Facebook Twitter

№ას-213-198-2014 31 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ც. კ-ე, ვ. ჟ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ც. კ-ემ მოპასუხეების – ვ. ჟ-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 11 დეკემბრის №002-5886/04 აქტის საფუძველზე დაყადაღებული - ქ.წყალტუბოში, ლ-ის ქ.№13-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილის ყადაღისაგან გათავისუფლება, ასევე ამავე მისამართზე მდებარე შემდეგი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება: 1. კარადა სარკით – 1 ცალი; 2. საწოლი – 2 ცალი; 3. კარადა დიდი – 1 ცალი; 4. ,,ტრილიაჟი’’ სარკით – 1 ცალი; 5. მაგიდა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 6. საწოლი მაღალი დაფით – 2 ცალი; 7. სარეცხი მანქანა „ოკა’’; 8. სკამი – 6 ცალი; 9. კარადა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 10. საწერი მაგიდა – 1 ცალი; 11. ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი) – 1 ცალი; 12. კარადა მისაღებში – 1 ცალი; 13. საძინებელი კომპლექტი (2 საწოლი, 1 კარადა, 2 ტუმბო, 1 „ტრილიაჟი“) – 1 ცალი; 14. ტელევიზორი ,,LG’’ – 1 ცალი; 15. მაცივარი ,,VESTEL’’.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. ც. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ყადაღისგან გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 11 დეკემბრის №002-5886/04 აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1. კარადა სარკით – 1 ცალი; 2. საწოლი – 2 ცალი; 3. კარადა დიდი – 1 ცალი; 4. ,,ტრილიაჟი’’ სარკით – 1 ცალი; 5. მაგიდა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 6. საწოლი მაღალი დაფით – 2 ცალი; 7. სარეცხი მანქანა „ოკა’’; 8. სკამი – 6 ცალი; 9. კარადა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 10. საწერი მაგიდა – 1 ცალი; 11. ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი) – 1 ცალი; 12. კარადა მისაღებში – 1 ცალი; 13. საძინებელი კომპლექტი (2 საწოლი, 1 კარადა, 2 ტუმბო, 1 „ტრილიაჟი“) – 1 ცალი; 14. ტელევიზორი ,,LG’’ – 1 ცალი; 15. მაცივარი ,,VESTEL’’;

3. ყადაღისაგან გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 11 დეკემბრის №002-5886/04 აქტის საფუძველზე ც. კ-ის სახელზე რიცხული, ქ.წყალტუბოში, ლ-ის ქ.№13-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოძრავ ქონებაზე ყადაღის გაუქმების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოპასუხე ვ. ჟ-ი არის მოვალე და რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

ვ. ჟ-ის სახელმწიფოს წინაშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, 2011 წლის 26 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურმა გასცა №002-5886 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 14 დეკემბრის №002-5886/04 აქტით, ყადაღა დაედო უძრავ და მოძრავ ქონებას, კერძოდ, ქ.წყალტუბოში, ლ-ის ქ.№13-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და შპს ,,პ-ას’’ 100%-იან წილს. გარდა ამისა, ყადაღა დაედო შემდეგ მოძრავ ქონებას: 1. კარადი სარკით – 1 ცალი; 2. საწოლი – 2 ცალი; 3. კარადა დიდი – 1 ცალი; 4. ,,ტრილიაჟი’’ სარკით – 1 ცალი; 5. მაგიდა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 6. საწოლი მაღალი დაფით – 2 ცალი; 7. სარეცხი მანქანა ,,ოკა’’; 8. სკამი – 6 ცალი; 9. კარადა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 10. საწერი მაგიდა – 1 ცალი; 11. ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი) – 1 ცალი; 12. კარადა მისაღებში – 1 ცალი; 13. საძინებელი კომპლექტი (2 საწოლი, 1 კარადა, 2 ტუმბო, 1 „ტრილიაჟი“) - 1 ცალი; 14. ტელევიზორი ,,LG’’ – 1 ცალი; 15. მაცივრი ,,VESTEL’’; 16. ცეცხლსასროლი იარაღი IZH-27E – 1 ცალი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის ბრძანებით განისაზღვრა ინდმეწარმე ვ. ჟ-ის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია;

ქ.წყალტუბოში, ლ-ის ქ.№13-ში მდებარე უძრავ ქონების 1/4 ნაწილზე რეგისტრირებულია ც. კ-ის საკუთრების უფლება;

მოვალე ვ. ჟ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავი ქონების მხოლოდ 3/4 ნაწილზე;

ც. კ-ე რეგისტრირებულია მისამართზე: წყალტუბო, კ-ის მეორე შესახვევი, №10/20, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია – წყალტუბო ლ-ის №13;

ვ. ჟ-ი რეგისტრირებულია ქ.წყალტუბოში და რამდენიმე ათეული წელია არ ცხოვრობს დედასთან – ც. კ-ან ერთად. ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს ქ.თბილისში, ნაქირავებ ბინაში;

დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. კარადი სარკით – 1 ცალი; 2. საწოლი – 2 ცალი; 3. კარადა დიდი – 1 ცალი; 4. ,,ტრილიაჟი’’ სარკით – 1 ცალი; 5. მაგიდა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 6. საწოლი მაღალი დაფით – 2 ცალი; 7. სარეცხი მანქანა ,,ოკა’’; 8. სკამი – 6 ცალი; 9. კარადა ,,ზალის’’ – 1 ცალი; 10. საწერი მაგიდა – 1 ცალი; 11. ნაჭრის სამეული (1 დივანი, 2 სავარძელი) – 1 ცალი; 12. კარადა მისაღებში – 1 ცალი; 13. საძინებელი კომპლექტი (2 საწოლი, 1 კარადა, 2 ტუმბო, 1 „ტრილიაჟი“) – 1 ცალი; 14. ტელევიზორი ,,LG’’ – 1 ცალი; 15. მაცივარი ,,VESTEL’’, არ არის ვ. ჟ-ის საკუთრება;

ქ.ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1984 წლის 14 ივნისის განაჩენით ვ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით ვ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განაჩენით ვ. ჟ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით;

მოწმე მ. ჟ-ის განმარტებით, ცხოვრობს დედასთან ერთად, ქ.წყალტუბოში, ლ-ის ქ.№13-ში. სადავო ნივთები შეიძინეს მშობლებმა 60-იან წლებში. მაცივარი ,,VESTEL’’ შეიძინა მისმა უმცროსმა ძმამ. ვ. ჟ-ი ცხოვრობდა და ამჟამადაც ცხოვრობს თბილისში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონით დადგენილი არ არის მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენის რაიმე სპეციალური წესი, შესაბამისად, მოძრავ ნივთზე პირის უფლების შესახებ დავაში მოწმის ჩვენება მტკიცებულებად დასაშვებია და მისი შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სადავო მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ხოლო მესამე პირის ქონება აღსრულების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაა გამოყენებული მხარეთა შეთანხმებით.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 11 დეკემბრის №002-5886/04 აქტის საფუძველზე დაყადაღებული ზემოაღნიშნული ნივთები კანონიერად გაათავისუფლა ყადაღისაგან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ქონება დაყადაღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით;

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოძრავი ნივთები, ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრეზუმფცია. ქ.წყალტუბოში, ლ-ის ქ.№13-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4-ის მესაკუთრეა ც. კ-ე, ხოლო 3/4-ის - ვ. ჟ-ი, შესაბამისად, სადავო ფართში განთავსებული მოძრავი ქონება ვ. ჟ-ის საკუთრებაა;

სადავოა მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე ყადაღის სიიდან ტელევიზორისა და მაცივრის ამორიცხვა, მით უფრო, რომ მოწმეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ნივთების შესყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ მოწმის ჩვენების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დაყადაღების აქტში მითითებული სადავო მოძრავი ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენების საფუძველზე ყადაღის სიიდან ტელევიზორისა და მაცივრის ამორიცხვა სადავოა, მითუფრო, რომ მოწმეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ნივთების შესყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ განიხილება, ვინაიდან მოწმის ჩვენება თავად წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს (სსკ-ის 102.2 მუხლი), რომლითაც შეიძლება დადასტურდეს სადავო ფაქტობრივი გარემოებები. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება აქარწყლებს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებულ პრეზუმფციას ნივთის მფლობელის მესაკუთრედ მიჩნევის თაობაზე და, შესაბამისად, დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას სადავო მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე