ბს-668-255 (კ-კს-05) 26 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა; სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 22 იანვარს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს შპს “მ.-მ” და შპს “ჩ.-ს” სამართალმემკვიდრეებმა _ ნ. ა.-მ, ნ. ქ.-მ და დ. ბ.-მ მოპასუხეების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, სს “თ.-ის”, მ. მ.-ის, ლ. ჩ.-ისა და პ. კ.-ის მიმართ, მესამე პირებად მოსარჩელეებმა მიუთითეს ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურზე, ეროვნულ ბანკსა და ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე სამსართულიანი შენობის (საერთო ფართი - 1061 კვ.მ) პრივატიზება დაიწყო 1995 წელს და განხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით:
სახელმწიფო საწარმო მაღაზია “ე.-ს” ზემოაღნიშნულ შენობაში დაკავებული ჰქონდა 279 კვ.მ პირველ სართულზე და 218 კვ.მ სარდაფი, რომელთაც 1995წ. 8 აგვისტოს ხელშეკრულებით პრივატიზება გაუკეთა შპს “ე.-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ. 1995წ. 11 აგვისტოს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სახელმწიფო საწარმო მაღაზია “ე.-ის” შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹2/1-ში მდებარე შენობის არასაცხოვრებელ 497 კვ.მ-ზე.
1996წ. 5 სექტემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და შპს “ი.-ს” შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ შპს “ი.-ს” საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნული შენობის მეორე სართული (არასაცხოვრებელ 253,27 კვ.მ) და ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი. 1996წ. 13 მარტის ¹5-5/832 ხელშეკრულებით შპს “ჩ.-მ” ზემოთ აღნიშნულ შენობაში პრივატიზება გაუკეთა არასაცხოვრებელ 220 კვ.მ-ს, რაზეც გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
1997წ. 5 დეკემბრის ¹189 ხელშეკრულებით კ. ა.-ს მიერ პრივატიზებულ იქნა ზემოთ მითითებული შენობის არასაცხოვრებელ 70 კვ.მ.
მოსარჩელეთა განმარტებით, მთლიანად დასრულდა ქ. თბილისში, .... მდებარე შენობის 1040,27 კვ.მ-ის პრივატიზება. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტსა და ფიზიკური პირების ჯგუფს (მ. მ.-ი, ლ. ჩ.-ე, პ. კ.-ი) შორის 1998წ. 18 ივნისს გაფორმდა ¹359 პრივატიზების ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ... მდებარე შენობის 305,9 კვ.მ ფართი, მათ შორის, 65,39 კვ.მ ანტრესოლი, 162,35 კვ.მ სარდაფი.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ხელმეორედ მოხდა სარდაფის, ანტრესოლისა და პირველ სართულის ნაწილის პრივატიზება, რითაც დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა.
მოსარჩელეებისთვის გაუგებარი იყო ის ფაქტი, რომ ტექბიუროს მიერ გაცემულ ტექნიკურ პასპორტში ზემოაღნიშნული შენობის ფართობად მთითებულ იქნა 1346 კვ.მ, მაშინ, როდესაც შენობის პრივატიზების დაწყებისა და დასრულების მომენტისთვის მისი ფართობი შეადგენდა 1061 კვ.მ-ს.
მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული შენობის ნაწილი, სახელმწიფო საწარმო მაღაზია “ე.-ის” საკუთრებაში არსებული 497 კვ.მ, გადაეცა მის ბაზაზე შექმნილ შპს “ე.-ს”, კერძოდ, ჩაიდო მის საწესდებო კაპიტალში, ხოლო 1996წ. 5 ივნისის გაცვლის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართი თანასაკუთრებაში გადაეცათ სს “თ.-სა” და შპს “მ.-ს”, რომელიც განაწილდა შემდეგნაირად: სს “თ.-ი” _ 125 კვ.მ, ხოლო შპს “მ” _ 372 კვ.მ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ...-ის ქ. ¹2/1-ში მდებარე შენობის ნაწილი, შპს “ი.-ის” საკუთრებაში არსებული 253,27 კვ.მ 1997წ. 4 ივნისის გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა სს “თ.-ს”, ასევე, კ. ა.-ს საკუთრებაში მყოფი 70 კვ.მ 1997წ. 5 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა სკბ “თ.-ს”.
მოსარჩელეთა განმარტებით, შპს “ჩ.-ს” თავის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელტ 220 კვ.მ არასდროს გაუსხვისებია.
2000წ. 20 ოქტომბერს სს “თ.-სა” და ეროვნულ ბანკს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს “თ.-ისთვის” უნდა გამოეყო მიზნობრივი სესხი 2000000 ლარის ოდენობით. სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა სესხის გაცემიდან 90 კალენდარული დღე, ანუ არა უგვიანეს 2001წ. თებერვლისა. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველყოფა მოხდა ქ. თბილისში, ... განთავსებული უძრავი ქონების იპოთეკით ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული შპს “ჩ.-სა” და შპს “მ.-ს” საკუთრება აღნიშნულ ფართზე, კერძოდ, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ სს “თ.-ის” საკუთრების უფლება იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე დასტურდებოდა სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის, შპს “ჩ.-სა” და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის 1996წ. 13 მარტს დადებული პრივატიზების ხელშეკრულებით, რომელიც რატომღაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ სადავო 220 კვ.მ-ის მესაკუთრეს წარმოადგენდა სს “თ.-ი”.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზემოაღნიშნულ იპოთეკას, აგრეთვე, საფუძვლად დაედო საიჯარო რეესტრიდან 2000წ. 17 ოქტომბერს გაცემული ამონაწერი მიწის (უძრავი ქონება) შესახებ, რომელიც ასახავს მცდარ მონაცემებს, კერძოდ, ამონაწერში არსებულ გრაფაში “მესაკუთრე და მისამართი” სს “თ.-თან” ერთად არ არიან რეგისტრირებული შპს “ჩ.-ა” და შპს “მ.-ო” უძრავ ქონებაზე საკუთრების შესაბამისი წილებისა და ფართების მითითებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ სს “თ.-სა” და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2000წ. 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით დაირღვა საქართველოს სკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ, ვინაიდან 1998წ. 18 ივნისს მ. მ.-მა, ლ. ჩ.-ემ და პ. კ.-მა ხელმეორე, უკანონო პრივატიზება გაუკეთეს ერთხელ უკვე პრივატიზებულ ფართს, საჯარო რეესტრიდან 2000წ. 17 ოქტომბერს გაცემულ ამონაწერში შეტანილია მცდარი მონაცემები, რომელთა საფუძველზეც ეროვნული ბანკისადმი სს “თ.-ის” ვალდებულებების გამო, იპოთეკით უკანონოდ, მთლიანად დაიტვირთა ... მდებარე შენობა, ხოლო ამისათვის უკანონოდ გამოყენებულ იქნა მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონება, ამიტომ მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს:
1. ფიზიკურ პირებს _ მ. მ.-ს, ლ. ჩ.-ს, პ. კ.-სა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1998წ. 17 ივნისს გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უკანონოდ პრივატიზებული 305,9 კვ.მ-ის ამორიცხვა ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის რეესტრიდან;
2. შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელეებმა _ შპს “მ.-მ” და შპს “ჩ.-ს” სამართალმემკვიდრეებმა _ ნ. ა.-მ, ნ. ქ.-მ და დ. ბ.-მ დამატებითი სარჩელი აღძრეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, ფიზიკურ პირთა ჯგუფის: მ. მ.-ის, ლ. ჩ.-ის, პ. კ.-ის, სს “თ.-ის”, ეროვნული ბანკის, ქ. თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურზე.
მოსარჩელეებმა დამატებით სარჩელში თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად დამატებით ითხოვეს:
1. საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდგომ, ცვლილების შეტანა 2000წ. 20 ოქტომბერს სს “თ.-სა” და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იმ ნაწილში, რომელიც ეხება აღნიშნულ შენობაში შპს “ჩ.-სა” და შპს “მ.-ს” საკუთრებას.
2. საჯარო რეესტრში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სს “თ.-ს”, შპს “ჩ.-სა” და შპს “მ.-ს” შორის თანასაკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართიდან რეალური წილების ნატურით გამოყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 20 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული საქმე განსახილველად განსჯადობით დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 1998წ. 18 ივნისს ფიზიკურ პირებს: მ. მ.-ს, ლ. ჩ.-ეს, პ. კ.-სა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 20 ოქტომბერს სს “თ.-სა” და ეროვნულ ბანკს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა აღნიშნულ შენობაში შპს “მ.-სა” და შპს “ჩ.-ს” ქონების სამართალმემკვიდრეთა _ ნ. ა.-ის, ნ. ქ.-ის, დ. ბ.-ის საკუთრების იპოთეკით დატვირთვას; მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრში, ქ. თბილისის ... მდებარე შენობის 220 კვ.მ აღირიცხა ფიზიკური პირების: ნ. ა.-ის, ნ. ქ.-ისა და დ. ბ.-ის საკუთრებად, ხოლო 497 კვ.მ _ შპს “მ.-სა” და ეროვნული ბანკის საერთო საკუთრებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეროვნულმა ბანკმაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიებათა გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა სს “თ.-ის” სალიკვიდაციო კომისიამაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 19 მაისის განჩინებით სს “თ.-ის” სალიკვიდაციო კომისიისა და თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა სრულად; ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2004წ. 13 ოქტომბერს შპს “ჩ.-ს” დამფუძნებლების _ ნ. ა.-ის, ნ. ქ.-ისა და დ. ბ.-ის და შპს “მ.-ს” წარმომადგენელმა გ. კვერენჩხილაძემ თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა:
1. ფიზიკურ პირებს _ მ. მ.-ს, ლ. ჩ.-ს, პ. კ.-სა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს შორის 1998წ. 18 ივნისს გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
2. 2000წ. 20 ოქტომბერს სს “თ.-სა” და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული “საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულების” ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ... მდებარე შენობაში შპს “ჩ.-ს” დამფუძნებლებისა და უფლებამონაცვლეების (ნ. ა.-ე, ნ. ქ.-ე, დ. ბ.-ი) და შპს “მ.-ს” საკუთრების იპოთეკით დატვირთვას;
3. ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის სარდაფის სართულის, აგრეთვე, პირველი სართულისა და ანტრესოლის (საერთო ფართი _ 497 კვ.მ) საჯარო რეესტრში ეროვნული ბანკისა და შპს “მ.-ს” სახელზე საკუთრებად აღრიცხვა შემდეგი პროპორციით: ეროვნული ბანკს _ 125 კვ.მ და შპს “მუცს” _ 372 კვ.მ;
4. ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მე-3 სართულზე არსებული 220 კვ.მ-ის საჯარო რეესტრში ნ. ა.-ის, ნ. ქ.-ისა და დ. ბ.-ის სახელზე საკუთრებად აღრიცხვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 24 თებერვლის საოქმო განჩინებით სასამართლო კოლეგიამ თავისი ინიციატივით შეაჩერა მოცემული საქმის წარმოება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “ჩ.-ს” დამფუძნებლები ნ. ა.-ე, ნ. ქ.-ე, დ. ბ.-ი და შპს “მ.-ო” ითხოვდნენ: ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის სარდაფის სართულის, აგრეთვე, პირველი სართულისა და ანტრესოლის (საერთო ფართი _ 497 კვ.მ) ფართიდან საჯარო რეესტრში შპს “მ.-ს” სახელზე 372 კვ.მ-ის აღრიცხვას; ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მე-3 სართულზე არსებული 220 კვ.მ-ის საჯარო რეესტრში ნ. ა.-ის, ნ. ქ.-ისა და დ. ბ.-ის სახელზე საკუთრებად აღრიცხვას. აღნიშნული განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა, ასევე, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შპს “ჩ.-ს” სამართალმემკვიდრეების _ ნ. ა.-ის, ნ. ქ.-ის, დ. ბ.-ისა და შპს “მ.-ს” სარჩელის გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის რაიონული სააღსრულებო ბიუროების, სასამართლო აღმასრულებელ პ. კ.-ის, სს “თ.-ისა” და ეროვნული ბანკის მიმართ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 1998წ. 18 ივნისს ფიზიკურ პირებს: მ. მ.-ს, ლ. ჩ.-ეს, პ. კ.-სა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 20 ოქტომბერს სს “თ.-სა” და ეროვნულ ბანკს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობაში შპს “ჩ.-ს” დამფუძნებლების (ნ. ა.-ე, ნ. ქ.-ე, დ. ბ.-ი) და შპს “მ.-ს” საკუთრების იპოთეკით დატვირთვას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ეროვნულმა ბანკმა და სს “თ.-ის” ლიკვიდატორმა თ. გ.-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორ ეროვნული ბანკის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ აისახა ის ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იყო მსჯელობა სასამართლო სხდომაზე, აგრეთვე _ ეროვნული ბანკის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სს “თ.-ის” პოზიციები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, რითაც უხეშად დაირღვა სსკ-ის 249-ე მუხლი.
კასატორ ეროვნული ბანკის განმარტებით, არასწორია სასამართლო კოლეგიის მსჯელობა ეროვნული ბანკის არაკეთილსინდისიერებაზე იმ მოტივით, რომ ეროვნულ ბანკს, როგორც კომერციულ ბანკებზე ზედამხედველ ორგანოს, უნდა სცოდნოდა, რომ სს “თ.-ი” არ იყო იმ ქონების მესაკუთრე, რაზედაც გაფორმდა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება. კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების დროს სს “თ.-ი” წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე ქონების მართლზომიერ მესაკუთრეს, რაც სკ-ის 311-314-ე მუხლების შესაბამისად, საკმარისი საფუძველი იყო სესხის გაცემისთვის, რათა იპოთეკით დატვირთულიყო აღნიშნული შენობა. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დადო კერძო-სამართლებრივი გარიგება და როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, ხელმძღვანელობდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 158-ე, 159-ე, 162-ე, 183-ე, 185-ე, 311-314-ე, 1507-ე, 1514-ე და 1515-ე მუხლები, აგრეთვე, არასწორად გამოიყენა აღნიშნული კოდექსის 102-ე მუხლი, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, კასაციის საფუძველია.
მეორე კასატორის _ სს “თ.-ის” ლიკვიდატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიულად იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლო კოლეგიამ არ იმსჯელა შპს “ჩ.-ს” სამართალმემკვიდრეობის საკითხზე და არ შეამოწმა მოსარჩელეების სათანადოობა, აგრეთვე, არ გაითვალისწინა სს “თ.-ის”, ეროვნული ბანკისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებები. სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიუთითა, რომ 1998წ. 18 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულება ბათილად უნდა ჩაითვალოს, რადგან მ. მ.-ი და მისი მეუღლე ლ. ჩ.-ე არ წარმოადგენდნენ კეთილსინდისიერ მყიდველებს, რადგან იყვნენ სს “თ.-ის” აქციონერები და ამ მოტივითვე არ მოქმედებდა საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია. სასამართლო კოლეგიას უნდა ემსჯელა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეები _ შპს “ჩ.-ს” და შპს “მ.-ს” დირექტორები და დამფუძნებლები დ. ბ.-ი და ნ. ა.-ე იყვნენ სს “თ.-ის” აქციონერები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კარგად იცოდნენ სს “თ.-ში” მიმდინარე ყველა პროცესის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს “თ.-ის” დამფუძნებელთა კრების 1996წ. 30 აპრილის ¹23 ოქმის თანახმად, სს “თ.-ის” ერთ-ერთმა მეპაიემ, შპს “ჩ.-ს” დირექტორმა ნ. ა.-მ, გამოხატა ნება იმის თაობაზე, რომ შპს “ჩ.-ს” მიერ შესყიდული არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. თბილისში, ... შეტანილიყო სს “თ.-ის” საწესდებო კაპიტალში და მიმატებოდა შპს “ჩ.-ს” წილს. სს “თ.-ის” დამფუძნებელთა კრებამ დაადგინა, რომ შპს “ჩ.-ს” საპაიო წილი სს “თ.-ის” საწესდებო კაპიტალში, ზემოაღნიშნული ქონების მიმატებით, განსაზღვრულიყო 68932 ლარით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სს “თ.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი ფართი წარმოადგენდა შპს “ჩ.-სა” და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს შორის 1996წ. 13 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს “ჩ.-სთვის” მიყიდულ არასაცხოვრებელ 220 კვ.მ-ს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996წ. 28 ივნისის დადგენილებით სს “თ.-ის” რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილებები საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დააკავშირებით და აღნიშნულ ცვლილებებს ერთ-ერთ საფუძვლად დაედო სს “თ.-ის” დამფუძნებელთა კრების 1996წ. 30 აპრილის ¹23 ოქმი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში ფულადი ან არაფულადი შესატანის შეტანის შემდეგ, მათზე საკუთრების უფლება გადაეცემა საწარმოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “თ.-ს”, როგორც ზემოაღნიშნული არასაცხოვრებელი 220 კვ.მ-ის მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა იპოთეკით დაეტვირთა იგი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე მთელი შენობა ასახული იყო სს “თ.-ის” ბალანსზე და მთელი შენობის ქონების გადასახადს იხდიდა სს “თ.-ი”, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იგი იყო მთელი შენობის მესაკუთრე.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ტექბიუროს მიერ 1997 წელს გაცემული ტექპასპორტის თანახმად, სადავო ფართის მფლობელად მითითებულია საექსპლუატაციო-საბინაო ტრესტი, რითაც დასტურდება, რომ პ. კ.-ის, ლ. ჩ.-ისა და მ. მ.-ის მიერ სადავო ფართის პრივატიზებისას გასაყიდი ქონება სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. ტექბიუროს მიერ 1998წ. 25 დეკემბერს გაცემული ტექპასპორტის თანახმად კი, მთელი შენობის მესაკუთრედ მითითებულია სს “თ.-ი”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა მ. მ.-ს, ლ. ჩ.-ეს, პ. კ.-სა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს შორის 1998წ. 18 ივნისს გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოტივაციას ეროვნული ბანკის არაკეთილსინდისიერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას, როგორც კომერციულ ბანკებზე ზედამხედველ ორგანოს, უნდა სცოდნოდა, რომ სს “თ.-ი” არ იყო იმ სადავო ქონების მესაკუთრე, რომელზეც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს სს “თ.-ი” წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მესაკუთრეს. სკ-ის 311-314-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული ბანკისთვის, როგორც სესხის გამცემი ორგანოსთვის, ზემოაღნიშნული მტკიცებულება საკმარისი იყო სადავო შენობის იპოთეკით დასატვირთავად.
საკასაციო სასამართლოს აზრით, ის გარემოება, რომ “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონისა და “კომერციული ბანკების შესახებ” კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი წარმოადგენს კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის განმხორციელებელ ორგანოს, არ შეიძლება გახდეს ეროვნული ბანკის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის საფუძველი, მით უმეტეს, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მთელი შენობა იმ პერიოდისთვის წარმოადგენდა სს “თ.-ის” საკუთრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კასაციის საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა სს “თ.-სა” და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2000წ. 20 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქმებათ სარჩელზე გასაჩივრებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეროვნული ბანკის წარმომადგენელ დ. გ.-სა და სს “თ.-ის” ლიკვიდატორ თ. გ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს შპს “ჩ.-ს” დამფუძნებლების _ ნ. ა.-ის, ნ. ქ.-ის, დ. ბ.-ისა და შპს “მ.-ს” სარჩელი სსკბ “თ.-სა” და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2000წ. 20 ოქტომბერს დადებული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ფიზიკურ პირებს: მ. მ.-ს, ლ. ჩ.-ს, პ. კ.-სა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს შორის 1998წ. 18 ივნისს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე;
4. შპს “მ.-სა” და შპს “ჩ.-ს” დამფუძნებლებს _ ნ. ა.-ს, ნ. ქ.-სა და დ. ბ.-ს დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.