ბს-670-257(კ-05) 29 ივნისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: აუქციონის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 18 ივლისს ქ. მ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ხელვაჩაურის სააღსრულებო ბიუროს, ნ. ბ-ისა და ი. მ-ის მიმართ სარჩელი აღძრა და სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 29 აგვისტოს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, ნ. ბ-ისათვის გადაცემული 330 ცალი წაბლის ხის ფიცრის ან მისი ღირებულების _ 3300 აშშ დოლარის დაბრუნება, 525 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 2003წ. 17 ივლისის აღწერა-დაყადაღების აქტის გაუქმება და მიწის ნაკვეთის მისი ოჯახისათვის გადაცემა მოითხოვა. მოგვიანებით მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით 525 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2003წ. 24 ივლისს და 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგების, ხოლო მისმა წარმომადგენელმა სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხეებისათვის ნატურით გადაცემის თაობაზე 2003წ. 11 სექტემბრის განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სასარგებლოდ 550 ლარის, ხოლო 2000წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეების: ნ. ბ-ისა და ი. მ-ის სასარგებლოდ 7544 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, ხელვაჩაურის რ-ნის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 12 მარტს მის საკუთრებაში არსებული 330 ცალი წაბლის ხის ფიცარი დააყადაღა, რომელიც 3300 აშშ დოლარად შეფასდა და 2001წ. 29 აგვისტოს გამართულ აუქციონზე ნ. ბ-ემ ნახევარ ფასში _ 3432 ლარად შეისყიდა. ამასთან, 2003წ. 17 ივნისის ქონების აღწერა-დაყადაღების ოქმით, აღმასრულებლის მიერ ქ. მ-ის ოჯახის კუთვნილი 525 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნ. ბ-ეს ჩაჰბარდა.
მოსარჩელის მოსაზრებით, 2001წ. 29 აგვისტოს ჩატარებული აუქციონი უკანონო იყო, რადგან მისთვის აუქციონის დანიშვნის შესახებ არ უცნობებიათ, რასაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიმართ დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 305-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან მესაკუთრის მიერ აუქციონში მონაწილეობის უფლებამოსილებას ადგენდა. უგულებელყოფილ იქნა, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 306-ე მუხლის და “სააღსრულებო წარმოებათა” შესახებ კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად: “პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები”. აღმასრულებელმა კი მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ პირველივე აუქციონზე ნივთი ღირებულების 50%-ზე ნაკლებად მიჰყიდა კრედიტორს, რისი უფლებაც არ ჰქონდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ დაყადაღების აქტში მის წილ ქონებად 525 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო მითითებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. კახაბრის თემის საკრებულოს გამგეობის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდებოდა, რომ მისი ოჯახი საკოლმეურნეო კომლი იყო და საკუთრებაში 0,105 ჰა მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა. აქედან გამომდინარე, მისი წილი თანასაკუთრებაში 262 კვ.მ-ს შეადგენდა და არა 525 კვ.მ-ს. მიუხედავად ამისა, აღმასრულებელს მისი დაყადაღების უფლება არ ჰქონდა, რადგან საკოლმეურნეო კომლი სხვა კატეგორიის კომლისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მისი შემოსავლის ძირითად წყაროს კოლმეურნეობაში მუშაობა წარმოადგენდა, რაც კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ კომლის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მუშაობით შეიცვალა. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, როგორც საწარმოო-სამეურნეო დანიშნულების ქონება, ქ. მგელაძის ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ წყარო იყო, რის გამოც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაყადაღებას არ ექვემდებარებოდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რ-ნის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003წ. 24 ივლისსა და 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონი ქ. მ-ის საკუთრებაში არსებული 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი. ხელვაჩაურის რ-ნის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2003წ. 17 ივნისის აქტში ქ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყადაღების შესახებ მონაცემები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ზომა _ 525 კვ.მ 262 კვ.მ-დე შემცირდა, დანარჩენ ნაწილში კი უცვლელად დარჩა. 2001წ. 29 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა წაბლის ფიცრებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 მარტის განჩინებით.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 17 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 მარტის ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 29 აგვისტოს აუქციონის შედეგები; ბათილად იქნა ცნობილი 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღების შესახებ სააღსრულებო ბიუროს 2003 წ. 17 ივლისის აქტი; ქ. მ-ეს ი. მ-ისა და ნ. ბ-ის სასარგებლოდ გადახდილად ჩაეთვალა 330 ცალი წაბლის ფიცრის ღირებულების 70% _ 4227 ლარი და გადასახდელი დარჩა 3867 ლარი.
სააპელაციო პალატამ ბათილად ცნო 2001წ. 29 აგვისტოს აუქციონი იმ მოტივით, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე და სამოქალაქო კოდექსის 305-ე მუხლების მოთხოვნათა მიუხედავად, მოვალე ქ. მ-ეს არ ეცნობა აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები, მაშინ, როცა წაბლის ფიცრის გაყიდვა მოხდა ნახევარ ფასად. სააპელაციო პალატამ ბათილად ცნო რა აუქციონის შედეგები, იქვე აღნიშნა, რომ, ვინაიდან ნ. ბ-ემ საკუთარი ნებით შეიძინა აუქციონზე წაბლის ხის ფიცრები 3432 ლარად, ამიტომ ქ. მ-ეს მოპასუხეებზე გადასახდელი საერთო თანხიდან (8094 ლარი) გადახდილად უნდა ჩაეთვალოს წაბლის ფიცრის ღირებულების (3300 აშშ დოლარის) 70%, რაც შეადგენს 4227 ლარს, ხოლო გადასახდელად დარჩეს 3867 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ბათილად ცნო სადავო 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღების შესახებ სააღსრულებო ბიუროს 2003წ. 17 ივლისის აქტი. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაყადაღებული 525 კვ.მ ნაკვეთი შემცირდა 262 კვ.მ-მდე, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ გაურკვეველია 262 კვ.მ-ის ოდენობით რა საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ქ. მ-ეს და რა საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი _ მოწინააღმდეგე მხარეებს, რის გამოც დაყადაღების აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-ემ და ი. მ-ემ, რომლებიც არ დაეთანხმნენ სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს ქ. მ-ე არ იყო გაფრთხილებული 29.08.01წ. აუქციონის ჩატარების თაობაზე. კასატორთა განმარტებით, ქ. მ-ე პირადად იქნა გაფრთხილებული აღმასრულებლის მიერ აუქციონის ჩატარების თაობაზე, თუმცა მან გაფრთხილების ხელმოწერაზეE უარი განაცხადა. ამის გამო, ქ. მ-ემ გაუშვა სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. კასატორები ამასთან აღნიშნავენ, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ექვემდებარებოდა აუქციონზე გატანას, ხოლო ამავე კანონის 49-ე მუხლის მიხედვით, დასაშვები იყო დაყადაღებული ნივთის ნახევარ ფასად გაყიდვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. მ-ის წარმომადგენელმა თ. ს-ამ, რომლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, კერძოდ, წაბლის ფიცრის ღირებულების 70% -4227 ლარი უკანონოდ ჩათვალა ნ. ბ-ის სასარგებლოდ ხელვაჩაურის რ-ნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხაში. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღების შესახებ 2003წ. 17 ივლისის აქტი, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია 24.07.03წ. და 15.08.03წ. აუქციონის შედეგებზე და არ გადაუწყვეტია, ქ. მ-ის კომლის საკუთრებაში მდებარე მიწის ნაკვეთი გათავისუფლდა თუ არა ყადაღისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა 29.08.01წ. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, მოპასუხეებისათვის 330 ცალი წაბლის ხის ფიცრის ან მისი ღირებულების _ 3300 აშშ დოლარის დაბრუნების დაკისრება, ან აღნიშნული თანხის გამოქვითვა ნ. ბ-ისათვის გადასახდელი 3094 ლარიდან. კასატორმა ასევე ითხოვა 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღების აქტისა და აღნიშნული მიწის ნაკვეთზე გამართული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. მ-ის, ნ. ბ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიისან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებანი სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ეს ნ. ბ-ის სასარგებლოდ 550 ლარის, ხოლო 2000წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეების: ნ. ბ-ისა და ი. მ-ის სასარგებლოდ 7544 ლარის, სულ 8094 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ხელვაჩაურის რ-ნის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 12 მარტს ქ. მ-ის საკუთრებაში არსებული 330 ცალი წაბლის ხის ფიცარი დააყადაღა, რომელიც 3300 აშშ დოლარად შეფასდა და 2001წ. 29 აგვისტოს გამართულ აუქციონზე ნ. ბ-ემ ნახევარ ფასში _ 3432 ლარად მიიღო. ამასთან, 2003წ. 17 ივნისს ხელვაჩაურის რ-ნის აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო ქ. მ-ის კუთვნილ 525 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც ორჯერ _ 2003წ. 24 ივლისს და იმავეწ. 15 აგვისტოს გატანილ იქნა აუქციონზე, რის შემდეგაც მითითებული 525 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნ. ბ-ეს ჩაჰბარდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ხდება საჯაროდ, სასამართლოს დაფაზე გამოკრული განცხადებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 305-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი, მოვალე და მესაკუთრე უფლებამოსილი არიან, მიიღონ მონაწილეობა უქციონში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოვალე ქ. მ-ეს სრული უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო 2001წ. 29 აგვისტოს ჩატარებულ აუქციონში, სადაც მოხდა მისი კუთვნილი წაბლის ფიცრების რეალიზაცია, მაგრამ იგი აუქციონის ჩატარების თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა. მართალია, საქმეში წარმოდგენილია მიმართვები ქ. მ-ის გაფრთხილებაზე აუქციონის ჩატარების შესახებ, მითითებულია დრო და ადგილი, მაგრამ ჩაიბარა თუ არა ამ უკანასკნელმა აღნიშნული მიმართვები, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეებმა სასამართლოში ვერ წარმოადგინეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეების მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს ქ. მ-ემ გაუშვა აღსრულების მოქმედების ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქ. მგელაძისათვის აუქციონის ჩატარების თაობაზე შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მის მიერ იმის ცოდნა, რომ მისი ქონება აუქციონზე გაყიდვის მიზნით იქნა დაყადაღებული, მოთხოვნას არ წარმოშობს, ვინაიდან დავის საგანია აუქციონის და არა დაყადაღების კანონიერება.
2001წ. 29 აგვისტოს აუქციონის კანონიერებაზე მსჯელობისას საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონზე დაყადაღებული მოძრავი ქონების რეალიზაცია ხორციელდება აუქციონზე უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ პირველ აუქციონზე ბოლო შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ნივთის ღირებულების 70%-ზე ნაკლები. იმავეს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 306-ე მუხლიც. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი შემოთავაზება, მაშინ სასამართლო აღმასრულებელი ნიშნავს განმეორებით აუქციონს, ხოლო 771-ე მუხლში, რომელიც კანონს დაემატა 2000წ. 5 დეკემბერს, აღნიშნულია, რომ თუ მეორე აუქციონზე არ მოხდება ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ნივთი შეიძლება გადაეცეს კრედიტორს ნატურით.
ამრიგად, აღნიშნული ნორმები პირდაპირ მიუთითებს, რომ პირველ აუქციონზე ნივთების გაყიდვა არ უნდა მოხდეს მათი ღირებულების 70%-ზე ნაკლებ ფასად, ხოლო ნივთი შეიძლება გადაეცეს კრედიტორს ნატურით მხოლოდ მაშინ, თუ მეორე აუქციონზე ვერ მოხდება ამ ნივთის რეალიზაცია. ამის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას უკანონოდ მიაჩნია ხელვაჩაურის რ-ნის აღმასრულებლის მიერ ნ. ბ-ისათვის წაბლის ხის ფიცრის მიყიდვა მათი ღირებულების ნახევარ ფასად, რის გამოც საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ 330 წაბლის ფიცრის რეალიზაციის თაობაზე 2001წ. 29 აგვისტოს ჩატარებული აუქციონი არის უკანონო და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მიუხედავად 2001წ. 29 აგვისტოს აუქციონის ბათილად ცნობისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. მ-ის მიერ ნ. ბ-ისა და ი. მ-ის სასარგებლოდ 330 წაბლის ფიცრის ღირებულების 70% _ 4227 ლარის გადახდილად ცნობისა და 3867 ლარის გადასახდელად დარჩენის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს ქ. მ-ემ თანხმობა გამოთქვა მიღებული წაბლის ფიცრის ღირებულების 70% ჩაითვალოს მის მიერ გადახდილად და გამოაკლდეს საერთო ვალს, რის შემდეგაც იგი აღარ მოითხოვს ფიცრის ან მისი ღირებულების უკან დაბრუნებას. ამასთან, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, ნ. ბ-ემ 2001წ. 29 აგვისტოს აუქციონზე წაბლის ხის ფიცრები საკუთარი სურვილით მიიღო მისი ღირებულების ნახევარ ფასად, ე.ი. ამ შემთხვევაშიც ნ. ბ-ემ ნება გამოავლინა ფიცრების მიღების თაობაზე. მაგრამ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პირველ აუქციონზე დაუშვებელი იყო ფიცრების მიღება მისი ღირებულების 70%-ზე ნაკლებ ფასად, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. მ-ეს ნ. ბ-ისა და ი. მ-ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა ჩაეთვალოს არა წაბლის ხის ფიცრის ღირებულების (3300 აშშ დოლარის) 50%, არამედ ამავე ღირებულების 70%, რაც შეადგენს 4227 ლარს და ეს თანხა უნდა გამოაკლდეს ქ. მ-ის საერთო ვალს _ 8094 ლარს.
რაც შეეხება 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღებისა და მასზე ჩატარებული აუქციონების კანონიერების საკითხს, ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღების შესახებ 2003წ. 17 ივნისის აქტის გაუქმებისა და ყადაღის მოხსნის ნაწილში, ხოლო ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მიწის ნაკვეთის რეალიზაციის თაობაზე 2003წ. 24 ივლისს და 2003წ. 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები და აღმასრულებელს ხელახალი აუქციონის ჩატარება დაევალოს 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 61-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებაზე აღსრულებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და საჯარო რეესტრში შეტანილი უძრავი ქონების საერთო საკუთრების წილი. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ქ. მ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელი იყო მისი ოჯახის კუთვნილი 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღება და მისი შემდგომი გატანა აუქციონზე, ვინაიდან მითითებული მიწის ნაკვეთი მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 45-ე მუხლი და საერთოდ, ამ კანონის მე-9 თავი, რომელშიც 45-ე მუხლიც არის შესული, ეხება აღსრულებას მოძრავ და არა უძრავ ქონებაზე. ამდენად, 45-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, აღსრულებას შეიძლება არ დაქვემდებაროს მოძრავი და არა უძრავი ქონება. შესაბამისად, აღმასრულებელს სრული უფლება ჰქონდა ქ. მ-ის მიწის ნაკვეთისათვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაედო ყადაღა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 525 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნისა და ამ მიზნით 2003წ. 17 ივნისის დაყადაღების აქტის გაუქმების თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქ. მ-ის მიწის ნაკვეთის დაყადაღება მოხდა ნ. ბ-ისა და ი. მ-ის მოთხოვნის უზრუნველყოფის (ვალის დაბრუნების) მიზნით. უდავოა, რომ ყადაღა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში სადავოდ არ გაუხდია ქ. მგელაძის მიერ მოპასუხეების სასარგებლოდ არსებული ვალის _ (8094-4227) ლარის არსებობა (აღნიშნულზე არც მხარეები დაობენ), მაგრამ ყადაღის მოხსნით საფრთხე შეუქმნა ვალდებულების შესრულების (ვალის დაბრუნების) შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია 525 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნა და შესაბამისად, 2003წ. 17 ივნისის დაყადაღების აქტის ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო, მართალია, არ ეთანხმება 525 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნას, მაგრამ მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამ მიწის ნაკვეთზე 2003წ. 24 ივლისს და 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქ. მ-ის კუთვნილ 525 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ისე ჩატარდა აუქციონები, რომ გაურკვეველია, რომელი მიწის ნაკვეთი იქნა აუქციონზე გატანილი, რა საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი დარჩა ქ. მ-ეს და რა საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთი გადაეცათ მოპასუხეებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღასრულებელმა თავიდან უნდა დანიშნოს ქ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუქციონი, სადაც კონკრეტულად და მკაფიოდ იქნება დადგენილი აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები.
საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2003წ. 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის თაობაზე არ იყო ინფორმირებული ქ. მ-ე, მისთვის აუქციონის თაობაზე გაფრთხილების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები და 15 აგვისტოს აუქციონის მასალები საქმეში არ მოიპოვება, რასაც არც ხელვაჩაურის სააღსრულებო ბიურო უარყოფს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის თაობაზე 2003წ. 24 ივლისს და 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები და ხელვაჩაურის რ-ნის აღმასრულებელს დაევალოს ქ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუქციონის ხელახალი ჩატარება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. მ-ის, ნ. ბ-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთ სააპელაციო პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილება 2001წ. 29 აგვისტოს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, ქ. მ-ის მიერ ნ. ბ-ისა და ი. მ-ის სასარგებლოდ 330 ცალი წაბლის ფიცრის ღირებულების 70% _ 4227 ლარის გადახდილად ჩათვლისა და გადასახდელად 3867 ლარის დარჩენის ნაწილში;
3. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილება 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაყადაღების შესახებ 2003წ. 17 ივნისის აქტის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ქ. მ-ის სარჩელი 2003წ. 17 ივნისის დაყადაღების აქტის გაუქმებისა და 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ცნობილი 525 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2003წ. 24 ივლისს და 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგები და ხელვაჩაურის რ-ნის აღმასრულებელს დაევალოს ამ ნაკვეთზე ხელახალი აუქციონის ჩატარება;
6. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.