№ას-1258-1201-2013 24 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ზ-მა მოპასუხეების – რ. ს-სა და გ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
მოპასუხეებს – რ. ს-სა და გ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 8000 აშშ დოლარის გადახდა, მათვე ა. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 395 ლარის ანაზღაურება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა. საჩივრის ავტორმა მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხე გ. გ-ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, 2013 წლის 13 თებერვალს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისში, ს-ის ქ.N2-ში და განესაზღვრა 10 დღის ვადა პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად.
სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გ. გ-ს ჩაბარდა 2013 წლის 15 თებერვალს, კერძოდ, გზავნილი ჩაბარდა გ. გ-ის ოჯახის წევრს (სიძეს) – გ.ს-ს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ გზავნილი ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
საქმეში წარდგენილი ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილით დასტურდებოდა, რომ გ. გ-ის გადასაცემი გზავნილი სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ს-ის ქ. N2) ჩაიბარა გ. ს-მა, რომელიც ხელს აწერდა, როგორც ოჯახის წევრი.
გ. გ-ის პირადობის მოწმობით დადასტურდა, რომ პირადობის მოწმობაში მის მისამართად მითითებულია თბილისი, ს-ის ქუჩა N2.
საქმეში, თავად გ. გ-ი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე და გამოტანის შემდეგ პერიოდშიც, მის მიერვე წარდგენილ დოკუმენტებში, კერძოდ, განცხადებაში, შესაგებელში, საჩივარში და სააპელაციო საჩივარში, მის საცხოვრებელ მისამართად უთითებდა იმ მისამართს, რომელზეც მას ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები – თბილისი, ს-ის N2.
საქმეში წარდგენილი გზავნილის ჩაბარების დასტურებით ასევე დადგინდა, რომ გ. გ-მა აღნიშნულ მისამართზე სხვადასხვა დროს პირადად ჩაიბარა სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტები.
ამდენად, საქმის მასალებით დადგინდა, რომ აპელანტი ზემოხსენებულ მისამართზე ცხოვრობდა და მას თავადვე სურდა, რომ გზავნილები სწორედ ამ მისამართზე გაგზავნოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ იგი დასახელებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და გზავნილი დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
რაც შეეხებოდა უფლებამოსილი პირის მიერ გზავნილის ჩაბარების ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე მუხლში მითითებული ოჯახის სრულწლოვან წევრში მოიაზრება ყველა ის პირი, რომელიც ცხოვრობს პროცესის მხარესთან, ანუ, ის პირი, რომელსაც ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე, დაუბრკოლებლად შეუძლია გადასცეს მხარეს სასამართლო უწყება ან გზავნილი. თავად გ. გ-ი საქმეში წარდგენილი მასალებით მას მოიხსენიებდა ნათესავად (ოჯახის წევრად). საქმის განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ გ.ს-ი არის გ. გ-ის დის შვილის ორი შვილის მამა და მამობა დადგენილია შესაბამისად გაკეთებული სააქტო ჩანაწერებითაც. ამდენად, ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა გზავნილის ჩაბარების დროისათვის გოგა სვიმონიშვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო ის გარემოება, თუ რამდენად ექნებოდა ოჯახის წევრს საშუალება, რომ გზავნილი ადრესატისათვის გადაეცა. განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ გ. ს-მა გზავნილი ჩაიბარა იმ მისამართზე, სადაც გ. გ-ი ცხოვრობდა, რაც თავისთავად გულისხმობდა, რომ გ. ს-ი თავისუფლად შეძლებდა გზავნილის გ. გ-ის გადაცემას. ამდენად, გ. ს-ის მიერ გზავნილის ჩაბარება, მიიჩნეოდა კანონით დადგენილი წესით გ. გ-ის ჩაბარებად.
საქმეზე დადგინდა, რომ გ. გ-მა შესაგებელი წარადგინა მისი წარდგენისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 28 მარტს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ზ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მითითებული ნორმის, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა არსებობდეს უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელის მოთხოვნას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), მითითებული გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).
კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოთ მოყვანილი ნორმების საფუძველზე დადგენილად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:
– ა. ზ-მა, 2011 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გ. გ-სა და რ. ს-ს გადასცა 8000 აშშ დოლარი.
– გ. გ-სა და რ. ს-ს, ა. ზ-ის მიერ გადაცემული 8000 აშშ დოლარი უკან არ დაუბრუნებიათ.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებით და დააკმაყოფილა ა. ზ-ის სარჩელი.
აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა იმაზე მითითებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რადგან საქმეში წარდგენილი იყო ყალბი ხელშეკრულება, სინამდვილეში თანხის გადაცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში არსებითად არ ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა და მხარეთა პოზიციების შეჯერება. სასამართლო, მხოლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტების საფუძველზე აფასებს, რამდენად მართებულია მისი მოთხოვნა და შესაბამისად აძლევს ამ გარემოებებს სამართლებრივ შეფასებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, აგრეთვე, თუკი გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა შესაგებლის საპატიო გარემოების გამო წარუდგენლობის ფაქტი. ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძვლებს, რითაც შელახა კასატორის კანონიერი უფლებები და უსაფუძვლო გადაწყვეტილებით მას მიაყენა მატერიალური ზიანი, კერძოდ, მეორე მოპასუხესთან – რ. ს-ან ერთად არასწორად დააკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ საფუძვლიანად არ შეისწავლა სარჩელში მითითებული გარემოებები, კერძოდ, იმის მიუხედავად, რომ სარჩელს თან ერთვოდა გაყალბებული ხელშეკრულება, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი ვერ ჩაითვლება იურიდიულად გამართლებულად;
სასამართლო გზავნილი არც პირადად კასატორს ჩაბარებია და არც კანონით მის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, თავის შვილებთან სტუმრად მყოფი მამის – გ. ს-ის გზავნილის ჩაბარება, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო გ. გ-ის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის მის ჩაბარებად. გ. გ-ს სასამართლო გზავნილი სათანადო წესების დაცვით არ ჩაბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე