№ას-975-933-2013 11 მარტი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ბ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ც-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ქ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ც-ას მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის, 2001 წლის 8 აგვისტოს სანოტარო წესით გაფორმებული სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. ქ-ას სარჩელი მოპასუხე ვ. ც-ას მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ბ.ქ-ამ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განჩინებით ბ.ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 25 ოქტომბერს ბ. ქ-ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. ც-ას მიმართ და მოითხოვა ზუგდიდში, ჩ-ის ქუჩა №39/33-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ ცნობა, 2001 წლის 8 აგვისტოს სანოტარო წესით გაფორმებული სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო ბინაზე ადრე დადებული ყადაღის ვადის გაგრძელება და საქმის განხილვამდე მისი ბინიდან გამოსახლების გადავადება. ბ. ქ-ას სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და კანონით დადგენილი წესით მოპასუხე ვ. ც-ას გადაეგზავნა ბ. ქ-ას სარჩელი თანდართული მასალით.
2008 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა მოსარჩელე ბ. ქ-ა, ამ უკანასკნელს (ბ.ქ-ას) სარჩელიში მითითებულ მისამართლზე უწყება ვერ ჩაჰბარდა, თუმცა, სხდომის დღე ბ. ქ-ას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. მოსარჩელე 2008 წლის 8 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. მთავარი სხდომის შესახებ უწყება მოსარჩელე ბ. ქ-ას გაეგზავნა როგორც მის მიერ მითითებული, ისე მოპასუხის მიერ დასახელებულ ალტერნატიულ მისამართზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა (ბ.ქ-ამ) უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. მოსარჩელე ბ. ქ-ას გამოუცხადებლობის გამო 2008 წლის 8 დეკემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელე ბ. ქ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 2008 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელე ბ. ქ-ას, თუმცა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს დაუბრუნდა საფოსტო შეტყობინებაზე აღნიშვნით - „მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს“.
2013 წლის 13 მარტს მოსარჩელე ბ. ქ-ამ შემოიტანა საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, იმ საფუძვლით რომ მას (მოსარჩელეს) სასამართლო უწყებები კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინებით ბ. ქ-ას საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და 2013 წლის 10 აპრილს 11:00 საათზე დაინიშნა სასამართლო მთავარი სხდომა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განჩინებით ბ. ქ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ზემოაღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ბ. ქ-ამ და მისმა წარმომადგენელმა მ. ჭ-ამ. ბ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 16 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით კი 2013 წლის 2 ივლისს 13:00 საათზე დაინიშნა სასამართლო მთავარი სხდომა, რომელიც გადაინიშნა 2013 წლის 23 ივლისს 12:00 საათზე. 2013 წლის 23 ივლისს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ვ. ციცქარაცა. 2013 წლის 17 ივლისის ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს განცხადებით მომართა ცარდიშა ც-ამ, რომელმაც ითხოვა 2013 წლის 23 ივლისის სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვალოს საპატიოდ, რადგან ეს უკანასკნელი არის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და რომ წლებია ბ. ქ-ა ამ უაკნასკნელს ედავება ბინას, რომელიც ჯერ ერთი არასოდეს ყოფილა ბ. ქ-ას საკუთრება და მეორეც დღესდღეობით სადაო ბინა გაყიდულია.
2013 წლის 23 ივლისს სასამართლო სხდომაზე ბ. ქ-ამ და მისმა წარმომადგენელმა იშუამდგომლეს მოწინააღმდეგე მხარის - ვ. ც-ას გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სასამართლომ ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით ბ. ქ-სა და მის წარმომადგენლის მ. ღ-ას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უარი ითხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. განსახილველ შემთხვევაში ასეთი საფუძვლები არ ყოფილა, რის გამოც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმდეს. საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ 2008 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა ბ. ქ-ას სარჩელისა გამო, რომელზეც არ გამოცხადდა მოსარჩელე ბ. ქ-ა, ამ უკანასკნელს (ბ.ქ-ას) სარჩელში მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა, თუმცა სხდომის დღე ამ უაკნასკნელს (ბ. ქ-ას) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე არ გამოცხადდა 2008 წლის 8 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო მთავარ სხდომაზე. მთავარი სხდომის შესახებ უწყება მოსარჩელე ბ. ქ-ას გაეგზავნა როგორც მის მიერ მითითებული, ისე მოპასუხის მიერ დასახელებულ ალტერნატიულ მისამართზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა (ბ.ქ-ამ) უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჩივრის განხილვის სხდომაზე საჩივრის ავტორმა დაადასტურა, რომ გზავნილის თარიღისათვის მას ჰქონა ორივე მისამართი, თუმცა მისივე განმარტებით მისი საფოსტო გზავნილი (სასამართლო უწყება) არცერთ მისამართზე არ მიუტანიათ.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ბ. ქ-ას პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემუ; განმარტებას, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალი ზემოაღნიშნული არ დასტურდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილე-ბის ძალაში დატოვების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ 2008 წლის 8 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზით, კერძოდ არ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან მოვლენა. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აპელანტს კი მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა და აპელანტმა სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს კურიერის მიერ მასთან არ იქნა მიტანილი უწყებები და რომ სასამართლო სხდომის დღის შესახებ მან არ იცოდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაცულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საჩივარი და სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა საფუძვლიან დასაბუთებას თუ რატომ ვერ მოახერხა მხარემ სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოცხადება. მხარის მიერ მისი პოზიცია ვერ იქნა გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ქ-ამ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლო, ისე როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლო, განჩინებაში მიუთითებს, რომ ბ.ქ-ას მხრიდან სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოუცხადებლობა მოხდა არასაპატიო მიზეზით, საქმის განხილვის თარიღი მას ეცნობა ტელეფონით, მთავარ სხდომაზე უწყება გაეგზავნა მის მიერ, ასევე მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე. მან უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, უწყება ჩაბარებულად ითვლება. ასევე ბ.ქ-ა ვერ უთითებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, რის გამოც, არ არსებობს საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. დასახელებული არგუმენტაცია არ არის საფუძვლიანი.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის გამო იღებენ გადაწყვეტილებას ისე, რომ არ ხდება იმის გარკვევა თუ რამ განაპირობა მხარის გამოუცხადებლობა და მხედველობაში არ მიიღება მხარის ავადმყოფობა. ანალოგიური მდგომარეობაა მოსარჩელე ბ. ქ-ას მიმართებაშიც. სააპელაციო სასამართლო განჩინებაში აღნიშნავს, რომ ბ.ქ-ან გამოცხადდა კურიერი, წარუდგინა უწყება სასამართლოში სხდომის დანიშვნისა და მისი გამოუცხადებლობის შესახებ, მაგრამ მან არ მოაწერა ხელი და არ ჩაიბარა უწყება, რაზეც კურიერის მიერ აღნიშნულ იქნა „არ იბარებს წერილს“. როგორც თვითონ ბ.ქ-ა აღნიშნავს, მასზე რაიმე შეტყობინება და წერილი არ ყოფილა წარმოდგენილი. სასამართლოს მიერ სხვა თარიღით ბ.ქ-ას სახელზე ორი სხვადასხვა მისამართით გაგზავნილ უწყებებში აღნიშნულია, რომ ადრესატი ადგილზე არ იმყოფება. ყოველივე ეს მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბ.ქ-ა იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რაც გამორიცხავდა მის მიერ უწყების მიღებას.
საქმეში არსებობს საკმარისი მასალა რითაც დასტურდება მისი ფსიქიკურად დაავადების ფაქტი. იგი დაავადებულია „ეპილეფსიით“ და იმ პერიოდში ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე