Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-839-797-2013 4 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ. თ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ. თ-ის“ მიმართ 1700 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

2012 წლის 4 დეკემბერს ლ. ს-სა და შპს „კ. თ-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლ. ს-ემ იკისრა ვალდებულება, დაედგა საახალწლო კორპორაციული საღამო 28 დეკემბერს ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა მისთვის 3400 აშშ დოლარი.

მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და საზღაური ნაწილობრივ გადაიხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება არასრულად და არასათანადოდ შეასრულა, რის გამოც საზღაურის სრულად მიღების უფლება მას არ გააჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2012 წლის 4 დეკემბერს, ერთის მხრივ, შპს „კ. თ-ს“, როგორც „შემსყიდველს“ და, მეორე მხრივ, ლ. ს-ეს, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა №3 ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სანახაობის (შოუ) სარეჟისორო მომსახურება და მისი მუსიკალური გაფორმება (დიჯეის მომსახურება). შესყიდვის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 4250 აშშ დოლარით.

ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მომსახურების მიღება, რომლის თანახმად, მომსახურება ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მომსახურების მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა მიმწოდებელი.

ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი, რომლის თანახმად, პირველჯერადი ასანაზღაურებელი თანხა – ხელშეკრულების ღირებულების 50% მომსახურების შემსყიდველის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2012 წლის 20 დეკემბრისა, ხოლო მომწოდებელთან საბოლოო ანაგარიშსწორება განხორციელდებოდა არაუგვიანეს 2013 წლის 10 იანვრისა.

შპს „კ. თ-მა“ ხელშეკრულების მე-6 მუხლით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას არაუგვიანეს 2013 წლის 10 იანვრისა. ამასთან, შპს „კ. თ-მა“ გადაიხადა მხოლოდ პირველჯერადი ასანაზღაურებელი თანხა, ხელშეკრულების ღირებულების 50% – 1700 აშშ დოლარი.

სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრით შპს „კ. თ-ი“ სადავოდ ხდიდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს და მიაჩნია, რომ ლ. ს-ემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ხარვეზებით, რის გამოც შემსყიდველმა უარი განაცხადა, აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების დარჩენილი 1700 აშშ დოლარი.

სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ შესაძლებელია, ნაკლის გამო, მომსახურების ღირებულების შემცირება. შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. შესაბამისად, თუ შეკვეთა სრულად არ განხორციელდა და მომსახურება განხორციელდა ნაკლიანად, შემკვეთს უფლება აქვს შეამციროს ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა 102-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა არა მხოლოდ მომსახურების ნაკლის არსებობა, არამედ ისიც, რომ, ნაკლის გამო, მისი ღირებულება შემცირდა. აპელანტმა ვერ დაასაბუთა, რომ სანახაობის არაჯეროვანი სარეჟისორო მომსახურების და მუსიკალური გაფორმების გამო, იგი უინტერესო გახდა და დაკარგა მაყურებელი ან მოსარჩელეს გაუჩნდა ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ, რის გამოც მიყენებულმა ზიანმა შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულების 50%.

პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ვერ გახდება ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მაგრამ არაუგვიანეს 2013 წლის 10 იანვრისა (6.2 პუნქტი).

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლების პირველი ნაწილების, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. ს-ის სარჩელი მოპასუხე შპს „კ. თ-ის” მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე სწორად დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „კ. თ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ შეუფასებია 2012 წლის 4 დეკემბრის №03 ხელშეკრულების 1.4, 5.1 და 6.2 მუხლები. მითითებული დანაწესები მხოლოდ მას შემდეგ შექმნიდა მოსარჩელის მხრიდან დასაბუთებული პრეტენზიებისა და მოთხოვნების წარდგენის საფუძველს, თუ მოსარჩელე ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებდა და, ამავდროულად, ხელშეკრულების მოთხოვნისამებრ გააფორმებდა მიღება-ჩაბარების აქტს.

სასამართლომ არასაკმარისად გამოარკვია 2012 წლის №03 ხელშეკრულების მე-2 მუხლთან მიმართებით მე-5 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული მოსარჩელის ვალდებულებების ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაანალიზა და საერთოდ არ იმსჯელა მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე, არ მოახდინა მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის ფაქტის სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა და არასწორად დაადგინა რიგი გარემოებები და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული როგორც ზეპირი, ასევე წერილობით მოთხოვნა მომსახურების ფაქტობრივად შესრულებასთან დაკავშირებით. მხარის მიერ საერთოდ უგულებელყოფილია სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 629-ე, 632-ე, 361-ე, 327-ე, 269-ე და 648-ე მუხლები. ამასთან, არ არის გამოკვლეული გარემოებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არასრულად შესრულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გამოიკვლია, სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (მხარისთვის გაგზავნილი წინადადებები და სხვა საფოსტო გზავნილები).

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილებით მეწარმეს ხელი ეშლება საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშსწორების სწორად წარმოებაში, რაც საბოლოოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევა (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-16, 72-ე, 105-ე, 106-ე, 136-ე და 166-ე მუხლები). აღნიშნულმა მდგომარეობამ შესაძლებელია, შემდგომში გამოიწვიოს კომპანიის დაჯარიმება და გაზარდოს მისთვის მიყენებული ზიანი. მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის პირობებში აღნიშნული მით უფრო სავარაუდოა, რადგან შესრულებული სამუშაოს ან მომსახურების მიღების ფაქტი ვერ დადასტურდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „კ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „კ. თ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „კ. თ-ს“ უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით №507 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „კ. თ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2013 წლის 23 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით №507 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე