Facebook Twitter

№ას-1260-1202-2013 11 მარტი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „დ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-მა სარჩელი აღძრა ოზურგრთის რაიონულ სასამართლოში შპს „დ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „დ-ს“ ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 123 872 ლარი, სარჩელი, მოპასუხისათვის 5622 ლარისა და მორალური ზიანის – 15000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგელოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი - 1000 ლარის, ექსპერტიზის ჩასატარებლად შესრულებული სამუშაოსათვის – 700 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3716.16 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „დ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ნ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „დ-ს“ ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 123 872 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „დ-ს“ ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 87 972 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „დ-ის“ სააპელაციო საჩივარი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „დ-მა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა: ა) უფლებამოსილი პირის მიერ ხელოწერილი კერძო საჩივარი, რომელსაც თან უნდა დართვოდა შესაბამისი მტკიცებულება, რაც კანონით დადგენილი წესით მიანიჭებდა უფლებამოსილ პირს შპს „დ-ის“ სახელით გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება); ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და გ) შპს „დ-ის“ ზუსტი მისამართი. აღნიშნული განჩინება სანოტარო წესით დამოწმებულ თურქულენოვან თარგმანთან ერთად გაეგზავნა შპს „დ-ს“ 2014 წლის 21 იანვარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა ადრესატს 2014 წლის 10 თებერვალს (იხ. შპს „საქართველოს ფოსტის“ წერილი, ტ.III, ს.ფ.73).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 11 თებერვალს და ამოიწურა 2014 წლის 17 თებერვალს (15 და 16 თებერვალი იყო დასვენების დღე). სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „დ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი