Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-38-37-2014 21 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – რ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საკასციო საჩივარზე უარის თქმა

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ა-ის მიმართ ქ.თბილისში, ო-ის ქ.№98-ში მდებარე 1366 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½-ზე ჯ.ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით რ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ბ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2014 წლის 18 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა რ. ბ-მა და განმარტა რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ, უნდა შეწყდეს წარმოება რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს თავის სარჩელზე, ხოლო რადგან საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მოქმედებს პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესებით, ცხადია, რომ მოსარჩელის ხსენებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა რ. ბ-მა საკასაციო საჩივარზე უარი თქვა მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც ხსენებულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო რ.ბ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 27 იანვარს №11 საგადახდო დავალებით გადახდილი 567.33 ლარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორ რ. ბ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2014 წლის 27 იანვრის №11 საგადახდო დავალებით გადახდილი 567.33 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე