Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე№ას-877-835-2013 17 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ქ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ქ-ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული 25000 ლარის დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

ნ. ქ-ა მეუღლესთან, შვილებთან და დედამთილთან – ქ. ქ-ან ერთად ცხოვრობდა ქ.ქუთაისში, ლ. ა-ის ქ.№3-ში მდებარე მამამთილის კუთვნილ სახლში. დაახლოებით 17 წლის წინ მოპასუხე საცხოვრებლად გადავიდა თავის ქალიშვილთან.

წლების განმავლობაში მოსარჩელემ გაარემონტა საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც უძრავი ნივთის ღირებულება 25000 ლარით გაიზარდა. მოსარჩელე დარწმუნებული იყო, რომ სამომავლოდ მისი მესაკუთრე გახდებოდა.

2009 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მამამთილი და მისი სამკვიდრო მიიღო ქ. ქ-ამ. მოპასუხემ მოსარჩელე სადავო ბინიდან გამოასახლა და მიიღო 25 000 ლარით მეტი ღირებულების ქონება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონება გაარემონტა მისმა შვილმა საკუთარი სახსრებით. ამასთან, მოსარჩელე სადავო ნივთის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოპასუხეს არ შეთანხმებია და სამუშაოები აწარმოა საკუთარი შეხედულებისამებრ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12265,41 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში – ნ. ქ-ამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქ. ქ-ამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.ქუთაისში, ლ.ა-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ქ. ქ-ამ და მისმა მეუღლე გ.ი ქ-ამ შეიძინეს 1962 წლის 9 იანვარს. საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული იყო გ. ქ-ას საკუთრებად.

გ. ქ-ა გარდაიცვალა 1985 წელს. უძრავი ქონება 2009 წელს მემკვიდრეობით მიიღო ქ. ქ-ამ.

ნ. ქ-ა და ქ. ქ-ა არიან რძალ-დედამთილი. ქ. ქ-ას შვილი – რ. ქ-ა და ნ. ქ-ა 1973 წლის 24 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და შეეძინათ სამი შვილი.

1973 წლიდან მეუღლეები ცხოვრობენ ქ.ქუთაისში, ლ.ა-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №1-ში. აღნიშნულ მისამართზე ბოლო 17 წლის განმავლობაში არ ცხოვრობს მოპასუხე ქ. ქ-ა.

ქ. ქ-ამ განცხადებით მიმართა პოლიციას და მოითხოვა აღნიშნული ბინიდან მოსარჩელის გამოსახლება.

პოლიციამ მიიღო საკუთრების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიების განხორციელების აქტი და მოსარჩელე შვილებთან ერთად სადავო ბინიდან გამოასახლა.

მოწმეთა ჩვენებებით, მხარის განმარტებითა და ექსპერტის დასკვნით პალატამ დაადგინა, რომ ქ.ქუთაისში, ლ.ა-ის ქუჩის მე-3 ჩიხის №1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული სარემონტო სამუშაოები ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული და ამ დასკვნის თანახმად სახლთმფლობელობაზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 20 530.81 ლარით.

სასამართლოს მითითებით, ნ. ქ-ას სასარჩელო მოთხოვნა შეეხება მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრებას, რის სამართლებრივ საფუძველსაც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით გათვალისწინებული სამართლებრივი რეგულაციები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები წარმოადგენს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, საცხოვრებელ სახლზე ჩატარებულმა რემონტმა გამოიწვია თუ არა მოპასუხის გამდიდრება და თუ გამოიწვია რა ოდენობით.

ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა საკითხი, რა ღირდა რემონტის ჩატარებამდე და რა ღირს ჩატარებული რემონტის გათვალისწინებით ქ.ქუთაისში, ა-ის მე-3 ჩიხის №1-ში მდებარე სახლთმფლობელობა, ასევე, ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა (ჩატარებული სამუშაოსა და მისი ღირებულების შესახებ კი ასახულია საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2012 წლის 18 დეკემბერს შედგენილ №046399-2012/07/04 ექსპერტიზის დასკვნაში) რა ოდენობით გაზარდა აღნიშნული სახლთმფლობელობის საბაზრო ღირებულება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე ექსპერტის დასკვნა დაადასტურებდა საკითხს იმის შესახებ, თუ რა ოდენობის სარგებელი მიიღო მოპასუხე ნ. ქ-ამ გარემონტებული სახლის დაბრუნებით და რა ოდენობით გამდიდრდა ეს უკანასკნელი.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ დასახელებული სამოქალაქო საქმე დაბრუნდა ექსპერტის დასკვნის გარეშე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ნ. ქ-ამ არ დაფარა ექსპერტიზის ხარჯები.

საქმეზე კანონშესაბამის მტკიცებულებათა არარსებობის გამო, პალატამ დაუდასტურებლად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ქ-ას მიერ გაღებული რემონტის ხარჯების შედეგად ქ. ქ-ას გამდიდრება მოჰყვა.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველი დავა უსაფუძვლო გამდიდრებით დადგენილი სამართლებრივი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს.

სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 987-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული კუმულაციური, ერთობლივი წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხე უნდა გამდიდრდეს, მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ამ ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი უნდა იყოს უკანონო.

პალატამ მიიჩნია, რომ ამ სამი პირობიდან, რომელიმე პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სწორედ ამიტომ, თუ დადგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული ამ პირობის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს, ანუ სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯის გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.

სააპელაციო პალატამ დანიშნა ექსპერტიზა იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, გაუმჯობესებული ქონების მიმღები ქ. ქ-ა გამდიდრდა თუ არა და, დადებით შემთხვევაში, რა ოდენობით, თუმცა ექსპერტიზის ჩატარებას ხელი მოსარჩელე ნ. ქ-ამ შეუშალა, რადგან თანხა არ გადაიხადა. მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ფარგლებში მოქცეული მცდელობისა, მხარეს ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც გამოიხატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ თავისივე ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნაში, მოსარჩელე მხარემ სრულიად შეგნებულად, დააბრკოლა და ხელი შეუშალა მისთვის მეტად საჭირო და აუცილებელი მტკიცებულების, ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებას იმ მოსაზრებით, რომ საქმეში იყო საკმარისი მტკიცებულებები თავისი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

სააპელაციო პალატის განმარტებით, კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სანდო და უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ქ. ქ-ა ნამდვილად გამდიდრდა და თან გამდიდრდა კონკრეტული ოდენობის თანხით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ქ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. მან არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. პალატამ უკანონოდ არ გაითვალისწინა, რომ კასატორს სადავო უძრავი ნივთი თავისად მიაჩნდა და სადავო ხარჯებიც ამის გამო გაიღო.

საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან ნათლად ირკვევა მოპასუხის გამდიდრების ფაქტი და განსაზღვრულია სარემონტო სამუშაოების ღირებულებაც – 20530,81 ლარი. ამდენად, დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების ღირებულებაც მითითებული ოდენობით გაიზარდა.

საქმის არსს არ ცვლის ის გარემოება, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი. მთავარია, რომ მოსარჩელე ითხოვდა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

არასწორია სასამართლოს მითითება, რომ კასატორმა ხელი შუშალა სასამართლოს მტკიცებულების მოპოვებაში. საქმეში უკვე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა ნ.ქ-ას მიერ ხარჯების გაღების ფაქტი, შესაბამისად, დამატებით ახალი ექსპერტიზის ჩატარება საჭირო არ იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ქ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 4 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. ქ-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 4 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1000 ლარის 70% – 700 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე