Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-1235-1180-2013 10 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ც. მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 23 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა მოპასუხე შპს „ს. ც. მ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხისათვის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სასარგებლოდ 5200 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

მოპასუხე შპს „ს. ც. მ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3793 ლარის გადახდა;

სარჩელი არ დაკმაყოფილდა 2475.6 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;

შპს „ს. ც. მ-ს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 113.79 ლარის გადახდა;

მოსარჩელის მიერ გადახდილი 74.27 ლარი ჩაითვალა ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 48.75 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ც. მ-მა“.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს. ც. მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და შპს ,,ს. ც. მ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მანდატურის სამსახური 2012 წლის 3 იანვრიდან 2012 წლის 31 მარტის ჩათვლით შპს ,,ს. ც. ...-ს” უზრუნველყოფდა ერთი მანდატურით, ხოლო 2012 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 3 იანვრამდე – ორი მანდატურით. ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,ს. ც. მ-მა” იკისრა ვალდებულება, ყოველთვიურად, 2012 წლის 3 იანვრიდან 2012 წლის 31 მარტის ჩათვლით გადაეხადა მანდატურის მომსახურების საფასური 650 ლარი (ერთი მანდატურის მომსახურების ხელფასი), ხოლო 2012 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 3 იანვრამდე – 1300 ლარი (ორი მანდატურის მომსახურების საზღაური).

შპს ,,ს. ც. მ-მა” 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, გარდა ივლისის თვისა, გადაიხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ დაწესებული მომსახურეობის საფასური.

2012 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა მიმართა შპს ,,ს. ც. მ-ს” დავალიანების დაფარვის თაობაზე, ძირითადი თანხით 5200 ლარი და პირგასამტეხლოთი 280.8 ლარი.

2012 წლის 21 ნოემბერს, შპს ,,ს. ც. მ-ის” დირექტორმა წერილით ამცნო მოსარჩელეს, რომ 2012 წლის 3 იანვრიდან 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით არსებული დავალაინება – 5818 ლარი – გადახდილი ჰქონდა და დამატებით თანხის გადახდას აღარ აპირებდა.

2012 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა” წერილობით აცნობა შპს ,,ს. ც. მ-ს”, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

შპს ,,ს. ც. მ-ს” სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისათვის 2013 წლის აგვისტოს თვიდან 27 ნოემბრამდე, ანუ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტამდე, მანდატურის მომსახურების ღირებულება (5200 ლარი) არ გადაუხდია. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ამ თანხის გადახდის ვალდებულება მას არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა მოსაზრება გარიგების იძულებით დადების თაობაზე, ასევე, მოსაზრება მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ნიშანდობლივი იყო, რომ მოსარჩელის მითითებას – 2012 წლის აგვისტოს თვიდან 27 ნოემბრამდე ანაზღაურების მიუღებლობის თაობაზე, არც მოპასუხე უარყოფდა, მაგრამ განმარტავდა, რომ მოსარჩელეს ზემოხსენებული თანხა არ ერგებოდა იმიტომ, რომ 15 სექტემბრამდე პერიოდში სასწავლებელში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა, გაწეული სამუშაოსათვის ანაზღაურების ვალდებულება კი მოპასუხეს მხოლოდ სასწავლო პერიოდში ჰქონდა, რაც შეეხებოდაა 15 სექტემბრის შემდგომ პერიოდს, მოპასუხეს არასწორად ჰქონდა თანხები გადახდილი მოპასუხისათვის იანვარში და ივნისში და ეს თანხები უნდა გამოქვითულიყო გადასახდელის თანხის (ოტომბერ-ნოემბრის თვის) ანგარიშში.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რის გამოც წინამდებარე დავა ვალდებულებითი სამართლისა და ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით უნდა მოწესრიგებულიყო. დავის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით, 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ს. ც. მ-ის” დირექტორ ლ. ა-ეს, როგორც პირველი ინსტანციის სასამათლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში, არ წარუდგენია დასაბუთებული პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მანდატურის სამსახურმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქმეზე დადგინდა, რომ ხელშეკრულების მიხედვით შპს ,,ს. ც. მ-ს” უნდა გადაეხადა თვეში 1300 ლარი. მას 2012 წლის აგვისტოს თვიდან მომსახურების ღირებულება გადახდილი არ ჰქონდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა მიღებული მომსახურების ღირებულება. საქმის მასალების შეფასებით, მოპასუხე თვეში 1300 ლარს იხდიდა გაწეული მომსახურებისათვის, ხოლო მოსარჩელეს – აგვისტოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში მომსახურეობა არ გაუწევია. ხელშეკრულებაში არ იყო დათქმული პირობა, თუ როგორ უნდა ანაზღაურებულიყო საზაფხულო არდადეგებში მანდატურის ხელფასი, ამიტომ ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო პრაქტიკულად გაწეული მომსახურების მიხედვით. მანდატურებმა თავიანთი მოვალეობა შეასრულეს სექტემბრის მეორე ნახევარში, ოქტომბერში, ასევე 27 ნოემბრამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ამ პერიოდის მომსახურების ღირებულება. რაც შეეხებოდა აგვისტოსა და სექტემბრის პირველ ნახევარს, დროის დასახელებულ მონაკვეთში მომსახურეობა არ გაწეულა, ამასთან, სასამართლოს აღნიშნული პოზიცია მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება მხოლოდ მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაწეული მომსახურეობის ორთვენახევრის ღირებულების გადახდისა, და მოპასუხისათვის 3250 ლარის დაკისრების ნაწილში სწორი, კანონშესაბამისი იყო და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 416-ე და 417-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე, მოვალის გარანტია; პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდაზე, თუ ხელშეკრულება ვადაში არ შესრულდებოდა. ასეთ შემთხვევაში, სახელშეკრულებო დათქმით, მოპასუხე ვალდებული იქნებოდა მოსარჩელისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა დადგენილ ვადაში, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა დათქმა ასახული იყო ხელშეკრულების 3.7. პუნქტში (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადის 0.1 %-ის ოდენობით). ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხეს მომსახურების ღირებულება უნდა გადაეხდა მიღება-ჩაბარების ან ანგარიშ-ფაქტურის ხელმოწერიდან ხუთი დღის ვადაში, მიღება- ჩაბარების აქტები კი მოპასუხისათვის უნდა გაგზავნილიყო ყოველი თვის დასრულებამდე. ამდენად გადახდა უნდა მომხადარიყო თვის დასაწყისში. მიღება-ჩაბარების აქტები აპელანტს – შპს ,,ს. ც. მ-ს” ეგზავნებოდა ყოველი თვის დასრულებამდე, ამიტომ გადახდა ყოველი შემდეგი თვის დასაწყისში უნდა განხორციელებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება პირგასამტეხლო სახით მოპასუხისათვის 543 ლარის დაკისრების ნაწილში (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 6.3. პუნქტის ბოლო აბზაცი) და ჩათვალა, რომ მისი გაუზიარებლობის საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს. ც. მ-მა“.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლო არასწორად დაეყრდნო სსიპ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების ზეპირ განცხადებას გადაუხდელი სადავო თვეების შესახებ. მოთხოვნილი ძირი თანხა, 5200 ლარი, მოიცავს სრულ ოთხ თვეს. ხელშეკრულება 27 ნოემბერს შეწყდა და ბუნებრივია, მანდატურის სამსახური სრული თვის გადასახადს წინასწარ ვერ მოითხოვდა. ამდენად, სადავო თანხაში ნოემბრის თვე ნაგულისხმევი არ იყო და მასში შედიოდა ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდი. ვინაიდან აღნიშნული თვეებიდან ორთვენახევარი არდადეგებს დაემთხვა, ამიტომ 17 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გადასახდელი თანხა შეადგენდა 1906.7 (606.7 + 1300 = 1906.7-ს) ლარს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სექტემბერში სწავლა დაიწყო 17 რიცხვში და საანგარიშოდ უნდა აეღოთ არა 650 ლარი, არამედ – 606.7 ლარი. 3 იანვრიდან 23 იანვრამდე და 16 ივნისიდან 30 ივნისამდე ზედმეტად გადახდილი თანხა – 1051.7 ლარი, უნდა ჩაეთვალათ სექტემბერ-ოქტომბრის გადასახადში, ხოლო დარჩენილი 855 (1906.7 – 1051.7) ლარის გადახდაზე მოპასუხე თანახმა იქნებოდა;

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით უკან იქნას გამოთხოვილი, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის მე-40 მუხლი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით, მათ შორის, გათავისუფლდეს გადასახადისგან, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა;

იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულებაში ბუნდოვანია არასასწავლო პერიოდში თანხის გადახდის საკითხი, სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლზე (თუ ხელშეკრულებაში სტანდარტული პირობის ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ) დაყრდნობით კასატორი არამართებულად მიიჩნევს არასასწავლო პერიოდზე გადახდის ვალდებულების დადგენას;

მანდატურის სამსახურის დებულების პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ ხსენებული სამსახური შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომსახურების მიზნით, კერძო სტრუქტურაში მათი შესვლის უფლებაზე არსად არ არის აღნიშნული. ამდენად, მანდატურების სკოლაში შეყვანის შესახებ მოთხოვნა არ არსებობს, შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რატომ მოაწერდა ხელს შპს „ს. ც.მ-ი“ მათ შეყვანაზე ცენტრის დირექტორი ლ.ა-ე, თუკი მის მიმართ იძულებას არ ექნებოდა ადგილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ც. მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ც. მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს. ც. მ-ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – შპს „ს. ც. მ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 0, გადახდის თარიღი – 2013 წლის 27 დეკემბერი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე