საქმე№ას-718-681-2013 17 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ., მ, დ, გ. ჯ--ი, ო. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანასაკუთრების უფლების აღიარება, საზიარო ნივთის ნატურით გაყოფის საფუძველზე თანაზიარი საკუთრების უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ., მ, დ, გ. ჯ-სა და ო. კ-ის მიმართ და მოითხოვა, აღიარებულ იქნეს ს. ჯ-ის საკუთრების უფლება დაბა მესტიაში, ს-ის მოედან №4-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახლთმფლობელობიდან №1 შენობის მეორე სართულზე არსებული 55. კვ.მ საცხოვრებელ და 60 არასაცხოვრებელ ფართებზე, ასევე თანასაკუთრების უფლება საეზოვე 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 300.00 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებზე, ასევე თანასაკუთრების უფლება საეზოვე 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რის შესაბამისადაც ქონების აღნიშნულ წილზე გაუქმდეს მოპასუხეთა საკუთრების უფლება, გაუქმდეს თანასაკუთრების უფლება და ნივთის ნატურით გაყოფის გზით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახლთმფლობელობიდან მოსარჩელეს პირად საკუთრებაში გამოეყოს სახლთმფლობელობის №1 შენობის მეორე სართულზე არსებული 55 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 60 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი აივნების სახით, ასევე საკუთრებაში გადაეცეს 167.65 კვ.მ მანსარდი, გაუქმდეს თანასაკუთრების უფლება და ნივთის ნატურის გაყოფის გზის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახლთმფლობელობიდან მოსარჩელეს პირად საკუთრებაში გამოეყოს 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მხარეების კომლის საკუთრებაში მყოფი საეზოვე მიწის ნაკვეთის 300 კვ.მ 1/2 წილი – 150.00 კვ.მ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, ს. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით ს. ჯ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების თაობაზე ს. ჯ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განჩინებით ს. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინება გაუქმდა, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2012 წლის 5 სექტემბერს, 14:00 საათზე, რის შესახებაც ეცნობათ ს. ჯ-ეს და ხ. გ-ს. ამ სხდომაზე, ხ. გ-ის თხოვნით, შესაბამისი მინდობილობით, გამოცხადდა მისი ძმა - გ. გ-ი. მეორე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2012 წლის 19 სექტემბერს, რომელზეც მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა. 2012 წლის 19 სექტემბერს, სასამართლო სხდომამდე ხ.გ-ი ტელეფონით დაუკავშირდა საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც აცნობეს, რომ თბილისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა შედგებოდა 15:30 საათზე, რის გამოც ვერ ცხადდებოდა 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე და ითხოვა საპატიოდ ჩათვლოდა გამოუცხადებლობა. საქმის განხილვა გადაიდო კონკრეტული თარიღის განსაზღვრის გარეშე, მხარეთა შორის შესაძლო მორიგების მიღწევის მოტივით. მესამე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2012 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე, რის შესახებაც კვლავ ეცნობათ ს. ჯ-ეს და ხ.გ-ს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რეალურად სწორედ ხ. გ-ი იღებდა ს. ჯ-ის სახელით გადაწყვეტილებებს საქმეზე ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე და იგი იყო დეტალურად გათვითცნობიერებული საქმის გარემოებებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 6 ნოემბერს, ღამით ხ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა (დაუვარდა წნევა – 60/40-მდე, დაეცა პულსი – 58 დარტყმამდე წუთში და დაკარგა გონება), რის გამოც 2012 წლის 7 ნოემბერს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დაესვა დიაგნოზი: ჰიპოტონია (დოსტონექსის მიღების შედეგად გადატანილი კოლაპსის ფონზე). პაციენტს აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, შენელებული სასაუბრო (სამეტყველო) რეაქცია, გადაადგილება შეეძლო დამხმარე პირების მეშვეობით. პაციენტს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, რამდენიმე ინტრავენური ინფუზია (3 საათის განმავლობაში), განესაზღვრა წოლითი რეჟიმი 5-7 დღით, წნევის კონტროლით. შესაბამისად, აღწერილი სიმპტომატიკისა და პაციენტის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით, 2012 წლის 7 ნოემბერს მას არ შეეძლო სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 7 ნოემბერს, სასამართლოს სხდომამდე, ხ. გ-ი ტელეფონით დაუკავშირდა საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც აცნობეს, რომ თბილისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა გაუქმდა, რის გამოც ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე და ითხოვა საპატიოდ ჩათვლოდა გამოუცხადებლობა. ამასთან, ს. ჯ-ის ძირითად მისამართს (ფაქტობრივ ადგილსამყოფელს) წარმოადგენდა ქ. თბილისი, შ. ნ-ის ქ. №175, ხოლო გ. გ-ის ძირითად მისამართს – ქ.თბილისი, მ-ის შეს. №3.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მოსარჩელის წინააღმდეგ, მისი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სადაც აპელანტმა მიუთითა გამოუცხადებლობის ორ მიზეზზე, იმ ავიარეისის გადადებაზე, რომლითაც იგი უნდა ჩასულიყო თბილისიდან მესტიაში და მოსარჩელის ძირითადი წარმომადგენლის ავადმყოფობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარემოებების შინაარსის გათვალისწინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შემოწმდეს მხოლოდ მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ დაიშვება, თუ: ა) არსებობს გარემოება, რომელიც ხელს უშლის მხარის დროულ გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე; ბ) ამ გარემოების თაობაზე ცნობილი ხდება სასამართლოსთვის. ამასთან, ამ გარემოების არსებობა უნდა დადასტურდეს სასამართლოს სხდომამდე სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით და არა მხოლოდ სიტყვიერი შეტყობინებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის, ვინაიდან ხ. გ-მა სატელეფონო შეტყობინებით სასამართლოს სხდომამდე აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზის – ავიარეისის გადადების თაობაზე, თუმცა არც შეტყობინების ეტაპზე და არც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვისას არ წარუდგენია სასამართლოსთვის ავიარეისის გადადების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და კანონიერად, გამოუცხადებელი მხარის საჩივრის საფუძველზე გაუქმდეს და განახლდეს საქმის არსებითი განხილვა, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, საჩივრის წარმდგენმა პირმა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა მოსარჩელის წარმომადგენელ ხათუნა გრიგალაშვილის ავადმყოფობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, უნდა შეფასდეს შემდეგი საკითხები: ა) დასტურდება თუ არა ავადმყოფობის არსებობა, რომელიც გამორიცხავდა ხ. გ-ის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე; ბ) ავადმყოფობის დადასტურების შემთხვევაში, გამორიცხული იყო თუ არა ხ. გ-ის მხრიდან როგორც სასამართლოს, ასევე, მოსარჩელის და მეორე წარმომადგენლის დროული ინფორმირება ამ გარემოების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და განმარტა, რომ ავადმყოფობა მხოლოდ მაშინ მიიჩნევა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, თუ იგი დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული ნორმების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ 2012 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის ძირითადი და საქმის ფაქტობრივ გარემოებებში დეტალურად გათვითცნობიერებული წარმომადგენლის – ხ.გ-ის ისეთი ავადმყოფობით, რომელიც გამორიცხავდა პირადად მის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მომენტიდან (2012 წლის 6 ნოემბრის ღამით და 7 ნოემბრის გამთენიისას) სასამართლო სხდომის დაწყებამდე (2012 წლის 7 ნოემბრის 12:00 საათი) დროის პერიოდი იმდენად მცირე იყო, რომ ხ. გ-ს გონივრული ვადა არ გააჩნდა, შეეტყობინებინა მარწმუნებლისა და მეორე წარმომადგენლისათვის მომხდარის შესახებ და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ს. ჯ-ე ან გ. გ-ი საქმის განხილვისათვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ და გამოცხადებულიყვნენ სასამართლო სხდომაზე თბილისიდან დაბა მესტიაში. ასევე, ანალოგიური მოტივებით, ხ. გ-ი ვერ შეძლებდა, სათანადო მტკიცებულების წარდგენით, სასამართლოს ინფორმირებას ამ გარემოების თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვისას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო. კ-მა, გ., მ, დ და გ. ჯ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი და მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება. სააპელაციო პალატა, ერთის მხრივ, განჩინებაში მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეეძლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, განმარტავს, რომ კანონმდებლობის შესაძლებლობიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და კანონიერად, გამოუცხადებელი მხარის საჩივრის საფუძველზე შეიძლება, გაუქმდეს და განახლდეს საქმის არსებითი განხილვა, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოსარჩელის წარმომადგენელ ხ. გ-ს შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან მან შეძლო სასამართლოსათვის ეცნობებინა ავიარეისის გადადების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილი და დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, რის შედეგადაც საქმეს დაურთო შპს „ი-ის“ ექიმის მიერ სამედიცინო ცნობისათვის დადგენილი ფორმის გარეშე განმარტების სახით შედგენილი ცნობა, მიანიჭა მას მტკიცებულების ძალა და მასზე დააფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც არასწორია, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს შეეძლო მითითებული მტკიცებულება წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი და განჩინებაში მიუთითა, რომ ხ. გ-ის მიერ წარმოდგენილი ცნობები წარმოადგენდა სწორედ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილი, 70-ე მუხლის პირველი ნაწილი და დაადგინა, რომ ს. ჯ-ე უშუალოდ იყო გაფრთხილებული სხდომის თარიღის შესახებ, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ის გაფრთხილებასაც ნიშნავდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდებოდა, რომ ხ. გ-მა 2012 წლის 5 სექტემბრის და 19 სექტემბრის სასამართლოს სხდომებში ვერ მიიღო მონაწილეობა, რაც ცნობილი იყო მოსარჩელე ს. ჯ-სა და მის წარმომადგენელ გ. გ-ის. შესაბამისად, ს. ჯ-ე და გ. გ-ი ვალდებული იყვნენ, გამოეჩინათ წინდახედულობა და მითითებული ნორმის გამოყენებით, თავად მიეღოთ მონაწილეობა საქმის განხილვაში.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხ. გ-ი წარმოადგენდა საქმის გარემოებებში დეტალურად გათვითცნობიერებულ წარმომადგენელს, რომელიც მარწმუნებლის სახელით რელურად იღებდა გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ, მართალია, 2012 წლის 5 სექტემბრის და 7 ნოემბრის სასამართლოს სხდომების შესახებ ეცნობათ ს. ჯ-ეს და ხ. გ-ს, მაგრამ მესტიის რაიონულ სასამართლოში ჩატარებული სამი სხდომიდან ხ. გ-ს არც ერთში არ მიუღია მონაწილეობა, ხოლო გ. გ-მა სასამართლო პროცესში მიიღო მონაწილეობა.
ამასთან, მოსამართლის თანაშემწემ სასამართლო სხდომის შესახებ გ. გ-ი ვერ გააფრთხილა საქმეში ტელეფონის მიუთითებლობით და არა ხ.გ-ის უპირატესობის მინიჭებით. ასევე, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს. ჯ-ეს, ხ. გ-სა და გ. გ-ს შორის არსებულ შეთანხმებას, კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე ხ. გ-ის მონაწილეობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ო. კ-ის, გ., მ, დ და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ., მ, დ, გ. ჯ-სა და ო. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს – გ., მ, დ, გ. ჯ-სა და ო. კ-ს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 29 ივნისს გ.ფ-ას მიერ №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2013 წლის 30 ივლისს გ.ფ-ას მიერ №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ – 500 ლარის 70% – 350 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ., მ, დ, გ. ჯ-სა და ო. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. ჯ-ეს (პირადი №...), მ ჯ-ეს (პირადი №...), დ ჯ-ეს (პირადი №...), გ. ჯ-ესა (პირადი №...) და ო. კ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 29 ივნისს გ. ფ-ას მიერ №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარისა და 2013 წლის 30 ივლისს გ. ფ-ას მიერ №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის, სულ – 500 ლარის 70% – 350 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე