Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-86-82-2014 31 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ი, მ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ა-მა მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მ. ა-ის მიმართ და მოითხოვა, რომ ყადაღისგან გათავისუფლებულიყო თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2012 წლის 18 სექტემბერს დაყადაღებული შემდეგი ნივთები: ხის მრგვალი მაგიდა 6 სკამით; ნაჭრის სავარძელი; ხის სავარძელი; საზურგ.ნი „ტახტი“; სურათი ჩარჩოთი დიდი (ანიქალაქი); სურათი ოქროსფერი ჩარჩოთი; მუსიკალური ცენტრი „PENE“; ტელევიზორი „JVC“; ჟურნალის მაგიდა; საკერავი მანქანა „VERITAS“; გაზის ქურა; მაცივარი; სამზარეულოს კედელი ხის; სამზარეულოს მაგიდა ( ხის მრგვალი); სარეცხის მანქანა „ARDO“; საძინებლის კომპლექტი „ლუდოვიკო” (ტანსაცმლის კარადა, ორსაწოლიანი „ტახტი“, ორი ტუმბო, უჯრიანი კარადა სარკით); მისაღების და საძინებლის კომპლექტი „ტულპანი“ (ორი საწოლი, ორი ტუმბო, უჯრიანი კარადა სარკით, ტანსაცმლის კარადა, გასაშლელი მაგიდა 10 სკამით, ჭურჭლის კარადა („სერვანდი“), საწერი მაგიდა, უჯრებიანი კარადა, წიგნის კარადა, ჟურნალის მაგიდა, „ტახტი“ ორი სავარძლით)); ჭურჭლის კარადა („გორკა“); სასმელის შესანახი კარადა „ბარი“; დიდი სურათი ოქროსფერ ჩარჩოში; პიანინო „ROMSAM“ სკამით; ვენტილატორი „SUPER“; მტვერსასრუტი „SAMSUNG”; კონდიციონერი „AUX“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ყადაღისგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2012 წლის 18 სექტემბერს დაყადაღებული მოძრავი ნივთები: ხის მრგვალი მაგიდა 6 სკამით; ნაჭრის სავარძელი; ხის სავარძელი; საზურგ.ნი „ტახტი“; სურათი ჩარჩოთი დიდი (ანიქალაქი); სურათი ოქროსფერი ჩარჩოთი; მუსიკალური ცენტრი „PENE“; ტელევიზორი „JVC“; ჟურნალის მაგიდა; საკერავი მანქანა „VERITAS“; გაზის ქურა; მაცივარი; სამზარეულოს კედელი ხის; სამზარეულოს მაგიდა ( ხის მრგვალი); სარეცხის მანქანა „ARDO“; საძინებლის კომპლექტი „ლუდოვიკო” (ტანსაცმლის კარადა, ორსაწოლიანი „ტახტი“, ორი ტუმბო, უჯრიანი კარადა სარკით); მისაღების და საძინებლის კომპლექტი „ტულპანი“ (ორი საწოლი, ორი ტუმბო, უჯრიანი კარადა სარკით, ტანსაცმლის კარადა, გასაშლელი მაგიდა 10 სკამით, ჭურჭლის კარადა („სერვანდი“), საწერი მაგიდა, უჯრებიანი კარადა, წიგნის კარადა, ჟურნალის მაგიდა, „ტახტი“ ორი სავარძლით)); ჭურჭლის კარადა („გორკა“); სასმელის შესანახი კარადა „ბარი“; დიდი სურათი ოქროსფერ ჩარჩოში; პიანინო „ROMSAM“ სკამით; ვენტილატორი „SUPER“; მტვერსასრუტი „SAMSUNG”; კონდიციონერი „AUX“.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.თბილისში, ვ-ის დასახლების მე-3 მასივის X კვარტლის „ე” კორპუსში მდებარე N56 ბინაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე გ. ა-ი. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია დ. ა-სა და გ. ა-ს შორის 2011 წლის 8 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნულ ბინაში გ. ა-ან ერთად ცხოვრობს მისი და, მოპასუხე მ. ა-ი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №007-2731 ბრძანებით ყადაღა დაედო მოვალის – მ. ა-ის ქონებას. 2012 წლის 18 სექტემბერს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღის დადების შესახებ აქტით აღწერა და დააყადაღა გ. ა-ის კუთვნილ ბინაში განთავსებული 15 დასახელების მოძრავი ნივთი, კერძოდ: ხის მრგვალი მაგიდა 6 სკამით; ნაჭრის სავარძელი; ხის სავარძელი; საზურგ.ნი „ტახტი“; სურათი ჩარჩოთი დიდი (ანიქალაქი); სურათი ოქროსფერი ჩარჩოთი; მუსიკალური ცენტრი „PENE“; ტელევიზორი „JVC“; ჟურნალის მაგიდა; საკერავი მანქანა „VERITAS“; გაზის ქურა; მაცივარი; სამზარეულოს კედელი ხის; სამზარეულოს მაგიდა (ხის მრგვალი); სარეცხის მანქანა „ARDO“; საძინებლის კომპლექტი „ლუდოვიკო” (ტანსაცმლის კარადა, ორსაწოლიანი ტახტი, ორი ტუმბო, უჯრიანი კარადა სარკით); მისაღების და საძინებლის კომპლექტი „ტულპანი“ (ორი საწოლი, ორი ტუმბო, უჯრიანი კარადა სარკით, ტანსაცმლის კარადა, გასაშლელი მაგიდა 10 სკამით, ჭურჭლის კარადა („სერვანდი“), საწერი მაგიდა, უჯრებიანი კარადა, წიგნის კარადა, ჟურნალის მაგიდა, „ტახტი“ ორი სავარძლით)); ჭურჭლის კარადა („გორკა“); სასმელის შესანახი კარადა „ბარი“; დიდი სურათი ოქროსფერ ჩარჩოში; პიანინო „ROMSAM“ სკამით; ვენტილატორი „SUPER“; მტვერსასრუტი „SAMSUNG“; კონდიციონერი „AUX“, როგორც მოვალის – მ. ა-ის ქონება;

დაყადაღებას ესწრებოდნენ მ. ა-ი და დ. ა-ა. ყადაღის დადების შესახებ აქტზე მ. ა-მა გააკეთა შენიშვნა, რომ აღწერილი და დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენდა მის საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დანაწესით, ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეს წარმოადგენდა მ. ა-ი, რომლის ქონებასაც ყადაღა დაედო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 27 აპრილის №007-2731 ბრძანებით. თუმცა როგორც ეს საქმის მასალებით დადგინდა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2012 წლის 18 სექტემბერს აღწერა და დააყადაღა მოსარჩელე გ. ა-ის კუთვნილ ბინაში (მდებარე ქ.თბილისი, ვ-ის დასახლება, მე-3 მასივი, X კვარტალი, კორპუსი „ე”, ბინა N56) განთავსებული 15 დასახელების მოძრავი ნივთი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დაყადაღებული მოძრავი ნივთები განლაგებული იყო მოსარჩელე გ. ა-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ბინაში, რომელშიც გ. ა-ან ერთად ცხოვრობდა მისი და, მოპასუხე/მოვალე მ. ა-ი, ამიტომ ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრეზუმფცია. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოძრავი ნივთის მფლობელი მიიჩნევა მის მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებიც წინასწარ ცნობილია ან უნდა დადგინდეს. იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა კანონით გათვალისწინებული საქმის გარემოებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები ფაქტის პრეზუმფციისათვის, ამიტომ 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ნავარაუდევი ფაქტი ნივთის ფაქტობრივი მფლობელის მესაკუთრეობის შესახებ მტკიცებას არ საჭიროებდა. შესაბამისად, გ. ა-ი დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშეც მიიჩნეოდა მესაკუთრედ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პრეზუმფცია მოქმედებდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ამის საპირისპიროდ, მოპასუხეს (აპელანტს) კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში უნდა ემტკიცებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, მას უნდა ემტკიცებინა, რომ არ არსებობდა გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში დაყადაღებული მოძრავი ნივთების ბინის მესაკუთრისადმი (გ. ა-ი) კუთვნილების შესახებ ნავარაუდევი ფაქტი. საქმეში წარდგენილი შესაგებელი და სააპელაციო საჩივარი, ასეთ მტკიცებას არ შეიცავდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ დ. ა-ას ჩვენებაზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ იგი არის მოსარჩელე გ. ა-ის და მოპასუხე მედეა ა-ის დედა, რომელმაც მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა გ. ა-ს, ხოლო მისი ქალიშვილი – მ. ა-ი დროებით ცხოვრობდა მათთან, ვინაიდან ამ ეტაპზე სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა მოწმე ეთერი ბეჟაშვილის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებითა და მოწმეთა ჩვენებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე არ დასტურდებოდა მოპასუხის/მოვალის – მ. ა-ის საკუთრების უფლება და ისინი მოსარჩელე გ. ა-ის საკუთრებას წარმოადგენდნენ.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოხმობილი ნორით დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ა-ის სარჩელი ყადაღისაგან მოძრავი ნივთების გათავისუფლების შესახებ სწორად დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. კასატორის მოსაზრებით, მართალია უძრავი ქონება (მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართი) ირიცხება გ. ა-ის საკუთრებაში, მაგრამ ვინაიდან მ. ა-ი იმავე ბინაში ცხოვრობს და იქ ფლობს მოძრავ ქონებას, შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია მასზეც ვრცელდება. თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ მ. ა-ი მასთან 2003 წლიდან ცხოვრობს. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, ეს უკანასკნელი ითვლება მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრედ. გარდა ამისა, აღნიშნულს ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 42-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად, ქონების დაყადაღების (აღწერის) დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის, თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე საკუთრების უფლებებს, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში და კეთდება სათანადო აღნიშვნა, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლი, რომლის თანახმად, იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის;

სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადგინდა მესაკუთრის ვინაობა, რადგან ერთ შემთხვევაში მოწმეები აცხადებდნენ, რომ ქონება გ. ა-ს ეკუთვნოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მესაკუთრედ გ. ა-ის დედაზე მიუთითებდნენ;

არასწორია სასამართლოების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებული ნივთები წარმოადგენენ მისი ბინის საკუთვნებელს. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. კონკრეტულ შემთხვევაში, დაყადაღებული ნივთები წარმოადგენენ ცალ-ცალკე შეძენილ ნივთებს, რომლებიც სივრცობრივ კავშირში არ არიან ბინასთან, გააჩნიათ კონკრეტული დანიშნულება და დამოუკიდებელი სარეალიზაციო ღირებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 10.07.2013წ., საქმე #ას-26-24-2013-დოდაშვილები).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე