Facebook Twitter

№ას-920-878-2013 4 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ე, ე. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჩ-სა და ზ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2009 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, 2011 წლის 22 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 25 აპრილის უძრავი ქონების ვალის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წელს ოჯახის საჭიროებისათვის ე. ჩ-ან ისესხა 3500 აშშ დოლარი 10%-იანი სარგებლით, მხარეები შეთანხმნენ, რომ ხელშეკრულება გაეფორმებინათ საჯარო რეესტრში და დაერეგისტრირებინათ, როგორც იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, რის თაობაზეც, ნ. მ-ემ არ იცოდა. მოპასუხეს სარგებელს უხდიდნენ მისი შვილიშვილები, ამ თანხას უგზავნიდნენ ბანკის საშუალებით, ხოლო ნაწილი გადაიხადეს ხელზე. 2010 წელს ოჯახს კვლავ დასჭირდა თანხა და განმეორებით მიაკითხეს მოპასუხეს სესხის თაობაზე, რაზეც მხარეებმა შეადგინეს ხელწერილი. ვინაიდან სარგებლისა და სესხის გადახდა ოჯახს გაუჭირდა, მოსარჩელემ მოიძია უფრო დაბალ პროცენტიანი სესხი ზ. მ-ან და სთხოვა ე. ჩ-ეს მათი საცხოვრებელი სახლის კვლავ იპოთეკით დატვირთვა, რაზეც მიაკითხეს მოპასუხე ზ. მ-ეს. ე. ჩ-სა და ზ. მ-ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის უზრინველსაყოფად, დაიტვირთა ნ. მ-ის სახლი, რომელიც ე. ჩ-ის საკუთრებაში ყოფილა დარეგისტრირებული. ზ. მ-ემ სესხი ჩაუთვალა ე. ჩ-ეს ნოტარიუსში, რომელმაც თანხის რაღაც ნაწილი დაიტოვა თავისთვის, რაც სარგებლის სახით ეკუთვნოდა და ზ. მ-სა და მოწმეების თვალწინ გადასცა ნ. მ-ის ოჯახის წევრებს, რომლებმაც, თავის მხრივ, ზ. მ-ის მოთხოვნის საფუძველზე, თანხის ნაწილის – 900 აშშ დოლარი დაუბრუნეს პროცენტის სახით, მოგვიანებით ზ. მ-ე გადასცა ნ. მ-ის შვილმა მ. ა-მა პროცენტის სახით 1000 აშშ დოლარი.

მოპასუხე ზ. მ-ემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში წარდგენილია და ხელმოწერილია ნ. მ-სა და ე. ჩ-ის მიერ. რაიმე თვალთმაქცური გარიგება ე. ჩ-სა და ზ. მ-ეს შორის არ შემდგარა და არც დამატებით დატვირთულა ე. ჩ-ის სახლი იპოთეკით. ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის პირველადი. რა ვალდებულებები არსებობდა ე. ჩ-სა და მოსარჩელეს შორის იმ დროისთვის არ იყო ცნობილი, მან ვერ შეასრულა ხელშეკრუელბით ნაკისრი ვალდებულებები და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ვალის დათმობის ხელშეკრულებით გადაეცა ზ. მ-ეს.

მოპასუხე ე. ჩ-ემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ემ ვერ დაფარა სესხი, შემდგომ კიდევ აიღეს თანხა, ხელწერილით დაეთანხმნენ პირობას, რომ თუ ვერ გადაიხდიდნენ თანხას, მის სანაცვლოდ ნ. მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება გადავიდოდა მის საკუთრებაში, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურად არ გაფორმებულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ე. ჩ-ის და ზ. მ-ის მიმართ - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა მოსარჩელე ნ. მ-ის გამოსახლება ზ. მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე ბაღდათის რაიონის სოფელ ზედა დ-ი, ნერგეეთის ტერიტორიული ორგანო ს/კ .... ნ. მ-ეს ზ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ საადვოკატო მომსახურეობისათვის გაწეული თანხა 200 ლარის ოდენობით. ნ. მ-ეს დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 22 სექტემბერს ნ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ. მ-ემ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ბაღდათი სოფელი ზედა დ-ი, ნერგეთის ტერიტორიული ორგანო, მიჰყიდა ე. ჩ-ეს 3500 აშშ დოლარად;

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით (მხარეთა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები) პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2009 წლის 22 სექტემბრის გარიგება იყო თვალთმაქცური და რეალურად მხარეთა შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის და არა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელის მითითება აღნიშნულის თაობაზე სადაოდ არ გაუხდია მოპასუხე ე. ჩ-ის წარმომადგენელს (იხ.სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), რომელმაც დაადასტურა, რომ მხარეები მართლაც მოქმედებდნენ თვალთმაქცურად და რეალურად მათ შორის სასესხო ურთიერთობას ჰქონდა ადგილი.

დადგენილია, რომ გამყიდველი ნ. მ-ე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომაც, ოჯახთან ერთად აგრძელებდა ცხოვრებას სადავო ბინაში და მის გამოსახლებას სადავო ბინიდან, მხოლოდ პოლიციის ძალით შეეცადა მოპასუხე ზ. მ-ე, და არა უძრავი ქონების თავდაპირველი ”მყიდველი” ე. ჩ-ე. იმ გარემოებას, რომ ნ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის ნამდვილად სასესხო ურთიერთობას ჰქონდა ადგილი, ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეებით (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2009 წლის 22 სექტემბერს, მხარეებს ერთი მხრივ ნ. მ-სა და მეორე მხრივ ე. ჩ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და ამ სესხის უზრუნველყოფის მიზნით დადებული იპოთეკის ხელშეკრულება. თუმცა მოგვიანებით, მოსარჩელე ნ. მ-ემ 2010 წლის 8 სექტემბერს დადებული ხელწერილით იკისრა ვალდებულება, რომ, თუ ის 2011 წლის 1 იანვრამდე ვერ გადაიხდიდა ე. ჩ-ან სესხად აღებულ 3500 აშშ დოლარს, სადავო უძრავ ქონებას გადაუფორმებდა ე. ჩ-ეს; დადგენილია, რომ ნ. მ-ეს ე. ჩ-ის ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია. ნ. მ-ის მიერ 2010 წლის 8 სექტემბრს შედგენილი ხელწერილის თანახმად, ”მე, ნ. მ-ე ვსესხულობ ე. ჩ-ან 3500, აღნიშნული თანხა უნდა დავფარო 2011 წლის 1 იანვრამდე; თუ აღნიშნული თანხა ვერ დავფარე დასახელებულ დროში, თანახმა ვარ საცხოვრებელი სახლი, რომელიც მაქვს ზედა დ-ი და საჯარო რეესტრით გადაფორმებული აქვს ე. ჩ-ეს, დავუთმო და ჩავაბარო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე”.

ნ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის შემდგარი გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია. ამ გარიგების დადებისას მოჩვენებითად მოქმედებდა გარიგების ორივე მხარე. ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდა ნების ნაკლს. მითითებული ნორმით (ს.კ.56-ე მუხლი) იგულისხმება ის შემთხვევა, როცა ნების ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებენ შეთანხმებულად, იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ე.ი. მოჩვენებითი გაერიგება მხარეთა ურთიერთშეთანხმებული ქმედებაა, როდესაც გარიგების მონაწილე ორივე მხარეს გააჩნია საერთო მიზანი, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგინდა ნ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის დადებული გარიგების მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხასიათი, რაც ფაქტობრივად მოპასუხემაც დაადასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ გარიგება, რომელიც დაიდო ნ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის იყო ბათილი გარიგება მისი მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხასიათის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ შემდგომში ნ. მ-ის მიერ გამოვლენილი ნებით, ეს (ბათილი) გარიგება მოწონებულ იქნა და იგი მხარეთა ნამდვილი ნების გამოხატულებად გადაიქცა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ხელწერილით, ნ. მ-ემ, (გარიგებაზე შეცილების უფლების მქონე პირმა) 2009 წლის 22 სექტემბერს, მას და ე. ჩ-ეს შორის დადებული თვალთმაქცური გარიგება დაადასტურა, მოიწონა, რამაც სადავო ხელშეკრულება მხარეთა ნამდვილი ნების გამოხატულებად აქცია.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 22 დეკემბერს ზ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ზ. მ-ემ ე. ჩ-ეს სესხის სახით გადასცა 7300 აშშ დოლარი, თვეში 6%-ის დარიცხვით, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ბაღდათი სოფელი ზედა დ-ი, ნერგეთის ტერიტორიული ორგანო.

დადგენილია, რომ 2012 წლის 25 აპრილს იპოთეკარ ზ. მ-სა და მესაკუთრე ე. ჩ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ვალში დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ე. ჩ-ემ სესხად აღებული ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის და საურავის სანაცვლოდ თავის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა მოპასუხე ზ. მ-ეს.

სადავო ქონება დღეის მდგომარეობით ირიცხება ზ. მ-ის საკუთრებად.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე 56.1-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ნ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის შემდგარი გარიგება თვალთმაქცური და მოჩვენებითია. ამ გარიგების დადებისას მოჩვენებითად მოქმედებდა გარიგების ორივე მხარე, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდა ნების ნაკლს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ნათლად დადასტურდა ნ. მ-სა და ე. ჩ-ეს შორის დადებული გარიგების მოჩვენებითი ხასიათი, რაც ფაქტობრივად მოპასუხის მიერაც დადასტურებული იქნა.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ რაკიღა ნ. მ-ემ მოიწონა მას და ე. ჩ-ეს შორის დადებული გარიგება საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის თაობაზე, ე. ჩ-ის მესაკუთრეობა ნამდვილია და აქედან გამომდინარე, ნამდვილია მას და ზ. მ-ეს შორის შემდგომში დადებული გარიგებები. თავდაპირველად სესხისა და იპოთეკის, ხოლო შემდგომ - უძრავი ქონების ვალში დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ.28, ს.ფ. 30). რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ მოსარჩელე მხარის განმარტებას და მოწმის ჩვენებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შედგა არა ე. ჩ-სა და ზ. მ-ეს, არამედ ნ. მ-სა და ზ. მ-ეს შორის, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოება სწორედ წერილობითი მტკიცებულებით დგინდება (ხელშეკრულება) და მას ვერც მხარის განმარტება და ვერც მოწმეთა ჩვენებები ვერ შეცვლის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარეობდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასწროად მიიჩნია, რომ მან თითქოსდა ე. ჩ-ეს ნასესხები თანხა არ გადაუხადა. ასევე, მან აღნიშნა, რომ არ გაიზიარა მისი და მოწმეების განმარტება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება შედგა მას და ზ. მ-ეს შორის და არა მას და ე. ჩ-ეს შორის, რაც დაასაბუთა წერილობითი მტკიცებულებების არარსებობით, რაც არასწორია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. მ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე