Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1056-1007-2013 10 მარტი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ა-ი, ლ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ა-მა და ლ. ა-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ფ. კ-ის მიმართ და მოითხოვეს, მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 10792 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5333,2 აშშ დოლარი, სარგებელი – 800 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 4658 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ 1500 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ დანარჩენი სესხი მას დაფარული აქვს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფ. კ-ეს ვ. ა-სა და ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის 2/3-ის – 5333,2 აშშ დოლარის, სარგებლის – 800 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 465 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისს სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტი ფ. კ-ე და მისი წარმომადგენელი მ.შ-ი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 60-ე მუხლის მეორე ნაწილით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2591 მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო 2013 წლის 9 აგვისტოდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 22 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი ფ. კ-ემ წარადგინა 2013 წლის 26 აგვისტოს კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ფ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მიზნით.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მზად არ იყო. იგი მომზადდა და მხარეს გადაეცა მოგვიანებით, შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არასწორად აითვალა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ მისი გაუქმების სამართლებრივ წინაპირობებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი აპელანტ ფ. კ-ის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო და, სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, მხარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა თავის წარმომადგენელ მ.შ-ან ერთად.

საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა თავისი მითითება, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად აპელანტმა მისი გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოს მიმართა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად კი, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ.კ-ემ მითითებული ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, ვინაიდან მხოლოდ მხარის მითითება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის მიმართვის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

ფ.კ-ის წარმომადგენელმა მ.შ-მა გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლოში განცხადება შეიტანა 2013 წლის 15 აგვისტოს და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (ტომი 1, ს.ფ. 79). ამ დროისათვის კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე – 2013 წლის 8 აგვისტო უკვე გასული იყო.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან – 2013 წლის 8 აგვისტოდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 21 აგვისტოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ფ. კ-ემ სააპელაციო საჩივრის 2013 წლის 26 აგვისტოს შეტანით კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე