№ას-1263-1205-2013 24 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 24 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა კ. კ-ემ მოპასუხეების – მ. ჯ-სა და მ. ქ-ას მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნები:
1. ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ ნ. გ-ის სამკვიდრო ქონებაზე მ. ქ-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;
2. ქ.ქუთაისში, ს. პ-ს ქ.№108-ში მდებარე ნ. გ-ის სამკვიდრო ქონების მოსარჩელის მიერ მფლობელობის გზით მიღებულად მიჩნევა და დასახელებულ ქონებაზე საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლების დარეგისტრირება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ მ. ქ-ას სასარგებლოდ ნ. გ-ის სამკვიდრო ქონებაზე 2012 წლის 16 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
2. აღიარებულ იქნა, რომ დ. გ-ემ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო ქ.ქუთაისში, ს. პ-ს ქ.№108-ში მდებარე ნ. გ-ის სამკვიდრო ქონება, ხოლო მისგან ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო კ. კ-ემ;
3. მოპასუხე მ. ქ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის გადახდა.
პ- ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ამ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ცვლილება შევიდოდა მ. ჯ-ის მიერ მ. ქ-ას სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და მ. ქ-ა ცნობილი იქნებოდა ქ.ქუთაისში, ს. პ-ს №108-ში მდებარე უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სადავო ქონება მდებარეობს ქ.ქუთაისში, ს. პ-ს ქ.№108-ში. ქონება წარმოადგენდა ნ. გ-ის საკუთრებას. იგი გარდაიცვალა 2003 წლის 30 სექტემბერს.
ნ. გ-ეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. იგი ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ს. პ-ს ქ.№108-ში. დასახელებული სახლი გაყოფილი იყო, სახლის ერთი ნაწილი რეგისტრირებული იყო მისი ბიძაშვილის (მოსარჩელის დედის) დ. გ-ის საკუთრებად, ხოლო მეორე ნაწილი ნ. გ-ის საკუთრებად. ქონება ბიძაშვილებს ფაქტობრივი მდგომარეობითაც გაყოფილი ჰქონდათ.
მ. ქ-ა და დ. გ-ე არიან დები. მათი მამა და ნ. გ-ის მამა ძმები იყვენ. ნ. გ-ის სიცოცხლის ბოლო წლებში მ. ქ-ა ცხოვრობდა ქ.თბილისში, ხოლო დ. გ-ე ცხოვრობდა ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის მეორე ნახევარში.
ნ. გ-ე გასვენებულ იქნა დ. გ-ის საკუთრებაში არსებული ფართიდან.
ნ. გ-ეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. მას ასევე არ ჰყავდა მშობლები, შვილიშვილები, ბებია-ბაბუა, და-ძმები, ბიძები, დეიდები და მამიდები. მ. ქ-ა და დ. გ-ე იყვნენ ნ. გ-ის ბიძაშვილები. მათი მამები იყვენ ძმები. ფაქტობრივად მეხუთე რიგამდე ნ. გ-ეს კანონიერი მემკვიდრეები არ ჰყავდა. მეხუთე რიგის მემკვიდრეები იყვნენ მ. ქ-ა და დ. გ-ე,
ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში, მის მემკვიდრეებს (ანუ, მ. ქ-სა და დ. გ-ეს) ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ და სამკვიდრო ქონების მიღება არ მოუთხოვიათ.
დ.ქ-ა გარდაიცვალა 2008 წლის 1 ოქტომბერს.
2012 წელში მ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქ.ქუთაისში, უ-ის ქ.№120(110)-ში მდებარე ნ. გ-ის დანაშთი ქონება მიიღო მფლობელობის გზით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მ. ქ-ამ მფლობელობის გზით მიიღო ქ.ქუთაისში, უ-ის ქ.№120(110)-ში მდებარე ნ. გ-ის სამკვიდრო ქონება.
მ. ქ-ამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება წარადგინა ნოტარიუს მ. ჯ-ან და მოითხოვა ქ.ქუთაისში, უ-ის ქ.№120(110)-ში მდებარე ნ. გ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
2012 წლის 16 ნოემბერს, ნოტარიუსმა მ. ქ-ას სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა ნ. გ-ის დანაშთ ქონებაზე.
მ. ქ-ამ სამკვიდრო ქონება წარადგინა საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდა ქ.ქუთაისში, ს. პ-ს ქ.№108-ში (ყოფილი ქ.ქუთაისი, უ-ის ქ.№120(110)) მდებარე ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.
კ. კ-ემ სადავო გახადა უდავო წარმოების წესით მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მისი გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მხარეებს განემარტათ, რომ სამკვიდრო დავის მოწესრიგებისათვის უფლება ჰქონდათ ედავათ სასარჩელო წესით.
კ. კ-ემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ ნ. გ-ის სამკვიდრო ქონებაზე მ. ქ-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, აგრეთვე, ქ.ქუთაისში, ს. პ-ს ქ.№108-ში მდებარე ნ. გ-ის სამკვიდრო ქონების მფლობელობის გზით მიღებულად მიჩნევა და საჯარო რეესტრისათვის დასახელებულ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ მითითების მიცემა.
კ. კ-ე დ. გ-ის შვილია.
კ. კ-ემ, 2009 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და ითხოვა მისი დედის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ასევე, დედის ბიძაშვილის – ნ. გ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
2009 წლის 10 აგვისტოს, ნოტარიუსმა ხ. ჯ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც კ. კ-ემ მიიღო მისი დედის, დ. გ-ის დანაშთი ქონება – ქ.ქუთაისში, ს. მ-ის ქ.№108-ში მდებარე სახლის ½ ნაწილი, ხოლო 2009 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით კ. კ-ეს უარი ეთქვა დ. გ-ის ბიძაშვილის, ნ. გ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა ნ. გ-სა და დ. გ-ის ნათესაური კავშირი. დადგენილებაში განიმარტა, რომ დარეჯან გ-ე და ნ. გ-ე რეგისტრირებული იყვნენ სხვადასხვა მისამართზე და არ დგინდებოდა დ. გ-ის მიერ ნ. გ-ის დანაშთი ქონების მფლობელობის გზით მიღება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. გ-მა განმარტა, რომ ის არის მოსარჩელე კ. კ-ის მეზობელი, კარგად იცნობდა დ. და ნ. გ-ს, ასევე იცნობს მ. ქ-ას. ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას მთლიანად დაეუფლა დ. გ-ე, კერძოდ, იგი ნ. გ-ის კუთვნილ ფართს დაეპატრონა და უვლიდა მას. მოწმემ კატეგორიულად უარყო ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მ. ქ-ას მიერ ნ. გ-ის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების ფაქტი და განმარტა, რომ ის ცხოვრობს თბილისში და ქუთაისში ჩამოდიოდა დროგამოშვებით.
მოწმე მ. კ-სა და მ. კ-ის ჩვენებების მიხედვით, ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მათ გირაოდ გასცეს თავიანთი ბინა და საცხოვრებლად გადავიდნენ ნ. გ-ის ბინაში, სადაც ცხოვრობენ დღესაც. მათ განმარტეს, რომ თავიანთი საკუთრება ვალების გამო გაყიდეს და ამჟამად მხოლოდ ის ფართი აქვთ, რომელიც ნ. გ-ის საკუთრება იყო და რომელშიც საცხოვრებლად გადავინდენ მისი გარდაცვალების შემდეგ დაახლოებით ორ თვეში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოწმეების – ს. ს-სა და მ. კ-ის ჩვენებები, საბოლოო ჯამში კი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ქ-ა მამკვიდრებლის ქონებას კანონით დადგენილ ვადაში დაეუფლა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დ. გ-ე.
საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1328-ე, 1421-ე, 1336-ე, 1424.2 და 1424.3 მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხე მ. ქ-ას პრეტენზია მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ მან ნ. გ-ის სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ან თუკი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლებოდა სამკვიდრო ქონებას და ამ გზით მიიღებდა მემკვიდეობას. დადგინდა, რომ მ. ქ-ას ნოტარიუსისათვის სამვიდროს გახსნის შემდეგ არ მიუმართავს და არ მოუთხოვია სამკვიდრო მოწმობა, ასევე არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხე სამკვიდრო ქონებას დაეუფლა და მფლობელობის გზით მიიღო სამკვიდრო. მან ნოტარიუსს მიმართა 2012 წლის 16 ნოემბერს, რა დროსაც უკვე გაშვებული ჰქონდა სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვისათვის დადგენილი 6-თვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ამ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამკვიდროს პირდაპირ მფლობელობაში მიღება, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს სასამართლოში უკვე შეტანილი ჰქონდა ჰქონდა უდავო წარმოების წესით განსახილველი განცხადება და სასამართლომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარეს უარი ეთქვა სამკვიდრო ქონების პირდაპირი მფლობელობით მიღების ფაქტის დადგენაზე. ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 იანვრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მ1 ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე