Facebook Twitter

№ას-972-930-2013 4 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე სს ”ს. რ-ის,” მოსარჩელე ი. ლ-ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 იანვრიდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდის დაკისრება 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მოპასუხე სს ”ს. რ-ის,” მოსარჩელე ი. ლ-ის სასარგებლოდ, სარჩოს მიუღებელი სხვაობის ერთობლივად გადახდის დაკისრება 661.92 ლარის ოდენობით, შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მუშაობდა რა მოპასუხე სს ”ს. რ-ი” მემანქანედ, 1990 წლის 28 აგვისტოს, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრამვა, რის საფუძველზეც, უკვე მრავალი წეელია, მოპასუხისგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს. მოპასუხე არ ახდენს მოსარჩელისათვის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის - მემანქანის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც კარგავს იმ შემოსავალს, რაც კანონით ეკუთვნის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის კეთილსინდისიერად ასრულებს მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე სამართლებრივად არანამდვილია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ”ს. რ-ას“ ი. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 1 იანვრიდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; სს ”ს. რ-ას“ ი. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 661 ლარის და 92 თეთრის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ი. ლ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე სს ”ს. რ-ი” მემანქანედ, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო საწარმოო ტრავმა და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი, უვადოდ, 80%-ით;

სს ”ს. რ-ა” მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს (ტ. I, ს.ფ. 20-26).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, (რომლითაც მოხდა მოსარჩელის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება) მოპასუხე სს ”ს. რ-ა” მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს 880 ლარის ოდენობით, მემანქანის ყოველთვიური ხელფასის 1100 ლარის ოდენობის გათვალისწინებით (ტ. I, ს.ფ. 20-26).

2012 წლის 16 ივლისიდან, გაიზარდა მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა და ის შეადგენს 1250 ლარს (ტ. I, ს.ფ. 41);

მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 80%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2013 წლის 1 იანვრამდე შეადგენს 661 ლარს და 92 თეთრს, ხოლო 2013 წლის 01 იანვრის თვიდან გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 1000 ლარი.

პალატამ მიუთითა 2006 წლის 04 ივლისამდე მოქმედ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლზე, მოქმედ საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე, სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 992-ე, 408-ე მუხლებზე და დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩოს სახით მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, ვინაიდან კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად.

ვინაიდან დადგენილია, რომ სს „ს. რ-ი“ იმავე თანამდებობის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, პალატის აზრით, საფუძვლიანია ი. ლ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურება მოხდეს სარჩოს გადაანგარიშებით. რადგან მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 80%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2013 წლის 01 იანვრამდე შეადგენს 661 ლარს და 92 თეთრს, ხოლო 2013 წლის 01 იანვრის თვიდან გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 1000 ლარი, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ი. ლ-ის სარჩელი 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 661 ლარის და 92 თეთრის და 2013 წლის 01 იანვრის თვიდან თვიდან ყოველთვიურად მემანქანის ხელფასის 80%-ის ოდენობით 1000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ მოტივითაც, რომ სხეულის დასახიჩრებისა და ტრავმის მიღების შემთხვევაში შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, განსხვავებით მატერიალური ზარალისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 26 ივლისს №684 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე