Facebook Twitter

№ას-33-32-2014 24 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. გ-მა მოპასუხეების – ლ. ლ-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ი.ქ-ის №79156 მომართვის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებისა და ლ. ლ-ის საგადახდო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღისგან, თ. გ-ის კუთვნილი ავტომანქანის („ფოლქსვაგენ გოლფ 1.6“, წითელი ფერი, გამოშვების წელი 1989, სახელმწიფო ნომერი ...) გათავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ი.ქ-ის №79156 მომართვის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებისა და ლ. ლ-ის საგადახდო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღისგან გათავისუფლდა თ. გ-ის კუთვნილი ავტომანქანა – „ფოლქსვაგენ 1.6“, წითელი ფერი, გამოშვების წელი 1989, სახელმწიფო ნომერი ...;

3. მოპასუხე ლ. ლ-ეს მოსარჩელე თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, 150 ლარი.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ი. ქ-მა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ბრძანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დააყადაღა მსუბუქი, წითელი ფერის ავტომანქანა „ფოლქსვაგენ გოლფ 1.6”, სახელმწიფო ნომრით „...”. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეს წარმოადგენდა მოპასუხე ლ. ლ-ე;

ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით დასტურდებოდა, რომ მსუბუქი, წითელი ფერის ავტომანქანა „ფოლქსვაგენ გოლფ 1.6”, სახელმწიფო ნომრით „...”, რეგისტრირებული იყო ლ. ლ-ის სახელზე;

თ. და დ. გ-ი არიან მამა-შვილი, ხოლო ლ. ა-ა არის თ. გ-ის მეუღლე;

საქმეში წარდგენილი სანოტარო აქტით დასტურდებოდა, რომ 2004 წლის 13 მარტს ლ. ლ-ემ, როგორც საკუთრების მიმნდობმა, თ. გ-ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, გადასცა ავტომანქანა „ფოლქსვაგენი” სახელმწიფო ნომრით „...”. ამ მინდობილობით თ. გ-ს სარგებლობის უფლებასთან ერთად მიენიჭა ავტომანქანის განკარგვის, მათ შორის, გასხვისების (გაყიდვის, გაჩუქების, დაგირავების) უფლებამოსილება. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით და ის ძალას ინარჩუნებს გაუქმებამდე;

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-2 სახაზო საპატრულო სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის 2011 წლის 26 მარტის პატაკის ასლითა და იმავე თარიღის მქონე აქტით დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების თაობაზე დადასტურდა, რომ 2011 წლის 26 მარტს პატრულ-ინსპექტორთა მიერ ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, გაჩერებულ იქნა ავტომანქანა „ფოლქსვაგენ გოლფი” სახელმწიფო ნომრით „...”, რომელსაც მართავდა … წლის … ივნისს დაბადებული დ. გ-ი. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა საგადასახადო ინსპექციის შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდა დაკავებაზე. ამის გამო პატრულ-ინსპექტორთა მიერ დ. გ-ს ჩამოერთვა ავტომანქანა და ის გადაყვანილ იქნა N23 სპეცსაჯარიმო ავტოსადგომზე;

მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარდგენილი საგადასახადო დავალებების ასლების საფუძველზე დადასტურდა, რომ სადავო ავტომანქანის მართვისას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმები 2008 წლის 29 აგვისტოს და 2011 წლის 29 მარტს გადაიხადა მოსარჩელე თ. გ-ის მეუღლემ ლ. ა-ამ;

მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მოწმეების – ზ. ვ-ას და რ. მ-ის განმარტებების, განკარგვის უფლებით გაცემული მინდობილობის, ჯარიმების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებებისა და საპატრულო პოლიციის აქტების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა ის ფაქტი, რომ სადავო ავტომანქანისადმი თ. გ-ის მფლობელობა მოიცავდა პერიოდს 2004 წლის 13 მარტიდან 2011 წლის 26 მარტამდე, ვიდრე ის მოსარჩელის შვილს ჩამოერთმეოდა;

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სასამართლოს განმარტებით, ასეთი ვარაუდი, ბუნებრივია, იმ შემთხვევებს ასახავს, როცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. თუ მფლობელობა განპირობებულია ქირავნობითი ურთიერთობით და გვყავს დამქირავებელი, ცხადია ვერ ვივარაუდებთ, რომ დამქირავებელი მესაკუთრეა. თუმცა, ხშირად უცნობია მფლობელობის განმაპირობებელი ურთიერთობა, მფლობელობის უკან მდგარი უფლებები. ასეთ ვითარებაში გამოსავალია დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და ის მივიჩნიოთ მოძრავი ნივთის მესაკუთრედ. ამას ითხოვს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთაგან სამართლებრივი წესრიგი, რომელიც განაპირობებს სამოქალაქო ბრუნვაუნარიანობის სიმყარესა და სიმარტივეს. საკამრისია დაირღვეს ამ ტიპის სამართლებრივი წესრიგი, ხელი ავიღოთ ასეთ ვარაუდზე, მთელი სამოქალაქო ბრუნვა თავდაყირა დადგება და შეიქმნება ქაოსური მდგომარეობა, ვერ გავერკვევით ვინ რისი მესაკუთრეა.

განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო არათუ ხსენებული ვარაუდიდან გამომდინარე პრეზუმცია, არამედ მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რომ მოსარჩელე თ. გ-ი წარმოადგენდა სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს. თ. გ-ი სადავო ავტომობილს ფლობდა 7 წლის განმავლობაში, მოსარჩელე და მისი შვილი მართავდნენ სადავო ავტომანქანას და მოსარჩელის მეუღლე იხდიდა სადავო ავტომანქანასთან დაკავშირებულ ჯარიმებს.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია. ამ ინსტრუქციამ განსაზღვრა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი (ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი), ანუ პროცედურა, რომელიც არეგულირებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პირობებს. სასამართლომ განმარტა, რომ ამ ნორმატიული აქტით ვერ შეიცვლება იმ სახის ურთიერთობათა შინაარსი, რომელიც სამოქალაქო კოდექსითაა მოწესრიგებული. ეს ინსტრუქცია მიზნად არ ისახავს სანივთო-სამართლებრივ უფლებათა დადგენას, მისი ამოცანაა სამოქალაქო კანონმდებლობიდან მომდინარე ურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილი უფლების აღნუსხვა-რეგისტრაცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეგისტრაციის ფაქტი არ განაპირობებს საკუთრების უფლების შეძენას, მაგალითად, ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია უძრავ ნივთებთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი საკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებს კონკრეტულ გარიგებას და არა გარიგების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტს. ამდენად, შესაძლებელია პირი რეგისტრირებული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ, თუმცა ის არ იყოს მესაკუთრე, რადგან არარეგისტრირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ავტომანქანაზე საკუთრების უფლება დაეთმო სხვას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ. ლ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული სადავო ავტომანქანა, არ ადასტურებდა მასზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ-სა და ლ. ლ-ეს შორის პრაქტიკულად დაიდო სადავო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამდენად, სწორედ მოსარჩელე იყო მესაკუთრე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის – სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითება, სადავო ავტომანქანის ლ. ლ-ი კუთვნილების შესახებ, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამდენად, კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თ. გ-მა დაადასტურა, რომ მან ავტომანქანა „ფოლქსვაგენზე“ (სახელმწიფო ნომრით …) 2004 წლის 13 მარტს მოიპოვა საკუთრების უფლება. აღნიშნული გარემოების დადასტურება მან შეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების: მხარეთა ახსნა-განმარტებების; მოწმეების, ზ. ვ-სა და რ. მ-ის განმარტებების; განკარგვის უფლებით გაცემული მინდობილობის; ჯარიმების გადახდის დამადასტურებელი საგადახადო დავალებებისა და საპატრულო პოლიციის აქტების საფუძველზე.

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურზე, რომელმაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს თავისი პოზიციის (კერძოდ, რომ სადავო მოძრავი ნივთი არ ეკუთვნოდა მოსარჩელეს) დასადასტურებლად დაუპირისპირა „საავტომობილო ტრანსპრტის შესახებ“ კანონის 91 მუხლი. მითითებული მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიული პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული პოზიცია, სახელდობრ, ამ უკანასკნელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლი მიღებულ იქნა 2009 წლის 17 ივლისს და არ შეიცავს რაიმე მითითებას მისი მოქმედების გავრცელების თაობაზე მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. კონკრეტულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ თ. გ-ს ავტომობილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2004 წლის 13 მარტს, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის შემოღებამდე. შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდებოდა თ. გ-სა და ლ. ლ-ეს შორის წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ თ. გ-მა 2004 წლის 13 მარტს შეიძინა ავტომანქანა „ფოლქსვაგენი“ სახელმწიფო ნომრით … და ამ წლების განმავლობაში ფლობდა, როგორც საკუთარს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მოძრავი ნივთი მის საკუთრებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება ყადაღადადებული მოძრავი ნივთის მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი განსაზღვრავს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას, კერძოდ, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საქმის განხილვისას, სასამართლომ სწორედ ეს ნორმა არ გამოიყენა და ამასთან, არც მისი გამოუყენებლობის მოტივი განმარტა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ (კასატორმა) მიუთითა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგებისას კანონის დასახელებული ნორმა არ გამოიყენა, რაც იმით დაასაბუთა, რომ საქმის მასალების თანახმად თ. გ-ს სადავო ავტომობილზე საკუთრების უფლება 2004 წლის 13 მარტს წარმოეშვა და ამ მიზეზით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლი (მისი შინაარსიდან გამომდინარე) აღნიშნულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდებოდა;

სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი მსჯელობის უსაფუძვლობის დასასაბუთებლად კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ხოლო 59-ე მუხლის მიხედვით, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გარიგება ავტომობილის შეძენაზე მოითხოვდა ნასყიდობისათვის დადგენილ კონკრეტულ ფორმას, რაც დაცული არ არის, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობა კი არ განეკუთვნება საკუთრების გადაცემისთვის დადგენილ ფორმას;

სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რადგან კანონის ძალაში შესვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მსურველთათვის პირდაპირ დადგინდა ვალდებულება, დაერეგისტრირებინათ საკუთრების უფლება შინაგანა საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რაც კანონის უკუძალის საკითხს არ უკავშირდება;

კანონსაწინააღმდეგოა სასამართლო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საგადახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 27.10.2011წ., საქმე #ას-914-954-2011-სირთქაია; სუსგ 31.01.2012წ., საქმე #ას-1363-1381-2011-მახმად ოღლი; სუსგ 26.07.2012წ., საქმე #ას-971-912-2012-ივანაური).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე