Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-621-591-2013 17 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. კ-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. დ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, თ. მ-ის დასახლება, სახლი №19, ბინა №4-ის, ასევე ქ.ბათუმში, თ. მ-ის დასახლება, სახლი №15, ბინა №20-ის თანამესაკუთრედ (1/2-ის ნაწილში) ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში მ. დ-ის სახელზე რეგისტრირებული ქ.ბათუმში, თ. მ-ის დასახლება, სახლი №19, ბინა №4-ის ½ წილის მესაკუთრედ, დანარჩენ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მ. დ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. დ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა.კ-ის სადავო ქონების 1/5-ის თანამესაკუთრედ ცნობა. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო მხარეთა შორის დადებული მორიგების აქტი და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

მორიგების აქტის თანახმად: 1. ა. კ-ი, 10 000 (ათი ათასი) ლარის სანაცვლოდ, თმობს მ. დ-ის სასარგებლოდ ქ.ბათუმში, თ-ის დასახლება სახლი №19-ში მდებარე ბინა №4-ზე (საკადასტრო კოდი: ...) სადავო 1/2 წილს, რომელიც მას ასევე მიეკუთვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №..., ...) (ხსენებული გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით (საქმე №2/ბ-39-2013) და ამ მიზნით ა. კ-ი უარს აცხადებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №..., ..) აღსრულებაზე, ხოლო მ. დ-ე, თავის მხრივ, კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს ა. კ-ის, სადავო ბინის 1/2 წილის დათმობის სანაცვლოდ, 10 000 (ათი ათასი) ლარი. 2. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე აქტის პირველ პუნქტში მითითებულ თანხას მ. დ-ე გადაიხდის წინამდებარე აქტზე ხელმოწერისთანავე. 3. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის შეწყვეტის საფუძველს. 4. მხარეებს შორის დადებული მორიგების აქტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 5. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით ა.კ-ის წარმომადგენელი ი. წ-ე მორიგების აქტს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მის მარწმუნებელს მორიგების ნება არ გამოუვლენია და აღნიშნულის შესახებ მისთვის არ უცნობებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწის მიერ 2014 წლის 28 თებერვალს შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ მოსამართლის თანაშემწე ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ა. კ-ის (მისი ვინაობა დასტურდება პირადობის მოწმობის პირადი ნომრით №...), რომელმაც დაადასტურა, რომ საქმეში არსებულ მორიგების აქტზე დასმულია მისი ხელმოწერა, ის სრულებით ეთანხმება მის შინაარსს და მოითხოვს მის დამტკიცებას. ამასთან, ადრესატმა განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

მ. დ-ემ სასამართლოს წარმოუდგინა ასევე მხარეთა მიერ 2013 წლის 24 მაისს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მორიგების აქტის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მ. დ-ემ გადასცა, ხოლო ა. კ-იმ მიიღო მხარეთა შორის მორიგების აქტით გათვალისწინებული 10 000 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კასატორის მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ კასატორის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი _ დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე, კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ექვემდებარება აღსრულებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, კასატორის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც დასტურდება მათი განმარტებებით (იხ. კასატორის შუამდგომლობა და განცხადებები, სატელეფონო შეტყობინების აქტი), ამასთან, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია სანოტარო წესით. მორიგების აქტის თანახმად, მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. შესაბამისად, მოხმობილი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ მ. დ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 29 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 400 ლარი, ვინაიდან მან მორიგების აქტი სასამართლოს წარმოუდგინა საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება მ. დ-სა და ა. კ-ის შორის შემდეგი პირობებით:

1. ა. კ-ი, 10 000 (ათი ათასი) ლარის სანაცვლოდ, თმობს მ. დ-ის სასარგებლოდ ქ.ბათუმში, თ-ის დასახლება სახლი №19-ში მდებარე ბინა №4-ზე (საკადასტრო კოდი: ...) სადავო 1/2 წილს, რომელიც მას ასევე მიეკუთვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №..., ...) (ხსენებული გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით (საქმე №2/ბ-39-2013) და ამ მიზნით ა. კ-ი უარს აცხადებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №..., 2...) აღსრულებაზე, ხოლო მ. დ-ე, თავის მხრივ, კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს ა. კ-ის, სადავო ბინის 1/2 წილის დათმობის სანაცვლოდ, 10 000 (ათი ათასი) ლარი.

2. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე აქტის პირველ პუნქტში მითითებულ თანხას მ. დ-ე გადაიხდის წინამდებარე აქტზე ხელმოწერისთანავე.

3. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის შეწყვეტის საფუძველს.

4. მხარეებს შორის დადებული მორიგების აქტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. მხარეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ა. კ-ის სარჩელის გამო მ. დ-ის მიმართ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №..., ...) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინება (საქმე №2/ბ-39-2013).

კასატორ მ. დ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 29 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 400 ლარი.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე