Facebook Twitter

საქმე №ას-11-11-2014 5 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ი-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის დავალდებულება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. ი-ის მიმართ განქორწინების, არასრულწლოვანი შვილების: თ, რ. და გ. ი-ის სასარგებლოდ 20-20 ლარის დაკისრების, თ. ი-ის მკურნალობის ხარჯების ნახევრის დაკისრებისა და მეუღლის საცხოვრებელი სახლიდან 2 იზოლირებული ოთახის გამოყოფის მოთხოვნით.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი განქორწინების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სარჩენად ალიმენტის სახით 2001 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად თითოეულის სასარგებლოდ დაეკისრა 15-15 ლარის გადახდა, მოსარჩელეს ასევე გამოეყო ხ. ი-სა და მისი დედის - ღ-ის სამოთახიანი ბინიდან ერთი ოთახი ურთიერთშეთანხმებით, განქორწინების მოწმობის ხარჯი დაეკისრა მოპასუხეს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხ. ი-ს არასრულწლოვანი შვილების: თ., რ. და გ. ი-ის სასარგებლოდ, სრულწლოვანების მიღწევამდე დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს 20-20 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეს იზოლირებულად გამოეყო 2 ოთახი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-ი მდებარე ვ. ღ-ის სახელზე რიცხული ბინიდან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა არასრულწლოვანი თ.ი-ის მკურნალობის გამო ი.ბ-ის მიერ გაწეული ხარჯის ნახევრის - 1000 ლარის ანაზღაურება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საქმეში წარმოდგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამო 2003 წლის 29 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ასლი, რომელიც იმავე დღეს ჩაიბარა ი.ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით ვ. ღ-ის განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს გამოეყო საცხოვრებელი სახლის 2 ოთახი და ამ ნაწილში განახლდა სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 2-ოთახიანი ბინის გამოყოფის ნაწილში უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში 2008 წლის 7 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით, რომლითაც ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2013 წლის 26 ივლისს ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატისა და დამოწმებული გადაწყვეტილების გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ი. ბ-ეს უარი ეთქვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 თებერვლის №2ბ/2753-2001 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემაზე შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 2671 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადების შესწავლით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ი. ბ-ის სარჩელი და ხ. ი-ს არასრულწლოვანი შვილების თ., რ. და გ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 20 ლარის ოდენობით თოთოეულზე - სრულწლოვანების მიღწევამდე, მასვე გამოეყო იზოლირებული 2 ოთახი ვ. ღ-ის სახელზე რიცხული ბინიდან, მდებარე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-ი. ხ.ი-ს დაეკისრა ი.ბ-ის სასარგებლოდ მის მიერ არასრულწლოვანი შვილის - თ. ი-ის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ნახევარი - 1000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2003 წლის 29 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ გასცა №2ბ/2753 სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ი. ბ-ის სასარგებლოდ.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის საფუძველი შეიძლება გახდეს სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვა, რის თაობაზეც მხარემ უნდა მიუთითოს განცხადებაში, ამასთან, უნდა დაადასტუროს რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

ი. ბ-ე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ განცხადებაში არ მიუთითებდა სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის თაობაზე, ამასთან, განცხადებაზე თანდართული მასალებიდან ირკვეოდა, რომ კრედიტორის (ი. ბ-ის) მიერ სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი იყო ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში 2003 წლის 27 ოქტომბერს და აღმასრულებლის მიერ განხორციელებულია გარკვეული სააღსრულებო ღონისძიებები ამ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რის შემდგომაც წარმოების მასალები გადაეცა არქივს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 29 სექტემბრის №2ბ/2753 სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის ფაქტობრივი საფუძველი და განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება, გასცეს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებაზე და განმარტა, რომ 2013 წლის 29 სექტემბერს მართლაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღმასრულებელს რაიმე სააღსრულებო ქმედება არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს და სწორედ ამ საფუძვლით უნდა განიმარტოს, თუ რა სახის ღონისძიებებია განხორციელებული. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, თუ რის საფუძველზე გადაეცა სააღსრულებო ფურცელი არქივს თუ ეს გარემოება მართლაც ასეა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილია აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები, ნორმის რომელიმე დანაწესის არსებობის შემთხვევაში, აღმასრულებელს უნდა ეცნობებინა კრედიტორისათვის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ი.ბ-ეს, როგორც კრედიტორს, ამ სახის გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. მისთვის ასევე არ უცნობებიათ ამავე კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცლის ან აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და არ მიეღო გადაწყვეტილება მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებაზე დაყრდნობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით ი. ბ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემული კერძო საჩივრის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.

სააპელაციო პალატამ განმცხადებლის (კრედიტორის) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ ი. ბ-ის სასარგებლოდ და ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღმასრულებელს გარკვეული ქმედებები აქვს განხორციელებული.

საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო წარმოების საქმის ასლების შესწავლით საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ დასკვნას, რაც შეეხება ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროს ხ. გ-ის წერილობით პასუხს, ამ დოკუმენტის შესწავლით ირკვევა, რომ სააღსრულებო ბიუროში 2003 წლის 27 ოქტომბერს დარეგისტრირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 13 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორი ი. ბ-ა, ხოლო მოვალე ხ. ი-ი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე დაარქივებულია და არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ მხარეს არ დაუსაბუთებია სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის ფაქტი და ის გარემოება, რომ სააღსრულებო წარმოება ამ სააღსრულებო ფურცლის გამო არ მიმდინარეობს.

კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მსჯელობა საქმის მასალების კვლევას არ ემყარება, საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი მართლაც წარდგენილ იქნა სააღსრულებო ბიუროში, თუმცა აღმასრულებელს რაიმე სააღსრულებო ქმედება არ განუხორციელებია, ამასთან, კრედიტორისთვის არც სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ უცნობებით და არც სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება დაუბრუნებიათ, რაც, კერძო საჩივრის ავტორის შეფასებით, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის წინაპირობაა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმადაც, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულებას ასევე ახორციელებს კერძო აღმასრულებელი.

იმისათვის, რათა აღსრულებას დაქვემდებარებული აქტის იძულებითი აღსრულება განხორციელდეს, კრედიტორმა უნდა დაიცვას კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სააღსრულებო ბიუროს უნდა წარედგინოს სააღსრულებო ფურცლის დედანი (გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა).

მოცემულ შემთხვევაში მხარე სადავოდ არ ხდის რა იმ გარემოებას, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია სააღსრულებო ბიუროში, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობს მისი დუბლიკატის გაცემის საჭიროება, რადგანაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დუბლიკატის გაცემის ამ სპეციალური წესის შემოღება განაპირობა კრედიტორის უფლებამ, იძულებითი აღსრულების დაწყებამდე, სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის შემთხვევაში, მიიღოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომელიც იმავე იურიდიული ძალის მატარებელია, როგორისაც დედანი და დუბლიკატის წარდგენით მოითხოვოს აღსრულების დაწყება. ისეთ ვითარებაში, როდესაც სააღსრულებო ფურცლის დედანი უკვე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, აღარ არსებობს მისი განმეორებით გაცემის წინაპირობა. ამ წესის საწინააღმდეგოდ, დუბლიკატის გაცემის აუცილებლობას ვერ განაპირობებს ის ფაქტიც, რომ კრედიტორს არც სააღსრულებო ფურცელი ან აღსასრულებელი გადაწყვეტილება დაბრუნებია და არც სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე უცნობებიათ. უფრო მეტიც, ის გარემოება, რომ სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობს, მხარეს აძლევს შედავების უფლებას აღმასრულებელი ორგანოსადმი, სათანადო წინაპირობების არსებობისას, მოითხოვოს მისი უფლების რეალიზაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის წინაპირობები, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე