№ას-1287-1229-2013 24 მარტი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. შ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი –საწარმოო ტრავმის შედეგად მ იყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. შ-ემ მოპასუხე სს „ს.რ-ის“ მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნები:
მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს სხვაობის, 320 ლარის დაკისრება, საგადასახადო კოდექსის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
მოპასუხისათვის ზ. შ-ის სასარგებლოდ, 2013 წლის აპრილიდან ყოველთვიურად, სარჩოს სახით, მემანქანის ხელფასის 80%-ის – 1000 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მოპასუხე სს „ს. რ-ას“ მოსარჩელე ზ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 320 ლარის გადახდა, იმ დროს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
გარდა ამისა, სს „ს. რ-ას“ ზ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის აპრილის თვიდან ყოველთვიური სარჩოს, 1000 ლარის გადახდა, იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
მოპასუხესვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯი 200 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – 100 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:
მოსარჩელე ზ. შ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა სს „ს. რ-ის“ მემანქანედ, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა და შრომითი დასახიჩრების გამო დაკარგა პროფესიული შრომითი უნარი 80%-ით, უვადოდ. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა საქმეზე წარდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს მიერ და შევიდა კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სს „ს. რ-ი“ მოსარჩელის მუშაობის და ამ უკანასკნელის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანსვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლოს განმარტებით, ნორმით დადგენილი ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ: სახეზეა ზიანი; ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ზემოთ მოყვანილი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები კერძოდ, მოსარჩელემ სს ,,ს. რ-ი” მუშაობის პერიოდში მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც მას შეზღუდული ჰქონდა შრომის უნარი, ზ. შ-ემ მიღებული ტრავმის გამო პროფესიული უნარი დაკარგა 80%-ით, უვადოდ.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
იმაზე მითითებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება განეკუთვნებოდა დელიქტურ ვალდებულებათა ჯგუფს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმებით და მოცემული თვალსაზრისით, აპელანტის მოსაზრება დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. მითითებული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებს სარჩოს გაანაგრიშებს წესს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს თავად ზიანის ანაზღაურების მიზანს, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს. აღნიშნული თვალსაზრისით მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, სარჩოს ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემიება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
საქმეზე დადგინდა, რომ სს „ს. რ-ის“ მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2012 წლის მაისის თვიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე შეადგენდა 1000 ლარს, ხოლო 2012 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე – 1250 ლარს.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე (4 თვე) მოსარჩელეს ყოველთვიურად უნდა მიეღო 1250 ლარის 80% – 1000 ლარი. დასახელებულ თანხას გამოკლებული, მოსარჩელის მიერ მიღებული 920 ლარი შეადგენდა 320 ლარს (80.80 ლარი X 4 თვეზე = 320-ს), რაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა. გარდა ამისა, 2013 წლის აპრილიდან ზ. შ-ეს უნდა დანიშვნოდა ყოველთვიური სარჩო 1250 ლარის 80% – 1000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილაა, დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და იგი უცვლელად დატოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე. კანონის მითითებული ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს. უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით, შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა პროფესიული დაავადების გამო დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას;
დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს განსაზღვრავდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“. ამ წესის მე-11 პუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარის ხარისხი. მითითებული წესის მე-12 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის №443 ბრძანებულებით, დასახელებულ ნორმაში ცვლილება შევიდა და იგი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრავმა. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, 2003 წლის 11 სექტემბრიდან სარჩო შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის №923 ბრძანებულებით, მითითებული მე-12 პუნქტი ბრძანებულებიდან საერთოდ ამოღებულ იქნა. ამდენად, სარჩოს გადაანგარიშების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია;
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო უთითებს აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, იგი არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე, რამდენადაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს გადახდით. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი, მათ შორის, 2013 წლის 20 დეკემბერს გადახდილი 150 ლარი, საგადახდო დავალება №809 და 2014 წლის 4 თებერვალს გადახდილი 150 ლარი, საგადახდო დავალება №849) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე