საქმე№ას-75-73-2014 4 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ. თ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. თ-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე ნ. გ-ას საკუთრებაში არსებული ქ.რუსთავში, რ-ის ქ.№19/13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2012 წლის 16 ნოემბერს ნ. გ-ამ სადავო ქონება შეიძინა რ. ჩ-ან და აღრიცხა საჯარო რეესტრში.
საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არ გამხდარა.
მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი, რომ მოპასუხე რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, მან მესაკუთრისაგან შეიტყო, რომ ბინა იყო გაქირავებული.
თავად მოსარჩელე წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილს და ამჟამად ცხოვრობს ქირით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.რუსთავში, რ-ის ქუჩა №19-ში მდებარე №13 ბინა საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულია ნ. გ-ას საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე კ. თ-ა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ნ. გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების ფაქტს. მეტიც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სადავო უძრავი ქონება ნ. გ-ას მიერ მისი შეძენისას იყო უფლებრივად უნაკლო. საჯარო რეესტრის ჩანაწერები, ასევე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გარიგებები და მის საფუძველზე წარმოშობილი უფლებები კ. თ-ას კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, ნ. გ-ას სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელე ნ. გ-ა წარმოადგენს ქ.რუსთავში, რ-ის ქუჩა №19-ში მდებარე სადავო №13 ბინის მესაკუთრეს. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე კ. თ-ა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ნივთს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ. თ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
2009 წლიდან კასატორი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ჩ-ან, ხოლო არარეგისტრირებულ ქორწინებაში მეუღლეები იყვნენ 1992 წლიდან. ისინი ცხოვრობდნენ გალის რაიონში.
1994 წლის 21 სექტემბერს, დევნილობის პერიოდში თანაცხოვრებისას მათ ლ. ი-ან შეიძინეს სადავო ბინა ნოტარიუს მ. მ-ან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ვინაიდან ორივე მეუღლე იყო დევნილი, მათ სახელზე უძრავი ქონება ვერ გაფორმდებოდა. ამიტომ სადავო ბინა დარეგისტრირდა გ. ჩ-ის ძმის – ბ. ჩ-ის სახელზე. ხელშეკრულების გაფორმების დროს ბ. ჩ-ი საერთოდ არ იმყოფებოდა ქ. რუსთავში (წასული იყო ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ მ-ი). შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ აღნიშნული ბინის გაფორმება განხორციელდა უკანონოდ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამყიდველ ლ. ი-ას გარიგებაზე ხელი მოწერილი აქვს რუსულად, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მან არ იცოდა ქართული და მისთვის უცნობი იყო, რა დოკუმენტს აწერდა ხელს. კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ნოტარიუსს კასატორისთვის უნდა დაენიშნათ თარჯიმანი, რაც არ განხორციელდა. აღნიშნული გარემოება კი ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
ბ. ჩ-ის გარდაცვალების შემდეგ გაიცა ზოგადი სამკვიდრო მოწმობა, თუმცა მ. ჩ-ე იგივე არ განხორციელებულა. შესაბამისად, დაუდგენელია, როგორ შეძლო რ. ჩ-მა სამკვიდროში არარსებული ბინის გასხვისება. ამდენად, სადავო ბინის გასხვისების თაობაზე დადებული გარიგება უკანონოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 იანვრის განჩინებით კ. თ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. თ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე