№ას-116-111-2014 14 მარტი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ი ქ-ის წარმომადგენელმა მ. ვ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების შპს „ა+“, შპს „ა-ის“, ა. ო-ას წინააღმდეგ, ხელშეკრულების მოშლის, თანხის, პირგასამტეხლოს დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2013 წლის 19 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის საფუძველზეც გ.ი ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოიშალა მოსარჩელე გ. ქ-ს და მოპასუხეებს იმა ა. პ-ს და შპს „ა+“ შორის 2007 წლის 20 ივლისს № აპ 1-294 გაფორმებული ხელშეკრულება; მოპასუხე შპს „ა+-ს“ მოსარჩელე გ.ი ქ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 178 615.33 ლარი; მოპასუხე შპს „ა+ -ს“ მოსარჩელე გ.ი ქ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო - 23 041.12 ლარი და ზიანის ასანაზრაურებლად 35 950 ლარი.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ა+-მა“ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმა „ა. პ-ის“ წევრმა ა. გ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება შეეხება იმა „ა. პ-ის“ ინტერესებს, ამხანაგობის წევრები კი საქმეში ჩაბმული არ ყოფილან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.06.2013წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არც იმა „ა. პ-ს“ და არც მის წევრს ა. გ-ეს საჩივრით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, არ არსებობს უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში ამხანაგობის წევრ ა. გ-ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ა. გ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს პირს, რომლის ინტერესებსაც გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება, თუნდაც ეს პირი ჩაბმული არ იყოს საქმეში. ეს საკითხი განმარტებული აქვს საქართველოს უზენაეს სასამართლოსაც, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იქნა საჩივარი წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმე იმყოფებოდა სააპელაციო სასამართლოში, შესაბამისად, პირველ ინსტანციაში გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ა. გ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქმეში თანამოპასუხედ ან მესამე პირად ჩაბმა მოითხოვოს.
საკასაციო სასამართლო იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ გ. ქ-მა ერთ-ერთ მოპასუხედ იმა „ა. პ-იც“ დაასახელა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იმგვარად მიიღო, რომ არც კი შეუმოწმებია, ჩაბარდა თუ არა „ა. პ-ს“ სარჩელი და თანდართული მასალები, ან იყო თუ არა ეს უკანასკნელი მოწვეული კანონით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე. უფრო მეტიც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში „ა. პ-ი“ მხარედ საერთოდ არაა მითითებული, მაშინ როდესაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ფორმულირებულია შემდეგნაირად: „მოიშალოს მოსარჩელე გ. ქ-ს და მოპასუხეებს იმა ა. პ-ს და შპს ”ა +” შორის 2007 წლის 20 ივლისს № აპ 1-294 გაფორმებული ხელშეკრულება.“ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საკითხებზე ყურადღებას თბილისის სააპელაციო სასამართლოც ამახვილებს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის ხელახლა განმხილველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე