საქმე №ას-274-258-2014 24 მარტი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. ც-ის, მ. ტ-სა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე კ. ს-ას სარჩელის გამო, ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა „თ. მ. სა. №138-ის“, მ. ზ-ის, მ. ტ-ას, ლ. ჯ-სა და გ. ც-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ც-ის, მ. ტ-სა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 8 იანვრის სხდომი ოქმის ელექტრონული CD დისკის შესწავლით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენლები კ.ბ-ა (იხ.რწმუნებულება ტ.V, ს.ფ.76) და კ.ფ-ი (იხ. რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.261) ესწრებოდნენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2014 წლის 28 იანვარი, ხოლო 30-ე დღე – 2014 წლის 7 თებერვალი. გამომდინარე აქედან, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს შეეძლოთ გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინათ 2014 წლის 28 იანვრიდან, 2014 წლის 7 თებერვლამდე. თუმცა როგორც საქმიდან ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 იანვრის განჩინება გ. ც-ის წარმომადგენელმა ჩაიბარა 30-დღიანი ვადის დარღვევით – 2014 წლის 26 თებერვალს. მ. ტ-სა და ლ. ჯ-ის მიერ დასაბუთებეული განჩინების ჩაბარების ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 7 თებერვალს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 7 თებერვალს და დასრულდა 2014 წლის 27 თებერვალს.
საქმეში წარმოდგენილი, გ. ც-ის საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2014 წლის 28 თებერვალს, გასაჩივრების ვადის დარღვევით. რაც შეეხება მ. ტ-სა და ლ.ჯ-ის საკასაციო საჩივარს, ასევე ფოსტითაა გაგზავნილი და ისიც საპროცესო ვადის დარღვევით – 2014 წლის 28 თებერვალს ჩაბარდა საფოსტო განყოფილებას, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მხარე უთითებს ასევე 2014 წლის 28 თებერვალს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ც-ის, მ. ტ-სა და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები საპროცესო ვადის დარღვევითაა წარმოდგენილი, რაც მათი განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 2591, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ც-ის, მ. ტ-სა და ლ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე