საქმე №ას-1074-1025-2013 10 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. მ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.შ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ას მიმართ მორალური ზიანის – 10 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა, გარკვეული უთანხმოების გამო, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. მოპასუხემ გაავრცელა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, რომლებიც აკნინებს ლ.შ-ას რეპუტაციას საზოგადოებაში. აღნიშნულის გამო, მას მიადგა მორალური ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ. შ-ის მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა, რაც თ.მ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა 1000 ლარი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებ ოდენობას არ შეესაბამება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. მ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისას არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო საჩივრით მხარე არ ითხოვდა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის შეცვლას, არამედ უთითებდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მორალური ზიანი არ მიუყენებია.
სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და განსახილველი საქმე ჩათვალა ქონებრივ დავად ფულის გადახდევინების შესახებ. ფაქტობრივად, დავის საგანს წარმოადგენს არამატერიალური სიკეთე, – პირის პატივი და ღირსება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით თ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 365-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ქონებრივ დავას, რა დროსაც დავის საგნის ღირებულებაა 1000 ლარი.
საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას ხელმძღვანელობს რა პირველი ინსტანციისათვის დადგენილი ნორმებით, თანხის გადახდევინების თაობაზე მიმდინარე დავების დროს სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას ადგენს გადასახდელი თანხის ოდენობის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში თ. მ-ამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ლ. შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულიად სწორად ჩათვალა, რომ დავა მიმდინარეობდა თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით და სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება მართებულად განსაზღვრა 1000 ლარით. მითითებული ოდენობა კი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, არ არის საკმარისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ განსახილველი დავის საგანია არა თანხის გადახდევინება, არამედ არამატერიალური სიკეთის – პატივისა და ღირსების დაცვა. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე წარდგენილი სარჩელით ლია შელია ითხოვდა სწორედ თანხის (10000 ლარის) ანაზღაურებას, ხოლო არამატერიალური სიკეთის ხელყოფის ფაქტის დადგენა და შეფასება მხოლოდ სადავო თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს თ. მ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე