Facebook Twitter

№ას-902-860-2013 14 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,…“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,…-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის შპს ,,…“-ის სასარგებლოდ - 6450,51 ლარის დაკისრება. ასევე, მოითხოვა 2012 წლის 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტში მითითებული ვადების გაუქმება და მის ნაცვლად, ამავე ხელშეკრულების 10.2 პუნქტში მითითებული ვადის (2012 წლის 31 დეკემბერი) განსაზღვრა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,…-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შპს ,,…-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 4212, 58 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ,,…-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №358. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის საჯარო სკოლის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის ადმინისტრაციული შენობის გაზმომარაგების დაბალი წნევის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 14791,85 ლარს.

2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ანგარიშსწორების ფორმასა და პირობებზე, შესრულებული სამუშაობის მიღება-ჩაბარების წესზე და ასევე, სამუშაოების შესრულების ადგილსა და ვადაზე და ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობაზე. ამასთან, მხარეებს შორის ხელშეკრულების 6.2 პუნქტით დადგენილი იყო, რომ სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის საჯარო სკოლის შენობის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებისათვის ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 2012 წლის 10 ოქტომბრამდე ვადა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებისათვის ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 2012 წლის 31 ოქტომბრამდე ვადა. ასევე, ამავე ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს 6.2. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

შპს ,,…-ის“ დირექტორმა, როგორც მიმწოდებელმა მოპასუხე სამინისტოს წარმომადგებლებს 2012 წლის 24 სექტემბრის №358 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოები ორივე ობიექტზე, როგორც ბ-ის საჯარო სკოლაში, ასევე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ჩააბარა 2012 წლის 22 ნოემბერს, რაზედაც შედგენილი იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები.

აღნიშნული აქტებით დადგინდა, რომ შპს ,,…-ის“ მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის საჯარო სკოლის გაზმომარაგების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 4974,33 ლარი, ხოლო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 9579,76 ლარი. სულ მოსარჩელემ შეასრულა14554,09 ლარის ღირებულების სამუშაო. ასევე დადგინდა, რომ მხარეებს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ ქონდათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსარჩელისაგან სამუშაოების მიღების შემდეგ, მოსარჩელეს 2012 წლის 28 ნოემბრის წერილით აცნობა, რომ მის მიერ დაირღვა 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა, კერძოდ, შესრულება მიწოდებული იყო 42 დღის დაგვიანებით, რის გამოც მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 14791,85 ლარის 1%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა - 6212,58 ლარს. ამავე წერილით, შემსყიდველს მოპასუხემ აცნობა, რომ აუნაზღაურდებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას პირგასამტეხლოს გამოკლებით, რისი უფლებამოსილებაც მას გააჩნდა 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად.

საქმეში წარმოდგენილი საგადახადო მოთხოვნებით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის საჯარო სკოლაში შესრულებული - 4974,33 ლარის ღირებულების სამუშაოდან აუნაზღაურა მხოლოდ - 725, 25 ლარი, ხოლო სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში განხორციელებული - 9579,76 ლარის ღირებულების სამუშაოდან აუნაზღაურა მხოლოდ - 7616,26 ლარი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 14554,09 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოდან აუნაზღაურა სულ - 8341,51 ლარი, ხოლო 6212,58 ლარი აღარ გადაუხადა და აღნიშნული თანხა დაიტოვა, როგორც მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 317.1-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარეებმა 2012 წლის 24 სექტემბერს დადეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნული ხელშეკრულების 6.2 პუნქტით მხარეებმა კონკრეტულად განსაზღვრეს სამუშაოების შესრულების ვადა, კერძოდ, მოსარჩელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ის საჯარო სკოლაში სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2012 წლის 10 ოქტომბრამდე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 2012 წლის 31 ოქტომბრამდე. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების საგნის მიღება ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. ამასთან, მხარეებს შორის სადაო არ იყო ის გარემოება, რომ სამუშაოები დასრულდა და მისი ჩაბარების შესახებ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, პალატის შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა.

პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო ცალმხრივად ისე, რომ არ ყოფილა მიმწოდებლის ინტერესები გათვალისწინებული და ხელშეკრულებაში მითითებული ვადა იყო არარეალური, ვინაიდან ამ ვადაში შეუძლებელი იყო ასეთი სამუშაოების წარმოება, ამიტომაც ხელშეკრულების 6.2. პუნქტში მითითებული ვადა უნდა გაუქმდეს და ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს ხელშეკრულების 10.2 პუნქტში მითითებული ვადა 2012 წლის 31 დეკემბერი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102 მუხლზე და სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მხარეებს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტში მითითებული ვადების არარეალურად ცნობის შესახებ იყო დაუსაბუთებელი და ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეს სრულად უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 14791,85 ლარის ოდენობით და არ გააჩნდა უფლებამოსილება დაექვითა პირგასამტეხლო. ამასთან, პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლები, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრებოდა. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ მხარეს უპირობოდ გადაეხადა პირგასამტეხლო. ამასთან, მხარეები ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო პირგასამტეხლოს თანხა გამოექვითა ასანაზღაურებელი სამუშაოს ღირებულებიდან.

პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადა და სამუშაო შემსყიდველს მიაწოდა 42 დღის დაგვიანებით. ასევე, სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ არსებობდა მხარეთა მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს. კერძოდ, ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ ,,მიმწოდებელს 6.2. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.“ ამასთან, ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო - 14554,09 ლარი და არა - 14791,85 ლარი, ვადაგადაცილება - 42 დღე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დაქვითული პირგასამტეხლოს საერთო ღირებულება შეადგენდა - 6212,58 ლარს.

პალატის განმარტებით, სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე და სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ს იყო შეუსაბამოდ მაღალი. კერძოდ, გადახდის ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელეს სოფელ ბ-ის საჯარო სკოლაში შესრულებული 4974,33 ლარის ღირებულების სამუშაოდან აუნაზღაურდა მხოლოდ 725,25 ლარი, ხოლო 4249,08 ლარი გამოექვითა პირგასამტეხლოს სახით. ასევე, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ნაწილში შესრულებული - 9579,76 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან აუნაზღაურდა მხოლოდ - 7616, 26 ლარი.

პალატამ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე და 115-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და სწორად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც იგი უნდა შემცირებულიყო და მხარეებს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო მიმწოდებლის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაცვლად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ისა, რამაც მოცემულ შემთხვევაში შეადგინა - 6212,58 ლარი, უნდა განსაზღვრულიყო 2000 ლარით. შესაბამისად, პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად დაქვითული თანხიდან - 4212, 58 ლარის დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, კერძოდ 14 554,09 ლარიდან. მხარეთა შორის დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №358 ხელშეკრულების მე-9 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირგასამტეხლო გამოითვლებოდა არა შესრულებული სამუშაოს, არამედ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 14 791,85 ლარიდან.

კასატორის აზრით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

კასატორის შეფასებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ შპს ,,…-სა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2012 წლის 24 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №358. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით. შპს ,,…-ს“ არ აღუძრავს სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ, მსგავსი მოთხოვნა ასევე არ ჰქონია საქმის სასამართლოში განხილვისას ახსნა-განმარტების, ან პაექრობის სტადიაზე. სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს არა აქვს უფლება მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა. ანუ მიიჩნევს, რომ სასამართლომ კი მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. აღნიშნული მუხლის ამოქმედება ხდება მაშინ, როცა მხარეს აღძრული აქვს მოთხოვნა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ ყოფილა, სასამართლომ არასწორად განმარტა ნორმა როცა მიუთითა, რომ საკუთარი ინიციატივით ჰქონდა უფლება შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

კასატორის აზრით, განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე