Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-997-995-2013 25 მარტი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 4 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ლ-ამ მოპასუხე სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №44 ბრძანების ბათილად ცნობა, ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის (1800.68 ლარი) ანაზღაურება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. მ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ბათილად იქნა ცნობილი ხეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №44 ბრძანება და მ. ლ-ა აღდგენილ იქნა ხეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თანამდებობაზე;

3. სამსახურში იძულებით არყოფნის გამო მ. ლ-ას აუნაზღაურდა 1800.68 (128.62 X 14 თვეზე) ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

1. სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. ლ-ა 2007 წლიდან მუშაობს ხობის რაიონის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგად;

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №44 ბრძანებით მ. ლ-ან მოიშალა შრომითი ურთიერთობა;

მ. ბ-ა ხეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 13 სექტემბრის №1/კ-742 ბრძანებით;

2011 წლის 14 სექტემბერს, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლაში შედგა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა მასწავლებლებთან შრომითი ურთიერთობის მოშლის საკითხი იმ მიზეზით, რომ მოსწავლეების კონტიგენტი და კლასების დაკომპლექტება, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საათობრივი დატვირთვა, არ იძლეოდა ყველა პედაგოგის საათებით უზრუნველყოფის საშუალებას. აქედან გამომდინარე მასწავლებლები გაფრთხილებულნი იქნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ;

მ. ლ-ას დამთავრებული აქვს თბილისის დამოუკიდებელი კოლეჯი ,,მომავალი” და არის საშუალო სპეციალური განათლების მქონე, შესაბამისად, მისი დიპლომი არ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. ლ-ამ დაადასტურა, რომ მის თანამდებობაზე დარჩენილი 8 პედაგოგიდან 7-ს აქვს სამაგისტრო ხარისხი, ხოლო, ერთს - ბაკალავრის ხარისხი. ამდენად, უდავოდ დადგინდა, რომ ხეთის საჯარო სკოლაში დარჩენილი დაწყებითი სკოლის პედაგოგები შეესაბამებოდნენ მასწავლებლისათვის კანონით დადგენილ კვალიფიკაციას;

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ. ლ-ამ დაადასტურა, რომ 2011 წლის 16 ივლისს მოხდა ხეთის საჯარო სკოლის და უბან წინაგოლის რეორგანიზაცია, სკოლაში განხორციელებული რეორგანიზაცია მას არ გაუპროტესტებია და ამჟამად იგი დავის საგანს არ განეკუთვნებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა არ ადგენს მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ამომწურავ ჩამონათვალს. მართალია, იგი მასწავლებლისათვის განსაზღვრულ საგამონაკლისო ნორმას წარმოადგენს, თუმცა არ გამორიცხავს სხვა დასაქმებულების მსგავსად მათი სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლი აწესებს, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველს, ე.ი. ეს ნორმა შრომის ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს, შეწყვიტონ მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ხელშეკრულების მოშლის გზით. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე, განმტკიცებულია შრომითი ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილება, ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ამ უფლების განხორციელების შესაბამისი მართლზომიერი საფუძველი. საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერ საფუძვლად, უნდა შეფასდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგინდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი გახდა სკოლის რეორგანიზაცია და მოსარჩელის არაკვალიფიციურობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მოხდა, უსაფუძვლო იყო ასევე მისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება კანონიერად ცნო და მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა მოხმობილი მუხლი, რადგან ზემოხსენებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო არა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება (მასწავლებლის არაკვალიფიციურობა) და 213 მუხლის მოთხოვნა (დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მიერ განათლების ბაკალავრის ხარისხის უქონლობა), არამედ – შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის კანონიერ საფუძველზე მითითებასაც ბრძანება არ შეიცავს;

სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ბრძანება გამოიცა 2011 წლის 15 სექტემბერს, ანუ პედაგოგიური საბჭოს სხდომიდან მეორე დღეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კასატორი სამუშაოდან მისი გათავისუფლების საკითხზე გაფრთხილებული იქნებოდა, მოპასუხის ქმედების კანონსაწინააღმდეგობაზე მიუთითებდა ის ფაქტი, რომ დასაქმების შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულს წინა დღეს ეცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მასწავლებელთა მოსალოდნელი გათავისუფლების საკითხზე წინასწარ გაფრთხილებლად მიიჩნია, მოპასუხე სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2011 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე გაკეთებული ზოგადი განცხადება, ამ განცხადების მიხედვით, მოსალოდნელი იყო მასწავლებლებთან შრომითი ურთიერთობის მოშლა, ვინაიდან მოსწავლეების კონტიგენტი და კლასების დაკომპლექტება, საათებით დატვირთვა არ იძლეოდა ყველა პედაგოგის საათებით უზრუნველყოფის საშუალებას. აღნიშნულ სხდომაზე, არ ყოფილა საუბარი კასატორის არაკვალიფიციურობაზე, განათლების ბაკალავრის ხარისხის უქონლობის გამო. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე ადგილი არ ჰქონია კონკრეტულად რომელიმე მასწავლებლის, მათ შორის, კასატორის გაფრთხილებას, შრომის ხელშეკრულების მოსალოდნელი მოშლის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გდაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ლ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ლ-ას (პირადი ნომერი – ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. ლ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 1027928, გადახდის თარიღი – 2013 წლის 19 სექტემბერი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე