ და ცალსახად ამ რისკის მატარებელ სუბიექტად მოიაზრება ანგარიშის მფლობელი/განმკარგავი პირი. სწორედ ამ ლოგიკის სამართლებრივ გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „საგადასახადო ბარათების შესახებ“, მოცემული ნორმატიული აქტის მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით ზუსტად არის განსაზღვრული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დროსაც შესაძლებელია, ბანკს დაეკისროს პასუხიმგებლობა განხორციელებულ არასანქცირებულ ოპერაციაზე.

საყურადღებოა, რომ სს „ს. ბ-ს“ და მ.მ-ს შორის გაფორმდა შესაბამისი გარიგება. მოცემული ხელშეკრულების 3.2.10. პუნქტის შესაბამისად, ბანკის მხრიდან არ ითვლება ხელშეკრულების დარღვევად და იგი არ იქნება ვალდებული რაიმე ზარალზე, როდესაც კლიენტის უსაფრთხოების დეტალები (კერძოდ, წვდომის კოდები) არაავტორიზებულად იქნება გამოყენებული. ამდენად, მითითებულ გარიგებაზე ხელის მოწერით, კლიენტმა ცალსახად გამოთქვა ნება, რომ საბანკო ანგარიშის ბარათით მართვის შესაძლებლობის სანაცვლოდ, ყოველგვარი რისკი ანგარიშის არაავტორიზირებულ/არასანქცირებულ გამოყენებასთან დაკავშირებით თავად გაეწია.

ასევე აღსანიშნავია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის ბარათზე არაავტორიზებული/არასანქცირებული წვდომის შემთხვევაშიც არ არის დასაბუთებული მოპასუხის ბრალეულობა აღნიშნულთან მიმართებით, კერძოდ, ვერ საბუთდება, თუ ბანკის რა ბრალეული ქმედება დაედო საფუძვლად იმ ზიანს, რომელიც მიადგა მოსარჩელეს.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სატრანსპორტო საშუალებების განვითარების მაღალი დონე იძლევა საშუალებას, პლასტიკური ბარათი გადაიგზავნოს საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში, გამოყენებულ იქნას იგი თანხის ან/და საქონლის/მომსახურების მისაღებად, და იმავე დღეს დაუბრუნდეს პატრონს საქართველოში გამოსაყენებლად.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, როდესაც ბანკს დააკისრა იმ გარემოების დადასტურება, რომ კლიენტმა დაარღვია შეთანხმებული უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის, ბარათი გადასცა სხვა პირს.

გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს საკუთარი „ვიზა კლასიკის“ ტიპის ბარათი სხვა პირისათვის არ გადაუცია, ვინაიდან მან 2012 წლის 18 ნოემბერს განახორციელა ამ ბარათის მეშვეობით ტრანზაქციები სასამართლოში, ხოლო ბარათის არაავტორიზებული გამოყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა 2012 წლის 17 ნოემბერს.

მოცემული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მესამე პირისათვის ბარათი არ გადაუცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. ბ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს. ბ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბ-ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე