საქმე№ას-1071-1022-2013 10 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ 2000“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „დ-ომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ 2000-ის“ მიმართ 7 740 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 15 ნოემბერს შპს „დ-სა“ და შპს „მ 2000-ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა 9740 ლარის ღირებულების 4 ცალი ტენდის კონსტრუქცია. ნასყიდობის თანხიდან 2000 ლარი მოპასუხემ გადაიხადა შესყიდვისთანავე, ხოლო დარჩენილი 7740 ლარი დღემდე არ გადაუხდია.
მოსარჩელის მხრიდან ვალდებულება შესრულდა სრულად და კეთილსინდისიერად, ხოლო მოპასუხე დავალიანებას არ ფარავს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „დ-ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7740 ლარის გადახდა, რაც შპს „მ 2000-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლით და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2013 წლის 1 ოქტომბერს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტ შპს „მ 2000-ს“ გაეგზავნა უწყება და ჩაბარდა 2013 წლის 27 სექტემბერს. მოწინააღმდეგე მხარე შპს „დ-ოს“ დირექტორს კი სხდომის თაობაზე 2013 წლის 24 სექტემბერს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, მაგრამ ვერ უზრუნველყო უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოცხადება და არც თავად დირექტორი გამოცხადებულა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები, რომელთაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და მათი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, ამდენად, შპს „მ 2000-ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „მ 2000-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
2013 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოცხადება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენლის ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან და ვერ მოხერხდა სასამართლოში დროულად გამოცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ 2000-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით შპს „მ 2000-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 372-ე მუხლებით, 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადნენ მხარეები, რომელთაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა, მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის უცნობია, ამდენად, შპს „მ 2000-ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
კანონის მითითებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „მ 2000-ის“ სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 1 ოქტომბერს, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ 2013 წლის 1 ოქტომბერს საქმის განხილვაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით არც ერთი მხარე არ გამოცხადდა, აღნიშნული გარემოება კი შპს „მ 2000-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ შპს „მ 2000“ სასამართლოში ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზის – პროცესის დღეს მისი წარმომადგენლის ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს იმ საპატიო მიზეზებს, რომელთა არსებობისას დასაშვებია გარკვეული საპროცესო მოქმედებების შეუსრულებლობა საპატიოდ იქნეს მიჩნეული, ასეთებია: ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმით განსაზღვრული საპატიო მიზეზის არსებობა აპელანტმა ვერ დაადასტურა, ვინაიდან ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლა თავისთავად არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომლის გამოც მხარის სასამართლოში გამოცხადება ობიექტურად შეუძლებელი გახდება. ცხადია, მხარის გადაადგილება შესაძლებელია არა მხოლოდ პირადი ავტომანქანით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დარღვევით, მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი სახის მტკიცებულება, რომ სასამართლო სხდომის დღეს მის წარმომადგენელს მართლაც გაუფუჭდა ავტომანქანა ან აპელანტი სასამართლოში გამოცხადდა დაგვიანებით.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი არის იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც გონივრულ ვადაში ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, ამდენად, იგი ვალდებული იყო, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა საზოგადოების დირექტორის, შესაბამისი რწმუნებულებით აღჭურვილი პირის ან თავად საზოგადოების თანამშრომლის მიერ, რაც არ განხორციელებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ 2000-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე